ნატოს გენერალური მდივანი თვლის, რომ ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობამ შარშან მნიშვნელოვნად წაიწია წინ უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელების ჭრილში და რომ დაახლოების პროცესი არ შეჩერდება. ამ შინაარსის განცხადება იენს სტოლტენბერგმა 8 ოქტომბერს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გააკეთა. ღონისძიებას, რომლის განრიგი მოიცავდა ნატო–საქართველოს კომისიის სხდომას „28+1“–ის ფორმატით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ესწრებოდა. რა მოლოდინი აქვს თინა ხიდაშელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან და რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი?
ჩვენ ვასრულებთ უელსის სამიტზე დამტკიცებული „არსებითი პაკეტის“ მოთხოვნებს: აგვისტოში გავხსენით ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, მანამდე – ივლისში –საქართველოში ჩავატარეთ მრავალეროვნული წვრთნა („Agile Spirit ), – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა 8 ოქტომბერს ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყების წინ. იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ნატოს წევრმა 20–მა ქვეყანამ გამოხატა მზადყოფნა მიავლინოს პერსონალი საქართველოში, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრში, და დაეხმაროს საქართველოს თავდაცვითი სფეროს რეფორმების პროცესში:
„უმნიშვნელოვანესი საქმეა საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებით, და მას აქვს უფლება თავად განსაზღვროს თავისი მომავალი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. რუსეთი კვლავაც ხელყოფს საქართველოს საზღვრებს. ნატო მოუწოდებს რუსეთს უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გადაწყვეტილება“.
ნატო-საქართველოს კომისიის „28+1“–ის ფორმატში გამართული შეხვედრის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, საქართველოც ასრულებს პირობას და აგრძელებს რეფორმირების პროცესს, ხოლო თავდაცვის მინისტერიალის დასკვნით პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა დააზუსტა, რომ წარმატებულ რეფორმებში იგულისხმება როგორც უშუალოდ თავდაცვის სფეროსა და სამხედრო ძალების მოდერნიზება, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირება, დამოუკიდებელი სასამართლოს დამკვიდრება თუ კანონის უზენაესობის განმტკიცება.
იენს სტოლტენბერგმა საქართველო 8 ოქტომბერს თავდაცვის მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეც ახსენა და თქვა, რომ საქართველომ და ნატომ მიაღწიეს „უზარმაზარ პროგრესს“ თავიანთ პარტნიორულ ურთიერთობებში გასული წლის განმავლობაში და რომ არის რეალური შესაძლებლობები ახლო თანამშრომლობის განსავითარებლად.
წინ არის დეკემბრის მინისტერიალი, რომელიც ძალიან პოზიტიური იქნება. მაღალი ალბათობით, ეს იქნება გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი – ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ „ღია კარის პოლიტიკა“ ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები...თინა ხიდაშელი
ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობები, ალიანსის მხრიდან დაინტერესების ფონზე, ასევე იმედისმომცემად მიაჩნია საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, რომელიც 7 ოქტომბერს ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდა. ამ შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც მონაწილეობდა. პარალელურად, ბრიუსელში მყოფი თინა ხიდაშელი შეხვედრებს მართავდა ნატოს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრებთან. მაგალითად, როგორც თინა ხიდაშელმა 8 ოქტომბერს საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ ჟან-ივ ლე დრიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საფრანგეთი ლიდერი ქვეყანა გახდება „არსებითი პაკეტის“ განხორციელების გზაზე და, კერძოდ, საქართველოს საჰაერო თავდაცვის სეგმენტში დაეხმარება. მანამდე საფრანგეთი არ აქტიურობდა საქართველოს თავდაცვის სფეროში პარტნიორობის კუთხით. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ეს შედეგი ივნისში პარიზში გამართულ შეხვედრას მოჰყვა და, ზოგადად, აუცილებელია ინტენსიური კომუნიკაცია ნატოს წევრ სახელმწიფოებთან მომავალი წლის ვარშავის სამიტზე კონკრეტული შედეგის მისაღებად. თუმცა, როგორც 7 ოქტომბერს იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარით ირკვევა, მინისტრ ხიდაშელის იმედები ასევე უკავშირდება ამ წლის ბოლოსთვის დაგეგმილ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას:
„წინ არის დეკემბრის მინისტერიალი, რომელიც ძალიან პოზიტიური იქნება. მაღალი ალბათობით, ეს იქნება გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი – ნატო დაადასტურებს კიდევ ერთხელ, რომ „ღია კარის პოლიტიკა“ ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოსაც, ბუნებრივია, რომ შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით ჩვენთვისაც გარანტირებული იქნება“.
პირადად მე არ მახსენდება შემთხვევა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ რომელიმე წევრი ნატოში მიეღოთ MAP–ის გვერდის ავლით...ზაალ ანჯაფარიძე
როგორც თინა ხიდაშელმა ბოლო დღეებში არაერთხელ განმარტა, ის ისურვებდა, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გვერდის ავლით მოემზადოს ნატოში ინტეგრაციისთვის, მაგრამ, თუკი ასეთი დაპირების მიღება არ მოხერხდება მომავალი წლის ვარშავის სამიტზე, მაშინ საქართველოს უნდა გადაეცეს MAP-ი და ამით უნდა შესრულდეს მთავარი ამოცანა, რომაღარ არსებობდეს შუალედური ბარიერები საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე.
არავითარი სხვა გზა არ არსებობს, MAP–ის მიღება აუცილებელი იქნება, – ვარაუდობს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნავს, ამ მხრივ გადაჭარბებული მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ:
„პირადად მე არ მახსენდება შემთხვევა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომ რომელიმე წევრი ნატოში მიეღოთ MAP–ის გვერდის ავლით, რადგანაც MAP–ი (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური კომპონენტი იმისათვის, რომ კონკრეტული სახელმწიფო მომზადდეს ნატოს წევრობისთვის. MAP-ი მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს იმისათვის, რომ ქვეყანა მიიყვანოს იმ კონდიციამდე, როდესაც ის მზად იქნება ალიანსში გასაწევრიანებლად“.
ზაალ ანჯაფარიძე ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს პროგნოზების გაკეთებას მომავალი წლის ვარშავის სამიტთან დაკავშირებით – მით უმეტეს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება. დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ნატო-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს შიდაპოლიტიკურმა პროცესებმა და, მათ შორის, 20016 წლის არჩევნების შედეგებმაც.
რაც შეეხება თავდაცვის მინისტერიალის შედეგებს, 8 ოქტომბერს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა კმაყოფილებით აცნობა მედიის წარმომადგენლებს, რომ ნატოს თავდაცვის მინისტრებმა მწვანე შუქი აუნთეს სწრაფი რეაგირების ძალების სამოქმედო დასრულებულ გეგმას, მართვისა და კონტროლის მექანიზმების ჩათვლით. გადაწყვეტილია, რომ ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობა 40 000–მდე გაიზრდება და ალიანსის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად შექმნილი ეს დანაყოფი შეძლებს იმოქმედოს სწრაფად და მოქნილად – საფრთხეების შესაბამისად. ამასთან, მინისტერიალის ფარგლებში გადაწყდა, მაგალითად, ისიც, რომ დაფუძნდება ნატოს ძალების საინტეგრაციო ორი ახალი კვანძი და ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში უკვე არსებულ ცენტრებს უნგრეთისა და სლოვაკეთის ცენტრები დაემატება. საფრთხეებზე საუბრისას, საგანგებო ყურადღება ეთმობა სირიას, სადაც, ნატომ რუსეთი ოპოზიციურ ძალებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში ამხილა. იენს სტოლტენბერგი მოუწოდებს რუსეთს, თავი აარიდოს დაძაბულობის ესკალაციას და შეწყვიტოს ასადის რეჟიმის დახმარება, ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის ნაცვლად.