Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა ნატოს კვირეული


თბილისში, „ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმით“ გაიხსნა ნატოს კვირეული, რომელიც 19 აპრილამდე გასტანს. „სახალხო დიპლომატიის ფორუმში,“ რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, ქვეყნის ხელისუფლების, ნატოს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ქართველი და უცხოელი ექსპერტები მონაწილეობენ. ფორუმის დღის წესრიგშია სახალხო დიპლომატიის და კომუნიკაციის სფეროში არსებული უახლესი ტენდენციები და გამოწვევები.

თბილისში, „ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის ფორუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ პარტნიორების და მეგობრების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია საქართველოს ტრანსფორმაცია ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ და შემდგომი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა შეინარჩუნოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის დადებითი დინამიკა და ნატო-საქართველოს ურთიერთობები გახადოს შინაარსობრივად კიდევ უფრო დატვირთული. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ მიმათულებით საქართველოს აქვს პროგრესი და ხელშესახები შედეგები. პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, საქართველო როგორც ასპირანტი ქვეყანა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ნატოსთან კავშირების გამყარებას და ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებსა და მისიებში მონაწილეობით ასრულებს მნიშვნელოვან ვალდებულებებს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველო ელოდება მნიშვნელოვან პროგრესს როგორცპოლიტიკური, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით და იმედი აქვს, რომ ქვეყანა მკაფიო გზავნილს მიიღებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, ქვეყნის სწრაფვა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ არ ნიშნავს ვინმეს წინააღმდეგ წასვლას. "დღეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები და მასშტაბები, რომელთა წინაშეც დადგა მსოფლიო, ალიანსის წევრებისა და პარტნიორებისგან მოითხოვს სტრატეგიული კომუნიკაციის გაუმჯობესებას. ეს არის ეფექტიანი ბრძოლის საშუალება ევროატლანტიკურ სივრცეში და მის საზღვრებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. ამიტომაც იქცა სტრატეგიული კომუნიკაცია ჩვენი პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან გამოთქვა რწმენა, რომთბილისის ფორუმი ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებას და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიებისა და მიდგომების შემუშავებას.

XS
SM
MD
LG