7 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „თბილისი რუმსში“, გაიხსნა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში", რომელსაც „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისათვის“ და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) მასპინძლობენ. კონფერენციის მონაწილეებს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა აერთიანებთ, ამ ღონისძიების მიზანი კი საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერების თავმოყრა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის შესახებ დისკუსიაა.
უსაფრთხოება, ეკონომიკა, თავისუფლება და ადამიანის უფლებები - ის, რაც თავისუფალ და მშვიდობიან ევროპას აერთიანებს - არის მთავარი თემები საერთაშორისო კონფერენციისა, რომელიც თბილისში 7 სექტემბერს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება. წარმომადგენლობითი კონფერენცია, რომელსაც არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპის ქვეყნებიდან, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა, და პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკას დიდი დარტყმების გადატანა მოუხდა და თბილისიდან 40 კილომეტრში კვლავ რუსული საოკუპაციო ძალები დგანან, საქართველო და ქართული საზოგადოება წინსვლას და განვითარებას განაგრძობს, გეზი კი დასავლეთისაკენ უჭირავს.
„საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირეა, იმისდა მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოს მთავრობის სათავეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.
საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი, აშშ-ის ევროპის არმიის სარდალი ბენ ჰოდჯესი, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეს პილდეგოვიჩი, ევროკავშირის ყოფილი კომისარი გაფართოების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ელჩი ლატვიაში იან ბონდი, იტალიის პრეზიდენტის ყოფილი საერთაშორისო მრჩეველი სტეფანო სტეფანინი, აშშ-ის ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ლილია შევცოვა და სხვები, სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
როგორც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხორციელებაში შესამჩნევ პროგრესს მიაღწიეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა, ჩეხეთმა, რაც შეეხება საქართველოს, უკრაინასა და მოლდავეთს, ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ დიდი გამოუყენებელი პოტენციალია და მეტის გაკეთებაა საჭირო. ამ კონფერენციის მიზანიც ეს არის, გვითხრა კურტ ვოლკერმა, რომ შემუშავდეს ერთგვარი გეგმა - რისკენ უნდა წავიდეს საქართველო, რისი კეთება სჭირდება მას და რა არის საჭირო დასავლეთისგან:
„ვფიქრობ, საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია. თუ გადავხედავთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, ყველა ეს ქვეყანა დღეს დემოკრატიის საბაზისო პრინციპებისათვის იბრძვის, საქართველოს კი ეს გზა უკვე დიდი ხნის გავლილი აქვს, ახლა სერიოზული რეფორმების გატარების პროცესშია, თუმცა ნათელია, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ყველანი ვხედავთ, რომ საქართველოს ტერიტორია არის რუსეთის მიერ ოკუპირებული, მაგრამ საქართველო არის ევროპის ნაწილი, დასავლური მენტალიტეტის ნაწილი, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის, საბაზრო ეკონომიკის თუ დემოკრატიის სხვა პრინციპების გათვალისწინებით. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველომ შეძლოს თავისი პოტენციალის სრულად რეალიზება“.
რადგან საქართველო ევროპის ნაწილია, კონფერენციაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოების პრობლემებს შეეხება. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ რუსეთთან ურთიერთობის საკითხსაც, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, აუცილებელია ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, ხოლო ვარშავის სამიტზე ნატოსთან ურთიერთობაში მომდევნო მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ გადადგმა, რისი ყველა წინაპირობაც აქვს საქართველოს:
„ყველა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ატარებს ძალიან პრინციპულ, ძალიან გონიერ და სწორ პოლიტიკას როგორც მეგობრებთან ურთიერთობაში, ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისე მტრებთან ურთიერთობაში. მე არ გამოვრიცხავ ცალკეული პრობლემების არსებობასაც, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მოქმედ ხელისუფლებას და ყველას საქართველოში მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ თუ ჩვენ ოდნავ მაინც გადავუხვიეთ ამ კურსიდან, მაშინ ყველაფერი უკუღმა წავა“.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა აშშ-ის ევროპის არმიის სარდლის, გენერალ ბენ ჰოდჯესის გამოსვლის რამდენიმე აქცენტი, როდესაც ის რუსეთის პროვოცირების თაობაზე მსოფლიოში მოარულ არგუმენტების საკითხს შეეხო:
„მან ძალიან ნათლად, სამხედროსათვის დამახასიათებელი პირდაპირობით თქვა, რუსეთს პროვოცირება არ სჭირდება, ის უკვე 20 წელია აგრესიით არის დაკავებულიო. და ვფიქრობ, როდესაც ამერიკელი გენერლისგან ასეთ ფრაზას ისმენ, ეს ძალიან ბევრი რამის მანიშნებელია. როდესაც ის საუბრობდა მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, თქვა, რომ ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგისა იქნება ისიც, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჩამოვლენ ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე გამომგზავრების ადგილიდან. ასევე საყურადღებოა ფრაზა, რომელიც მან გამოიყენა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ძალიან მრავლისმეტყველი იყო“.
ბენ ჰოდჯესმა თავისი გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, ნაწილია იმ ტერიტორიისა, სადაც აშშ-ს სურს იყოს სტაბილურობა და უსაფრთხოება“.
ჯერჯერობით, მიუხედავად რუსეთის აქტივობისა, ბოლო ათწლეულის ტენდენცია მაინც ის არის, რომ საქართველო უფრო მეტად უახლოვდება დასავლეთს, ვიდრე შორდება. თუმცა, ამავე დროს, ვხედავთ როგორ ძლიერდება რუსეთის თავგანწირული მცდელობები ეს ტენდენცია გარდატეხოს, რისთვისაც ჯერ არ მიუღწევია...გია ნოდია
კონფერენციის პირველ დღეს დისკუსიაში მონაწილეობდა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიაც. რადიო თავისუფლების კითხვაზე, თუ სად ხედავს ის საქართველოს ადგილს ევროპის ახალ გეოპოლიტიკურ სივრცეში და რა უმთავრესი ნაბიჯები აქვს ქვეყანას ამ გზაზე გადასადგმელი, ალასანიამ ასე გვიპასუხა:
„მთავარია იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ გავხადოთ საქართველო უფრო დაცული, რა სამხედრო და თავდაცვითი შეიარაღება სჭირდება საქართველოს, რომ მას ჰქონდეს შემაკავებლის ეფექტი რუსეთის აგრესიის პირისპირ და მესამე და მთავარი, როგორ გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % არის ოკუპირებული. რაც შეეხება საქართველოს ადგილს, ჩვენი ადგილი არის განუყოფლად ევროპაში, ჩვენ აქეთ მივდივართ 25 წელია და ბევრი სისხლი და ოფლი დავღვარეთ ამ გზაზე, ამ ადგილის მოსაპოვებლად, ვიმსახურებთ ამ ადგილს და ახლა მთავარია გვქონდეს ამ ადგილზე მისასვლელად ძალიან კარგად გათვლილი გეგმა“.
პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებული იქნება დასავლეთზეც და, ბუნებრივია, საქართველოზეც, რადგან, მისი აზრით, ამ კურსთან მიმართებით ქვეყანაშიც აღარ არის ისეთი ერთიანობა, როგორიც აქამდე იყო. ხელისუფლების პოლიტიკას, ამ მხრივ, თანმიმდევრულობა აკლია, ამასობაში კი საქართველო, უკრაინასა და მოლდავეთთან ერთად, ერთგვარ საჯილდაო ქვად რჩება რუსეთსა და დასავლეთს შორის:
„ჯერჯერობით, მიუხედავად რუსეთის აქტივობისა, ბოლო ათწლეულის ტენდენცია მაინც ის არის, რომ საქართველო უფრო მეტად უახლოვდება დასავლეთს, ვიდრე შორდება. თუმცა, ამავე დროს, ვხედავთ როგორ ძლიერდება რუსეთის თავგანწირული მცდელობები ეს ტენდენცია გარდატეხოს, რისთვისაც ჯერ არ მიუღწევია“.
საერთაშორისო კონფერენცია დისკუსიების რეჟიმში 8 სექტემბერსაც გაგრძელდება. როგორც კონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, კონფერენციის დასრულების შემდეგ შემუშავდება და გამოქვეყნდება სარეკომენდაციო სახის სამოქმედო გეგმაც, რომლის მთავარი მიზანი განვითარებადი დემოკრატიების უფრო ქმედითი მხარდაჭერა იქნება და ამ ქვეყნებს შესაძლებლობას მისცემს უფრო აქტიურად დაუახლოვდნენ ტრანსატლანტიკურ ინსტიტუტებს.