Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საირიგაციო სისტემების მართვის ეფექტიანობა


გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში - „საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებები“. მოსმენის ფარგლებში ჩატარდა პრეზენტაცია საირიგაციო სისტემის მართვის ღონისძიებათა ეფექტიანობის აუდიტის ძირითადი შედეგების თაობაზე, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საირიგაციო მომსახურების მიწოდება, ირიგაციის სახელმწიფო პოლიტიკა, საირიგაციო მომსახურების ფასის სტრუქტურა და რაოდენობა, ფერმერთა ორგანიზების საკითხები და გარემოსდაცვითი მოსაზრებები, ასევე ეფექტიანობის აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციები.

იმის გათვალისწინებით, რომ საირიგაციო ინფრასტრუქტურული პროექტები სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტად არის გამოცხადებული, ხოლო 2012 წლიდან 2014 წლის აგვისტომდე პერიოდში სახელმწიფომ 90 მილიონის ინვესტირება განახორციელა, საინტერესოა მიმოვიხილოთ აუდიტის სამსახურის დასკვნები და რეკომენდაციები ამ მიმართულებით.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ არსებობს გაუმჯობესების მნიშვნელოვანი პოტენციალი როგორც არსებული საირიგაციო რესურსის პროდუქტიულად გამოყენების შედეგად უფრო მეტი ფართობის მომსახურების, ისე თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების ფორმირების თვალსაზრისით. კერძოდ, შერჩეული ოთხი სისტემური სამმართველოს შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ აუდიტის პერიოდში შპს „გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიას“ არ ჰქონდა შემუშავებული და პრაქტიკაში დანერგილი პროცედურები, რომლებიც საირიგაციო მომსახურების საიმედო და სამართლიან მიწოდებას უზრუნველყოფდა.

აღნიშნული პროცედურების არქონისა და საირიგაციო არხებში წყლის მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის/სარეგულაციო ფარების სუსტი კონტროლის ან კონტროლის მთლიანად არარსებობის გამო, საირიგაციო მომსახურება მომხმარებლებს მიეწოდებოდათ არაპროდუქტიულად და არათანაბრად. კერძოდ, არხის სათავე ნაგებობასთან მიმდებარე მიწის ნაკვეთები მოიხმარდნენ საკუთარ საირიგაციო საჭიროებაზე გაცილებით მეტ წყალს, მაშინ როდესაც არხის შუა და ბოლო მონაკვეთებზე წყლის მიწოდება არასაკმარისი და არასაიმედო იყო.

აუდიტის პერიოდში არ ყოფილა განსაზღვრული თანმიმდევრული სახელმწიფო საირიგაციო პოლიტიკა, რომელიც მკაფიოდ ჩამოაყალიბებდა საირიგაციო პოლიტიკის მიზნებსა და მათ თანაფარდობას. საირიგაციო სექტორის ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუდიტის პერიოდში სახელმწიფო თითქმის მთლიანად აფინანსებდა შპს „გაერთიანებული სამელიორაციო კომპანიის“ როგორც კაპიტალურ, ისე მიმდინარე ხარჯებს. მიუხედავად შპს–ს წინაშე მდგარი ორი, ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო, მიზნისა, - მოგების მაქსიმიზება და ხელმისაწვდომი და საიმედო საირიგაციო მომსახურების მიწოდება, - მის მმართველ პარტნიორს, სამინისტროს, არ განუსაზღვრავს, თუ ამ ორი მიზნის რა თანაფარდობაა სასურველი სახელმწიფოსთვის.

საირიგაციო მომსახურებისთვის დადგენილი ფიქსირებული ტარიფი მოუქნელია,რამდენადაც გაიანგარიშება, როგორც ერთჯერადი გადასახადი, 75 ლარის ოდენობით 1 ჰექტარზე, მორწყვის ჯერადობის მიუხედავად, და, შესაბამისად, არ არის დამოკიდებული მოხმარებული წყლის რაოდენობაზე. აღნიშნული არ შეესაბამება საირიგაციო ტარიფის განსაზღვრის უკეთეს საერთაშორისო პრაქტიკას. ასევე, ტარიფის აბსოლუტური რაოდენობა არ ემყარება კონკრეტულ გაანგარიშებას და არ არის კავშირში წყლის მიწოდების თვითღირებულებასთან.

გაითვალისწინებენ თუ არა აუდიტის სამსახურის მიერ შემუშავებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს აღნიშნული სფეროს პოლიტიკის შემმუშავებლები, ამას მომავალი გვიჩვენებს.

XS
SM
MD
LG