Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საექსპორტო პოტენციალი


ქართული ღვინის სტენდი
ქართული ღვინის სტენდი

საქართველოს სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2014 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები, რომელშიც ძირითადი ტენდენციები საექსპორტო ქვეყნებთან მიმართებაში უცვლელი რჩება, თუმცა საკმაოდ საინტერესოა თავად საექსპორტო პროდუქციის სტრუქტურა, რომელზეც დღეს უფრო დეტალურად შევჩერდებით.

2014 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა: 409 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 219 მლნ. აშშ დოლარს, ხოლო მისი წილი მთლიან ექსპორტში - 10 პროცენტს. მესამე ადგილზე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ჯგუფი დაფიქსირდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 201 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 9 პროცენტი შეადგინა.

საინტერესოა, რომ საექსპორტო პროდუქციის მეორე სამეული უკვე კვების მრეწველობის სფეროდანაა: ნატურალური ღვინოები, მინერალური წყალი და თხილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თხილი, რომელიც, ნატურალური ღვინოებისგან განსხვავებით, არ სუბსიდირდება და მისი ბაზარიც, ძირითადად, თურქეთის გავლით, ევროკავშირია. კერძოდ, 2014 წლის იანვარ-სექტემბერში, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი 30%-ით გაიზარდა.

2014 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის სახით ქვეყნიდან 107,2 მილიონი აშშ დოლარის თხილი და კაკალი გავიდა, 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 82,44 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების.

გაიზარდა ქართული თხილის ექსპორტის წილიც მთლიან ექსპორტში და დღეს უკვე მთლიანი ექსპორტის 5 პროცენტს შეადგენს. თუ ამას შევადარებთ, მაგალითად, ღვინის მაჩვენებელს, ნატურალური ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი მთლიან ექსპორტში სულ 6,1 პროცენტია, ანუ მეორე ლიდერი საექსპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი სულ 1 პროცენტით ჩამოუვარდება ღვინოს.

ამასთან, ღვინის ექსპორტის ზრდა ბოლო ორი წლის მანძილზე რუსეთის პოლიტიკაზე დამოკიდებული ბაზრის ხელმისაწვდომობის გაზრდით იყო გამოწვეული და, შესაბამისად, ეს საკმაოდ მყიფე მიღწევაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღვინო სუბსიდირებადი სფეროა. მაგალითად, გასულ წელს შეღავათიანი კრედიტით საკმაოდ ბევრმა მეღვინემ ისარგებლა. გაიცა 50 მილიონამდე ლარის სესხი. გარდა ამისა, წინა ხელისუფლების მსგავსად, ახალმა ხელისუფლებამ რთვლის სუბსიდირება განაგრძო, თუმცა განახლებული მიდგომებით: თუ წინა პერიოდში სუბსიდირება ვაუჩერიზაციის გზით ხდებოდა და ვაუჩერი გლეხს ეძლეოდა, ახლა მოხდა საწარმოების სუბსიდირება, რათა წახალისებული იყოს მათ მიერ ყურძნის შესყიდვა. ამასთან, სახელმწიფოს კონტროლქვეშ არსებული კომპანიები ყურძნის ძირითადი შემსყიდველები აღარ არიან.

საქართველოს თხილის ბაზარი კი არასუბსიდირებადია, არც რუსული ბაზრის ხელმისაწვდომობაზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, ზრდას განაგრძობს. წელს ერთი კილო თხილის ფასმა შიდა ბაზარზე დაახლოებით 8,5 ლარსაც კი მიაღწია, რაც გაზრდილი მოთხოვნით იყო განპირობებული. მოთხოვნის ზრდა კი თურქეთში თხილის მოსავლის გაფუჭებამ გამოიწვია - თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის ინფორმაციით, ყინვებმა მიმდინარე წელს თხილის მოსავლის 80 პროცენტი გაანადგურა.

როგორც ქართული, ისე თურქული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირია. ამ სფეროს პოტენციალი თუნდაც იმიტომ აქვს, რომ, მაგალითად, დღეის მონაცემებით, თხილის საერთაშორისო საბაზრო ფასი 9 დოლარსაც კი აღწევს. საქართველოში კი იმდენი ხარისხიანი თხილის გაყიდვაა შესაძლებელი, რამდენის მოყვანაც მოხერხდება.

ამასთან, თხილი, თუ არსებობს შენახვის სათანადო პირობები, ნაკლებად ფუჭებადი სოფლის მეურნეობის პროდუქტია და მას განვითარების საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს ქვეყანაში.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ღვინის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაზე საქართველომ უარი უნდა თქვას. უბრალოდ, სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქტის გადახედვა კიდევ ერთხელ ნათელყოფს, რომ, ახალი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ქვეყანას აქვს პოტენციალი როგორც ბაზრების, ისე პროდუქტის თვალსაზრისით მეტი დივერსიფიცირება მოახდინოს.

XS
SM
MD
LG