Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლებამ საბიუჯეტო ქამარი არ შემოიჭირა


გასული წელი საქართველოს ეკონომიკისა და ვალუტისთვის ძალიან მძიმე წელი იყო, რაც, პირველ რიგში, ლარის კურსზე, შემდეგ კი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზეც აისახა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რჩევის თანახმად, ხელისუფლებას მაქსიმალურად უნდა შეემცირებინა საბიუჯეტო ხარჯები და რასაც საბიუჯეტო ხარჯი ვერ დააბალანსებდა, იქ არაპოპულარული ნაბიჯები უნდა გადაედგა - გაეზარდა გადასახადები და ფული ისევ მოსახლეობიდან „ამოეღო“. ხელისუფლებამ, ერთი შეხედვით, გააცნობიერა საფრთხე და ლარიზაციის გეგმა და საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაც დააანონსა, პირველ რიგში კი, ცხადია, ის თქვა, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ ხარჯებს შეამცირებდა და ამ გზით შეეწეოდა ლარს.

გადმოწერა

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებები ცხადყოფს, რომ საკუთარი შემოსავლებისთვის დარტყმის მიყენებას ხელისუფლებამ ხალხისგან ფულის ამოღება არჩია. მაგალითად, სოციალური დანახარჯები შეამცირა (უარი თქვა ჯანდაცვის სისტემის საყოველთაოობაზე); ნავთობსა და სიგარეტზე აქციზები გაზარდა, რითიც მოსახლეობას ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუძვირა; რიგით მომხმარებელს გაუძვირა სესხის აღება: თუ ერთი წლის წინ, საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, სესხი შეგეძლო დოლარში აგეღო და იპოთეკური სესხის პროცენტი შეგეძლო, მაგალითად, 7 % გქონოდა, ახლა 100 000 ლარამდე სესხს ლარში ვეღარ აიღებ და, შესაბამისად, იძულებული ხარ კრედიტის მინიმუმ 11 %-იან ფასსაც დასთანხმდე.

ამ ნაბიჯებმა, როგორც ხელისუფლება ამბობს და ლარის კურსსაც, თითქოს, ეტყობა, უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები და მოსახლეობიდან ფულის ამოღების ხარჯზე ლარის კურსი გაუმჯობესდა. თუმცა იყო თუ არა ასეთივე ეფექტიანი მთავრობა მაშინ, როცა ხალხის დანახარჯების გაზრდის პარალელურად საკუთარი საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებას გეგმავდა?

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ხელისუფლებას ადმინისტრაციული ხარჯები დაუთვალა და აღმოაჩინა, რომ ე.წ. ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 10 %-იან ზღვარს ვერ აღწევს.

2017 წელს მნიშვნელოვნად გაზრდილია რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (286 მლნ ლარით - 29 %) და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (167 მლნ ლარით - 17 %)დაფინანსება.

მთლიანობაში, შემცირებულია, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის შრომის ანაზღაურება 59 მილიონი ლარით (-4.04 %), თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება 10 %-იან ზღვარს ვერ აღწევს. ადმინისტრაციული ხარჯებიდან, რაც, უხეშად, შრომის ანაზღაურებისა და მომსახურების მუხლს მოიცავს, მხოლოდ შრომის ანაზღაურება მცირდება. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ე.წ. ადმინისტრაციული ხარჯები, ფაქტობრივად, 32 მლნ ლარით (1.3 %), ხოლო ნაერთი ბიუჯეტი (საპროგნოზო) 79 მლნ ლარით (2.5 %) მცირდება, ეს მაჩვენებელი კი 10 %-ს, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

XS
SM
MD
LG