Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა საბიუჯეტო ცვლილებების დეტალებს აქვეყნებს


საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა

მთავრობა ბიუჯეტის შემცირებაზე უარს ამბობს და თანხების შიდასაბიუჯეტო გადათამაშებით შემოიფარგლება. ამას მოწმობს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. ამ ინფორმაციამ წერტილი დაუსვა სულ ერთი დღის წინ გამართულ მსჯელობას იმის თაობაზე, თუ რამდენად ეყოფოდა დაანონსებული 140-მილიონიანი სეკვესტრი ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების დარეგულირებას.

ცხადი გახდა, რომ მთავრობა პრიორიტეტებს ნაწილობრივ ცვლის (ნაწილობრივ, რადგან 140 მილიონი მთლიანი ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილია), თუმცა შესაძლო თუ უკვე არსებულ პრობლემებს, რომელთა შესახებაც ექსპერტთა დიდი ნაწილი ლაპარაკობს, არ აღიარებს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია შემდეგი ცვლილებები: ბიუჯეტის შემოსულობების მიმართულებით საგადასახადო შემოსავლების გეგმა მცირდება 200 მლნ ლარით, თუმცა იზრდება სხვა წყაროებიდან მიღებული სახსრები, კერძოდ: დონორებისგან საბიუჯეტო დახმარების სახით მიღებული გრანტები იზრდება 40,0 მლნ ლარით, ხოლო კრედიტები იზრდება 184,0 მლნ ლარით, სულ, დამატებით, - 224 მილიონი. ეს ცვლილება, ცხადია, კურსის ცვლილებამ გამოიწვია და ლარში შემოსავლები გაიზარდა.

მობილური ოპერატორების მიერ მეოთხე თაობის ლიცენზიის შეძენისათვის გადახდილი სახსრებით დამატებით მობილიზებული იქნება 150,0 მლნ ლარი; სხვა შემოსავლები იზრდება 20,0 მლნ ლარით.

სახაზინო ვალდებულებების (შიდა ვალი) აღება მცირდება 100,0 მლნ ლარით; ასევე, კონკრეტული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი რესურსი მცირდება 67,0 მლნ ლარით;
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბიუჯეტის შემოსულობები, არსებულ გეგმასთან შედარებით, გაიზრდება დაახლოებით 27,0 მლნ ლარით.

რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს: მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებები შემცირდება 140 მილიონი ლარით. აქედან 70 მილიონი საბიუჯეტო, ხოლო დანარჩენი 70 დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებია.

საბიუჯეტი სახსრების ნაწილში შემცირება შეეხება შემდეგ სამინისტროებს:საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები შემცირდება 10,0 მლნ ლარით;საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი - 5,0 მლნ ლარით; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტოს ასიგნებები - 12,0 მლნ ლარით;საქართველოს პარლამენტის - 6,0 მლნ ლარით;საქართველოს ფინანსთა სამინისტროსი - 7,0 მლნ ლარით;სოფლის მეურნეობის სამინისტროსი - 8,0 მლნ ლარით;სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსი - 3.5 მლნ ლარით; გარემოს დაცვის სამინისტროსი - 2,0 მლნ ლარით;სხვა დანარჩენი მხარჯავი დაწესებულებების - ჯამში, დაახლოებით, 17,0 მლნ ლარით.

დონორების დაფინანსებული პროექტების ნაწილში მცირდება საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინსიტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებები.

მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში გამოთავისუფლებული რესურსი მიიმართება ბიუჯეტით გათვალისწინებულ ფონდებში (85, 0 მლნ ლარი), რათა გამოთავისუფლებული რესურსით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდეს.

იზრდება ასევე საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებები (53,0 მლნ ლარი).

შესაბამისად, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ,ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამში, რეალურად უცვლელი რჩება და ადგილი აქვს მხოლოდ საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ახალი გაცვლითი კურსით გაანგარიშებას და საბიუჯეტო სახსრების გადანაწილებას ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ვალის მომსახურების მიმართულებით.

XS
SM
MD
LG