ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს გული სწყდება საბჭოთა კავშირის დაშლაზე. გამოკითხულთა 42 პროცენტი მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. რა განაპირობებს საქართველოს მოსახლეობის ამგვარ განწყობას და რას უნდა ნიშნავდეს ეს?
საბჭოთა კავშირი დაიშალა, მაგრამ საბჭოთა ჰიმნს ვერ შეელია რუსეთის პოლიტიკური ელიტა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან ცხრა წლის თავზე მისი მუსიკა რუსეთის ფედერაციის ჰიმნის მუსიკად დაამტკიცა. ასევე საყოველთაოდაა ცნობილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, აზრი საბჭოთა კავშირის დაშლაზე:
„უნდა ვაღიაროთ და ამის შესახებ მე ადრეც მითქვამს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა“.
გეოპოლიტიკურ კატასტროფად და ნამდვილ დრამად შეიძლება არ მიაჩნიათ, მაგრამ გული კი ნამდვილად დასწყვიტა საბჭოთა კავშირის დაშლამ საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს:
„იმ დროს არ გვშიოდა, არ გვწყუროდა, არ გვციოდა და ყველაფერი იყო ხელმისაწვდომი. არავის ჰქონდა იმის შიში, რომ ოჯახს პურს ვერ აჭმევდა. დღეს ყველაფრის გეშინია. შიმშილიც არის, წყურვილიც არის... როგორ გითხრათ, შეუმოსავი ხალხი დადის“. ან კიდევ: „არ უნდა დაშლილიყო, იმიტომ რომ კარგი ცხოვრება იყო. ასე იყო თუ ისე, ყველაფერი უფასო იყო. წადი, აბა, ახლა სადმე... პოლიკლინიკაში რაღაც ანალიზი უნდა ჩავაბარო, 12 ლარი უნდა გადავიხადო“.
კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამგვარად ფიქრობს საქართველოს მოქალაქეთა 42 პროცენტი. ცენტრის დირექტორის, კობა თურმანიძის, თქმით, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლას საქართველოსთვის ცუდ მოვლენად მიიჩნევს გამოკითხულთა, შესაბამისად, 50 და 45 პროცენტი. რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 18-დან 35 წლამდე მოქალაქეებში ეს მაჩვენებელი 30 %-ია, 36-დან 55 წლამდე მოქალაქეებში – 40 %, ხოლო 56 წელს ზემოთ – 57 %.
„ასაკობრივ ჭრილში თუ შევხედავთ, ხანდაზმულებს უფრო მეტი ნოსტალგია აქვთ, ვიდრე ახალგაზრდებს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის, ვინც ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი მოვლენა იყო, არ ნიშნავს იმას, რომ მისტირის და უნდა საბჭოთა კავშირის აღდგენა. ამ ადამიანების დიდი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში შესვლის მომხრეცაა. ამ შედეგების ჩვენი ინტერპრეტაცია ის გახლავთ, რომ ხალს აქვს ნოსტალგია უკეთესი საცხოვრებელი პირობებისა და უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობისა - ყოველ შემთხვევაში, ნაკლები უთანასწორობისა, და აქედან არის გამოდინარე ის ნოსტალგია და უარყოფითი შეფასება საბჭოთა კავშირის დაშლისა. საბედნიეროდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის ნახევარი უკან მიგვექაჩება საბჭოთა კავშირში“, უთხრა კობა თურმანიძემ რადიო თავისუფლებას.
კობა თურმანიძის ამ ოპტიმიზმს კვებავს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. საქმე ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 65 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ, ხოლო რუსეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს მხოლოდ 21 პროცენტი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ფილოსოფოსი გია ნოდია ვარაუდობს, რომ გამოკითხულთა იმ 42 პროცენტის პასუხი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდ მოვლენად მიაჩნია, სიჭაბუკისა და სტაბილურობის ნოსტალგიამ განაპირობა:
„ეს ნოსტალგია ბუნებრივია, მაგრამ მას, ჩვეულებრივ, უნდა აწონასწორებდეს სამოქალაქო განათლება, შეგნება და ცოდნა იმისა, რომ ეს საბჭოთა კავშირი იყო, ერთი მხრივ, რეპრესიული, ეროვნული თავისუფლება წართმეული გვქონდა, რომ ეკონომიკური განვითარებითაც ჩამორჩებოდა საბჭოთა კავშირი მოწინავე ქვეყნებს... ცხადია, ეს ყველაფერი თუ ადამიანების ცნობიერებაში არ არის აქტუალიზებული, ეს ბუნებრივი ნოსტალგია ჭარბობს. და, როგორც ჩანს, საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ელიტის დონეზე ყველა ამბობს, რომ ევროპა, დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა გვინდა და ა.შ., ეს შეხედულებები ერთგვარად ზედაპირულად არის ათვისებული და ადამიანებს არ აქვთ გააზრებული და ცნობიერებაში გამჯდარი. სწორედ ამიტომ საკმაოდ მაღალია რიცხვი იმ ადამიანებისა, ვინც მისტირის საბჭოთა კავშირს, როგორც სტაბილობის რაღაც მინიმალური უზრუნველყოფილი კეთილდღეობის ხანას“.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბებიებისგან და ბაბუებისგან იციან, რომ სოციალურად გაჭირვებულები არ იყვნენ, რომ ყველას ჰქონდა რაღაც სამსახური გარანტირებული. ამაზე აპელირებს ძირითადად იმიტომ, რომ მთლიანი სურათი, როგორ მოქმედებდა ეს სისტემა, როგორ იყო გარანტირებული ეს მინიმუმი და რა მოუვიდა შემდეგ საბჭოთა ეკონომიკას, ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ...გია ნოდია
მსგავსი განწყობებია რუსეთშიც. მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთში მოქმედმა სოციოლოგიური კვლევების ავტორიტეტიანმა ცენტრმა, „ლევადას ცენტრმა“, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, დროთა განმავლობაში ტერმინმა „საბჭოთა“ დადებითი შინაარსი შეიძინა. რუსეთის მოქალაქეების 53 პროცენტი მისტირის ერთიან საბჭოთა ეკონომიკურ სისტემას, მაშინ როცა ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 49 პროცენტი იყო. „ლევადას ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ალეკსეი გრაჟდანკინი ამბობს, რომ ხალხს ენატრება იდეალიზებული საბჭოთა წარსული და ამ ნოსტალგიის ხარისხი დამოკიდებულია ასაკზე: საბჭოთა კავშირის დაშლაზე ნაღვლობს 55 წელზე მეტი ასაკის რუსეთის მოქალაქეთა 83 პროცენტი, 40-54 წლის მოქალაქეებში კი ეს მაჩვენებელი 40 პროცენტია. „გარკვეულწილად ეს არის ახალგაზრდობის მოგონებები, როცა ჰაერი და არაყი უფრო სუფთა გგონია, ძეხვი კი - უფრო გემრიელი“, - მიაჩნია რუს სოციოლოგს. თუმცა ხშირ შემთხვევაში ამ მოგონებებს ნოყიერად კვებას რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა, რომელიც განსაკუთრებულად ძლიერია მის მეზობელ ქვეყნებში. მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლის, თამარ კინწურაშვილის, თქმით, რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მიმართულება სწორედა რომ საერთო საბჭოთა წარსულის იდეალიზებაა:
„მიზანმიმართულად მუშაობენ ამაზე. შეიძლება ვისაუბროთ ორი ჯგუფის არსებობაზე; ვისაც არ უნახავს და არ გამოუცდია საბჭოთა კავშირში ცხოვრება და რაღაც იდეალიზება ხდება მათ წარმოდგენებში, შესაძლოა, იმის გამო, რომ სტერეოტიპი არსებობს, რომ მეტი დაცულობა იყო, გარანტირებული მინიმალური ხელფასი და მეორე, უფროსი თაობა, რომელსაც აქვს ეს სენტიმენტები იმიტომ, რომ იმ დროში ცხოვრობდა და მისთვის ეს ვითარება არის ნაცნობი“.
თამარ კინწურაშვილის თქმით, რუსული პროპაგანდა ხშირ შემთხვევაში ნოყიერ ნიადაგს პოულობს იმ ახალგაზრდებში, რომლებიც სათანადო ცოდნის უქონლობის გამო უკრიტიკოდ იღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისგან ანდა რუსეთის მიერ დაფინანსებული მედიიდან მიწოდებულ ინფორმაციას.
„ახალგაზრდები ამბობენ, რომ ბებიებისგან და ბაბუებისგან იციან, რომ სოციალურად გაჭირვებულები არ იყვნენ, რომ ყველას ჰქონდა რაღაც სამსახური გარანტირებული. ამაზე აპელირებს ძირითადად იმიტომ, რომ მთლიანი სურათი, როგორ მოქმედებდა ეს სისტემა, როგორ იყო გარანტირებული ეს მინიმუმი და რა მოუვიდა შემდეგ საბჭოთა ეკონომიკას, ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ. მე მგონი, ამ მიმართულებითაც უნდა დავიწყოთ დისკუსია, მსჯელობა და, რაც მთავარია, ისტორია უფრო რეალური სახით მივაწოდოთ ახალგაზრდებს“, უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.
საბჭოთა წარსულის გადააზრება შეიძლება იყოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ-ერთი მიდგომა და უნდა შეიქმნას შესაბამისი ნარატივი და არ უნდა დავჯერდეთ იმას, რაც საბჭოთა კავშირიდან გვერგო მემკვიდრეობით...თამარ კინწურაშვილი
რაც შეეხება სოციოლოგიური გამოკითხვის, ერთი შეხედვით, პარადოქსულ შედეგს, -იმას, რომ გამოკითხულთა მნიშვნელოვან ნაწილს გული სწყდება საბჭოთა კავშირის დაშლის გამო, მაგრამ ასევე დიდი ნაწილი მიესალმება ევროკავშირში შესლვას, - ფილოსოფოსი გია ნოდია ვარაუდობს, რომ მოქალაქეების დიდ ნაწილში ემოცია სძლევს ლოგიკას:
„ისინი აზროვნებენ ემოციური ასოციაციებით. ჩემი თაობის ბევრი ადამიანისთვის საბჭოთა კავშირი ასოცირებულია ახალგაზრდობასთან, - ახალგაზრდობა კი ყველას კარგად ახსენდება, როგორც წესი, - სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან და ეს მოსწონთ და ევროკავშირიც ასოცირდება მშვილობასთან, კეთილდღეობასთან, სტაბილურობასთან და ადამიანები ხშირად ვერ ხედავენ წინააღმდეგობას: თუ საბჭოთა კავშირში იყო მშვიდობა და კეთილდღეობა, ევროკავშირშიც იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა და ამ ორის უკან როგორი საპირისპირო ღირებულებები და ინსტიტუტები დგას, - საბჭოთა კავშირსა და ევროკავშირს ვგულისხმობ, - ეს ბევრს არ აქვს კარგად გააზრებული, მათ უნდათ გარანტირებული კარგად ყოფნა“.
თუმცა გარანტირებული კარგად ყოფნისთვის კარგი განათლებაა საჭირო, რათა საზოგადოებამ შეძლოს საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლება. თამარ კინწურაშვილის თქმით, ამ მიმართულებით დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, პირველ რიგში, სკოლებში.
„ჩვენ არ მოგვიხდენია გადაფასება ისტორიის იმ სახელმძღვანელოებისა, რომლებიც არსებობდა მაშინ და რეალურ ისტორიას არ ვასწავლით ახალგაზრდებს სკოლაში. საბჭოთა წარსულის გადააზრება შეიძლება იყოს პროპაგანდასთან ბრძოლის ერთ-ერთი მიდგომა და უნდა შეიქმნას შესაბამისი ნარატივი და არ უნდა დავჯერდეთ იმას, რაც საბჭოთა კავშირიდან გვერგო მემკვიდრეობით. მხედველობაში მაქვს ის სახელმძღვანელოები, რომლებიც პრობლემას ქმნიან ამ მხრივ“, უთხრა თამარ კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.