დაუფარავი კრედიტებისა და, შესაბამისად, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მსესხებლების თემა ბოლო წლებში ქვეყნის მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევად დარჩა. სამწუხაროდ, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობა, შემცირების ნაცვლად, მუდმივად იზრდება. ეს იმ ფონზე, როცა ოფიციალური სტატისტიკა ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის დასაქმების მაჩვენებლის ზრდას გვამცნობს.
2016 წლის აპრილში ვადაგადაცილებული სესხები 30.5 მლნ ლარით გაიზარდა და 355.3 მლნ ლარს გაუტოლდა, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ”თვის მიმოხილვაში”.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელი 514.4 მლნ ლარით შემცირდა და 15.11 მლრდ ლარს გაუტოლდა.
სებ-ში მიიჩნევენ, რომ საკრედიტო პორტფელის კლება გამოწვეულია ლარის კურსის გამყარების შედეგად დოლარით გაცემული სესხების ლარით გამოსახული მაჩვენებლის შემცირებით.
ეროვნული ბანკის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიურმა ზრდამ 4.3 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე,
სესხების წლიური ზრდა 6.6 პროცენტი იყო. აპრილის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 79.4 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 69.4 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული, მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 44.4 პროცენტს შეადგენდა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 24.6 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა და 5.41 მლრდ ლარს გაუტოლდა. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აპრილში 55.9 მლნ აშშ დოლარით (1.3 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოს 4.48 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 60.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა. 83.3 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს.
უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.
სებ-ის ინფორმაციით, აპრილის თვეში ვადაგადაცილებული სესხები 30.5 მლნ ლარით გაიზარდა და 355.3 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 46.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.8 პროცენტს გაუტოლდა.