მარტის თვეში ლარის კურსი მნიშვნელოვნად გამყარდა და ნაწილობრივ კვლავ გაუფასურდა. მიუხედავად იმისა, რომ კურსის ცვალებადობას ყოველთვის ერთ ნიშნულზე გაჩერებული კურსი სჯობს, როგორიც არ უნდა იყოს ის, ამ ცვლილებამ და წინა თვის სტაბილურმა კურსმა მოსახლეობაში თანდათან ლარისადმი ნდობის აღდგენის ტენდენციები გააჩინა.
თუმცა დღემდე ადამიანები დასაგროვებელ ვალუტად მაინც დოლარს იყენებენ და, რაც საკმაოდ უცნაურია, სესხებსაც ისევ უცხოურ ვალუტაში იღებენ, სავარაუდოდ, უცხოურ ვალუტაში კრედიტების, ლართან შედარებით, დაბალი კურსის გამო.
გასულ თვეში საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი მარტისათვის 14.6 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 73.8 მლნ ლარით, ანუ 0.5 პროცენტით, მეტია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 35.5 მლნ ლარით, ანუ 0.4 პროცენტით, გაიზარდა, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 38.3 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით. დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 28.21 პროცენტი შეადგინა - პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, 0.45 პროცენტული პუნქტით ნაკლები. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.6 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა.
აქვე უნდა ითქვას, რომ უცხოურ ვალუტაში გაკეთებულ დანაზოგებზე სარგებელი, ფაქტობრივად, მინიმალურია - 3,9 პროცენტი წელიწადში; შედარებით მაღალია სარგებელი ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 პროცენტი, რაც, თუ ლარის კურსი დასტაბილურდა, საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი განაკვეთი 5,3 პროცენტია.
რაც შეეხება ბანკების მიერ გაცემული სესხების ტენდენციას, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2016 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 22.8 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და 2016 წლის პირველი მარტისათვის 16.2 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 27.4 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 50.2 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.01 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.16 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
შესაბამისად, როგორც კრედიტების, ისე დეპოზიტების უმეტესი ნაწილი ქართულ ბანკებში უცხოურ ვალუტაშია შენახული. 2016 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 17 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.2 მლრდ ლარით, ანუ 0.6 პროცენტით, გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.5 პროცენტით) და 25.5 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.9 პროცენტია.