Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი


მიხეილ სააკაშვილი და ჰილარი კლინტონი
მიხეილ სააკაშვილი და ჰილარი კლინტონი
საქართველოს დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტის ფონზე გააქტიურდა მსჯელობა პრეზიდენტ სააკაშვილის სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. გამძაფრდა ინტერესი, როგორ აღიქვამს ვაშინგტონი პერსპექტივას, რომ მან შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი სამომავლოდ პრემიერ-მინისტრის პოსტზე იხილოს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ასეთი პერსპექტივა საქართველოს იმიჯს შელახავს და სახარბიელო მდგომარეობაში არც თავად მიხეილ სააკაშვილს ჩააყენებს. მოვლენათა ამგვარ განვითარებას ეჭვის თვალით უყურებენ ანალიტიკოსებიც.

„დიდი მადლობა ასეთი მოპყრობისთვის... ჩვენ უკან არათუ მხოლოდ ხელცარიელები არ ვბრუნდებით, არამედ ბევრი რამ გვაქვს წასაღები... ” - ამ სიტყვებით გამოხატა ვაშინგტონისადმი მადლიერება პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან 1 თებერვალს გამართული ორმხრივი შეხვედრის წინ.

თავის მხრივ, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ”ძალიან დიდია ინტერესი” საქართველოს მისამართით და რომ მიხეილ სააკაშვილს შეხვედრებით მეტად დატვირთული კვირა ჰქონდა. სახელმწიფო მდივნის თქმით, საქართველო ”ღირებული პარტნიორია” და რომ მეტად მნიშვნელოვანია საქართველოს ”მამაცი და პროფესიონალი ჯარისკაცების” წვლილი ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფარგლებში. ხაზი ესმება ორი ქვეყნის თანამშრომლობის სხვა მიმართულებებსაც:

„განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა განვსაზღვროთ წინსვლის შემდგომი გზები ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით. დიდი სამუშაო ტარდება ორმხრივი კონსულტაციების ფორმატში - განათლების, ჯანდაცვის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გარშემო.”

ჰილარი კლინტონს 1 თებერვალს გაკეთებულ საჯარო კომენტარში არ უხსენებია საქართველოში მოახლოებული არჩევნები, თუმცა ამ თემატიკას სახელმწიფო მდივანი არაერთხელ შეხებია მანამდე გაკეთებულ განცხადებებში. მაგალითად, გავიხსენოთ, რომ მან საქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით „ხელისუფლების გადაცემის“ მნიშვნელობას ჯერ კიდევ გასული წლის 15 აპრილს გაუსვა ხაზი ბერლინში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე გამოსვლისას. 30 იანვარს კი ეს აქცენტი პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ობამამაც გაიმეორა.

მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიიჩნევენ, მაგრამ ოპოზიციურ თუ ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ, როდესაც ვაშინტონი სამართლიანი არჩევნების გზით საქართველოში ”ხელისუფლების გადაცემის” მოლოდინზე საუბრობს, მისი მესიჯის ადრესატი, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი სააკაშვილია და რომ მისი ხილვა გაძლიერებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვაშინგტონისთვის მიუღებელი იქნება.

ეს რომ ასეა, დარწმუნებულია, მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი დეპუტატი ლევან ვეფხვაძე, რომლის თქმითაც, ასეთი აზრი მან შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლებთან გამართული საუბრებიდან გამოიტანა. ვეფხვაძისთვის ნათელია, რომ სააკაშვილი დასავლეთს ”წარსულ ეტაპად” მიაჩნია.

”ახლა ქვეყანა სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს და ეს ეტაპი გულისხმობს ქვეყნის ინსტიტუციონალურ განვითარებას და არა პერსონიფიცირებას და ახალი მესიების ძიებას. ამიტომ, თუ ჩვენ ვაპირებთ თანამედროვე ქვეყნის აშენებას, უნდა ავირჩიოთ გზა, რომელზეც ჩვენი კეთილისმსურველები საუბრობენ. თუკი სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას გადაწყვეტს, მან ძალიან კარგად იცის, რომ ერთი ერთზე დარჩება რუსეთთან, რადგანაც მისი უმთავრესი პარტნიორებისთვის მისი ეს გადაწყვეტილება მიუღებელი იქნება”, - უთხრა ლევან ვეფხვაძემ რადიო თავისუფლებას.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი თავს იკავებს იმის პროგნოზირებისგან, თუ რას დაკარგავს მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო სარბიელზე ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩენის შემთხვევაში და რა რეაქცია ექნება დასავლეთს. თუმცა ანალიტიკოსისთვის ცხადია, რომ ეს არ იქნება ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება:

”ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის მომავალი აფიქრებს, გაუჩნდება საფუძველი სერიოზულად დაფიქრდეს - რას მოუტანს ეს ქვეყანას. ჩემი აზრით, კარგს არაფერს... ის, რომ ეს არ იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, ნათელი იქნება არა მხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ ქვეყნის გარეთაც.”

მართალია, სააკაშვილის გაპრემიერმინისტრების შემთხვევაში შეერთებული შტატების მხრიდან ”შეშფოთებას” არ მოელის, რადგანაც ეს ნაბიჯი კონსტიტუციასთან შეუსაბამო არ იქნება, მაგრამ საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ნიკა ჩიტაძე მაინც ვარაუდობს, რომ მოვლენათა ამგვარი განვითარება სასურველი არ იქნება არც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და, შესაბამისად, არც დასავლეთისთვის. მისი თქმით, მსოფლიოში ხანგრძლივი მმართველობის არაერთი მაგალითის არსებობის მიუხედავად, დასავლეთისთვის ყოველთვის მიუღებელია, როცა ერთი და იგივე პოლიტიკოსი დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, მმართველ პოსტზე.

პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ყურადღება მახვილდება აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლეპერის ანგარიშში, რომელიც მან საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა და რომელშიც მსოფლიო მასშტაბის საფრთხეებია შეფასებული. პრეზიდენტი სააკაშვილი ნახსენებია ანგარიშის იმ ნაწილში, სადაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობით შექმნილ საფრთხეზე და რუსეთ-საქართველოს სახიფათო ურთიერთბრალდებებზეა საუბარი. 31 იანვრით დათარიღებულ ამ დოკუმენტში ვკითხულობთ:

”საქართველოს ახალი კონსტიტუცია აძლიერებს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რაც ზოგს იმის მოლოდინს უჩენს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას შესაძლოა პრემიერ-მინისტრის რანგში შეეცადოს, რამაც შესაძლოა ძლიერი ზეგავლენა მოახდინოს დაძაბულობის შემცირების პერსპექტივაზე.”

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ანგარიშში არ არის დაკონკრეტებული, თუ რა იგულისხმება ”ძლიერ ზეგავლენაში”, თუმცა ბევრს - და, მათ შორის, დეპუტატ ლევან ვეფხვაძესაც - დარჩა შთაბეჭდილება, რომ შეერთებული შტატები მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერმინისტრების პერსპექტივას უარყოფითად აფასებს რეგიონის უსაფრთხოების ჭრილშიც.

რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილს, ის ჯერჯერობით კვლავაც არ აკონკრეტებს, თუ რის გაკეთებას გეგმავს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. მისი მხრიდან ამ თემაზე ჯერ ისევ ორაზროვანი კომენტარები კეთდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG