Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობაში ადანაშაულებს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს. ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამის შესახებ უკრაინულ ტელეარხ "ზიკზე", საკუთარ საავტორო ტელეგადაცემა „სხვა უკრაინაში“ ისაუბრა. „ახლახან მივიღე ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია. საქმე ის არის, რომ 2010-2014 წლებში, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, პეტრო პოროშენკოს კომპანია „ბოგდანი“ ოფიციალურად (ეს დოკუმენტებშია მოყვანილი), თავისი პროდუქციის ექსპორტს ახდენდა ოკუპირებულ აფხაზეთში და პოროშენკო ღებულობდა შემოსავალს ოკუპირებულ ტეროტორიასთან არალეგალური, ამორალური, ანტიქართული და ანტიუკრაინული ვაჭრობით", - განაცხადა 28 ივნისს სააკაშვილმა და დასძინა, რომ შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. თუმცა, საინფორმაციო სააგენტო „აფსნი-პრესმა“ ჯერ კიდევ 2010 წლის სექტემბერში გაავრცელა​ ინფორმაცია აფხაზეთში „ბოგდანის“ მარკის ავტობუსების პარტიის გაგზავნაზე. ცნობის თანახმად, „ისუზუ-ბოგდანის“ მარკის ახალი 10 ერთეული ავტობუსი გადაეცათ სოხუმის, 4 - გუდაუთისა და 6 - გაგრის ავტოსატრანსპორტო გაერთიანებებს. თუმცა, ინფორმაციაში არ იყო მითითებული, ავტობუსების შესყიდვა პირდაპირ უკრაინიდან განხორციელდა თუ დილერების საშუალებით. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2013 წლის ბოლოს, დატოვა სამშობლო, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის, მათ შორის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტმა 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქის წოდება მიანიჭა და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და მალევე შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი ძალების რუხი“, რომელიც სასტიკად აკრიტიკებს უკრაინის ხელისუფლებას და პრეზიდენტ პოროშენკოს ქვეყანაში გამეფებული კორუფციისა და კლანური მმართველობის გამო.

XS
SM
MD
LG