ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ისათვის ბრძოლა გრძელდება. „რუსთავი 2“-ის დროებით მმართველებად დავით დვალის და რევაზ საყევარიშვილის დანიშვნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის შემდეგ არხის მხარდამჭერებმა ტელევიზიის ეზოში კარვები გაშალეს. 6 ნოემბერს დროებითი მმართველების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ისინი ტელევიზიაში მანამ არ მივლენ, სანამ განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს არ გაივლის, არხის ამჟამინდელ მფლობელებს კი მიმართავენ, წამოაყენონ ახალი გენერალური და ფინანსური დირექტორობის კანდიდატურები, რათა „რუსთავი 2“-ს მუშაობაში ხელი არ შეეშალოს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ, სადაც ამ დროისათვის ოთხი კარავია გაშლილი, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი ზონის“ წევრები, არხის სხვა მხარდამჭერები არიან შეკრებილი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, სერგო რატიანის, თქმით, სწორედ იქ გადის საქართველოს დემოკრატიული მომავლის საზღვარი, რომლის დაცვაც ყველა მოქალაქის ვალია:
„რასაკვირველია, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი წინააღმდეგობა. ჩვენი ხელისუფლება დღეს არღვევს კონსტიტუციას და ის დამნაშავეა. საქართველოს უახლეს ისტორიაში არასოდეს გაკეთებულა ჩვენი პარტნიორების და მეგობრების მხრიდან ასეთი მკაფიო განცხადებები, რომ სხვა მიმართულებით წავედით. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ერთმნიშვნელოვნად რუსეთისაკენ წავიდა“.
„რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს 6 ნოემბერს ვაშინგტონში ტრადიციულ ბრიფინგზე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ჯონ კირბი, რომელმაც თქვა, რომ „სააპელაციო პროცესის დაწყებამდე "რუსთავი-2"-ის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება“.
„აშშ ღრმად არის შეშფოთებული "რუსთავის 2"-ის საკითხით და მისი მნიშვნელობით საქართველოში მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.
სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანიის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკული აზრი უნდა წახალისდეს და არა დუმილი. როგორც ჩვენ უკვე არაერთხელ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და ეს საკითხები გადამწყვეტია საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვისაც“, - ასე უპასუხა კირბიმ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის, დავით ნიკურაძის, შეკითხვას.
"სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს "ნიუსრუმებში" და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა გავლენა მოახდინოს მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკაზე, წარმოადგენს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის საფუძვლების დარღვევას. მოვუწოდებ სასამართლო ხელისუფლებას სრულად სცეს პატივი "რუსთავის 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის უფლებას", - ეს განცხადება კი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელს, დუნია მიატოვიჩს, ეკუთვნის.
კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ახდენენ პროვოცირებას, საკონსტიტუციო სასამართლო აღქმული იქნეს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ...საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადება
მიმდინარე მოვლენებს განცხადებით ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც, რომელიც მიიჩნევს, რომ 6 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის სამართლებრივი დავის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და კიდევ რამდენიმე სხვა მაღალი თანამდებობის პირის განცხადებები „მცდარ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეფუძნებოდა“:
„საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი საქმეზე "შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2" და "შპს ტელეკომპანია საქართველო" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" მიიღო 2015 წლის 2 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე. ამის თაობაზე სასამართლომ მხარეები გააფრთხილა საოქმო ჩანაწერის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე. ამასთან, მსგავსად ყველა სხვა გადაწყვეტილებისა, აღნიშნული საოქმო ჩანაწერი გამოცხადდა საჯაროდ, მოპასუხის წარმომადგენლის და არაერთი მედიასაშუალების თანდასწრებით. შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილების მალულად მიღებაზე საუბარი. გაუგებარია, როგორ შეიძლება კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიღებული გადაწყვეტილება, რასაც თავად უმრავლესობის წარმომადგენლებიც ადასტურებენ, ჩაითვალოს მალულად მიღებულად“.
განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია "შპს ტელეკომპანია "რუსთავი-2-ის" ორი კონსტიტუციური სარჩელი, 6 ნოემბერს მას დაემატა შპს "ტელეკომპანია საქართველოს" კონსტიტუციური სარჩელიც, რომლებიც, საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, კანონით დადგენილ ვადებში განიხილება:
„კიდევ ერთხელ ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ განცხადებებისგან და ქმედებებისგან, რომლებიც ახდენენ პროვოცირებას, საკონსტიტუციო სასამართლო აღქმული იქნეს პოლიტიკური პროცესის მონაწილედ", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჩვენ ორშაბათს გვექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და იმ ნაწილში, სადაც მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, საზოგადოებას მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ...ნინო გვენეტაძე
რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის დროებითი მმართველების ტელეკომპანიაში მისვლას და მოვალეობის შესრულებას, ისინი ამას მხოლოდ მას შემდეგ აპირებენ, რაც საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინება გასაჩივრების ყველა ეტაპს გაივლის. ამ შინაარსის ერთობლივი განცხადება რევაზ საყევარიშვილმა და დავით დვალმა გაავრცელეს. ტელეკომპანიის დროებითმა მმართველებმა ასევე მიმართეს არხის მოქმედ პარტნიორებს, ძმებ ყარამანიშვილებს, "რუსთავი 2"-ის გენერალური და ფინანსური დირექტორების თანამდებობაზე წამოაყენონ ნებისმიერი კანდიდატურა, რომელთაც დაუყოვნებლივ მიანიჭებენ სრულ უფლებამოსილებას ტელეკომპანიის მართვის საკითხებში.
ამ განცხადებას „რუსთავი 2“-ის ეთერში 6 ნოემბერს ღამით გამოეხმაურა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელსაც, როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე უფლებამოსილება შეჩერებული აქვს. მან თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ასეთ კანდიდატურად ზაალ უდუმაშვილი დასახელდებოდა.
ტელეკომპანიის საქმის სამართალწარმოების საკითხებზე დაგროვილ შეკითხვებს პასუხი უნდა გაეცეს 9 ნოემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. ამის შესახებ 7 ნოემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მისულმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ განაცხადა:
"ჩვენ ორშაბათს გვექნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა და იმ ნაწილში, სადაც მიმდინარე სამართალწარმოების საკითხებთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, საზოგადოებას მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას პროცესის ორგანიზაციული და სხვა მიმართულებების მხრივ. ასევე ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიები ამ პროცესში“.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სავარაუდოდ, მოსამართლე თამაზ ურთმელიძეც დაესწრება.