Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“- ის საქმის პოლიტიკური მნიშვნელობა


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების ნაწილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ვითარებამ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების და პოლიტიკური კრიზისის სახე შეიძინოს, რისგან თავის დაღწევაც შესაძლოა რთული აღმოჩნდეს. შესაბამისად, ისინი ხელისუფლებას კონსულტაციების დაწყებისაკენ მოუწოდებენ.

„დაუშვებელია, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება წარიმართოს სააკაშვილ-ხალვაშის სცენარით“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. მისი თქმით, „დაუშვებელია, მათი ერთობლივი თუ ერთმანეთის საწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მივიღოთ სახიფათოდ დასუსტებული და ავტორიტეტშელახული დემოკრატიული ინსტიტუტები.დაუშვებელია, რაც არ უნდა დიად მიზნებს ემსახურებოდნენ, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მოსამართლეები მალულად (დიახ, მალულად, და არა „ზეპირი მოსმენის გარეშე“) იღებდნენ ისეთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს, რომლებმაც, შესაძლოა, ქვეყნის უახლოეს მომავალზე გადამწყვეტი გავლენა იქონიონ“.

დავით უსუფაშვილის განმარტებით, დაუშვებელია „პროცესში ხალხი და ქვეყანა დაზარალდეს“.

პროცესი რომ სახიფათო პოლიტიკურ ხასიათს იძენს, ეჭვი არ ეპარება რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დეპუტატს დავით ბერძენიშვილს, რომლის თქმითაც, რეალობა, რომელიც სასამართლომ შექმნა, ხელისუფლების ინტერესში არაა:

„ძალიან სახიფათო ხასიათს იძენს ეს პროცესები. დღეს ხელისუფლებას ასეთი ურთმელიძისეული დათვური სამსახური არ სჭირდება. ამიტომ ურთმელიძე, რომელიც თავის დროზე გვარამიამ დანიშნა და იყო მაშინ გვარამიას კონტროლის ქვეშ, ახლა, ალბათ, ცდილობს იყოს დღევანდელი უფროსობის ქვეშ. ჩვენ არ გვჭირდება კონტროლირებადი მოსამართლე“.

სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობას არ გამორიცხავს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ალასანია. ის მმართველ კოალიციასთან პოლიტიკური ძალების შეხვედრის ინიციატივით გამოვიდა, რათა ვითარების ესკალაცია არ მოხდეს. ირაკლი ალასანიას თქმით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ხელისუფლების დამოკიდებულება არის სამოქალაქო დაპირისპირების და ძალადობის შემცველი:

"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები
"რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები

„ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს იერიში თავისუფალ სიტყვაზე გადათარგმნოს სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ჩვენ ამას უნდა აღვუდგეთ წინ. ეს არის პოლიტიკური პროცესების ესკალაციის მცდელობა და ეს სცდება სამართლებრვ დავას. აშკარად ჩანს ინტერესი, რომ დაპირისპირება გაღრმავდეს და ვისაც აწყობს ეს დაპირისპირება, მე ეს ძალიან კარგად ვიცი და ყველა ძალას ვიხმარ, რომ მათ ეს გეგმები ჩაუვარდეთ“.

პოლიტიკური კრიზისის თაობაზე ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ:

„ვითარება არის ძალიან სახიფათო და ამას წინ უნდა აღუდგეს საზოგადოება, არა თუნდაც „რუსთავი 2“, არამედ ის საზოგადოება, რომელსაც სურს, რომ დაიცვას ჩვენი ფუნდამენტური უფლება, ჩვენი თავისუფლება და კონსტიტუციური წესრიგი და ეს არის პრინციპული საკითხი“.

სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს...
იან კელი

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველის დანიშვნის თაობაზე პროცესი სამართლის ჩარჩოებიდან გაიყვანა, ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე, რომლის თქმითაც, ახლა ეს პროცესი შეიძლება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის გახდეს:

„პოლიტიკური კრიზისის ნიშნები გაჩნდა ქვეყანაში, რისი აუცილებლობაც არ იყო. შეიძლება ქვეყანაში იყო სოციალური კრიზისი და ის დავახასიათოთ სხვადასხვა პარამეტრებით, მაგრამ როდესაც დაიწყება პოლიტიკური კრიზისი, ის მარტივად არ გვარდება და მას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს და მე მიმაჩნია, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისისკენ მიმავალი ნაბიჯი გადადგა სასამართლომ და მე მიმაჩნია, რომ ეს იყო წახალისებული აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან“.

„რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესებთან მიმართებით განცხადებას ავრცელებს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, რომლის თქმითაც, „სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს“.

პროცესის პოლიტიზებით გამოწვეულ შესაძლო სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზეა საუბარი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ვკითხულობთ:

„მნიშვნელოვანია „რუსთავი 2“-ის გარშემო არსებული დავა დაბრუნდეს მართლმსაჯულების სისტემაში. პროცესში ჩართულმა პირებმა - სამართლებრივი დავის მონაწილეებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და, უპირველესად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ - უნდა მიმართონ ყველა დემოკრატიულ ზომას, რომ შეინარჩუნონ სამოქალაქო მშვიდობა“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის რწმენით, რომელიც მან თავის განცხადებაში გამოხატა, „სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკური სარჩული“.მისი თქმით, ასეთი საქმეები 2012 წლის 1 ოქტომბერს ჩაბარდა ისტორიას.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG