Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ შეცვლილ რეალობაში


"რუსთავი 2"
"რუსთავი 2"

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას მედიაპლურალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში. ისინი ფიქრობენ, რომ დროებითი მმართველების დანიშვნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ემსახურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ ასევე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები.

„სააპელაციო პროცესამდე არხის მმართველობის შეცვლის მცდელობას საფუძვლიანი პოლიტიკური შინაარსი აქვს. დემოკრატიულ საზოგადოებაში კრიტიკულ აზრს ხელი უნდა შეეწყოს და არა მიჩუმდეს“, - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაში, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას და მოუწოდებს ყველა მხარეს თავი შეიკავოს ძალადობისგან და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ვითარების მშვიდობიან მოგვარებას. იან კელი აქვე მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ დაიცვას მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის პრინციპები. თუმცა, თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხედველობის არეში განსაკუთრებული სიცხადით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადების ის მონაკვეთი მოხვდა, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უაღრესადაა შეშფოთებული „რუსთავი-2“-ის მართვასა და საკუთრებასთან დაკავშირებით შუაღამისას განვითარებული მოვლენებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ ამერიკის ელჩის ეს განცხადება აკნინებს იუსტიციის მინისტრის საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს. მინისტრი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უწყებაში 5 ნოემბრის 18 საათზე შევიდა, რეგისტრაციაში კი 6 ნოემბერს, 9 საათსა და 20 წუთზე, გატარდა:

“მე მინდა მეგობრულად ვთხოვო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში, რომ განმიმარტოს, რას ნიშნავს ღამით მომხდარი პროცესები და ხელი დამიდოს იმ დოკუმენტზე, იმ პროცესზე, რომელიც სახელმწიფომ განახორციელა ღამით. მე ველოდები პასუხს, რადგან შეშფოთებით ვნახე ის განცხადება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გააკეთა და რომელიც, ვიტყოდი, არაპირდაპირ აკნინებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს, როგორც ინსტიტუტს“.

გუშინ, როდესაც დავიძინე, ვიცოდი, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც დაუყოვნებელი აღსრულება ვერ მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ მომდევნო საფეხური იქნებოდა აპელაცია და ამ ხნის განმავლობაში სისრულეში არ იქნებოდა მოყვანილი სასამართლოს გადაწყვეტილება...
იანოშ ჰერმანი

კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და მედიათავისუფლების პრინციპების ერთგულებაზე აკეთებს, თავის მხრივ, აქცენტს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი, რომელიც ასევე ამბობს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით რეალობა შემდეგნაირად შეიცვალა:

“გუშინ, როდესაც დავიძინე, ვიცოდი, რომ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც დაუყოვნებელი აღსრულება ვერ მოხდებოდა. ჩვენ ვიცოდით, რომ მომდევნო საფეხური იქნებოდა აპელაცია და ამ ხნის განმავლობაში სისრულეში არ იქნებოდა მოყვანილი სასამართლოს გადაწყვეტილება. ახლა რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ გადაწყვეტილებას მენეჯმენტის შეცვლის შესახებ შესაძლოა მოჰყვეს პოლიტიკური შედეგები“.

იანოშ ჰერმანი ამბობს, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს და ზემდგომნი, დამკვიდრებული პრაქტიკით, ამ პროცესს ხშირად აჭიანურებენ ხოლმე და ეს გაჭიანურება არ უნდა მოხდეს...
დიმიტრი ხაჩიძე

პროცესს აკვირდებიან საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სამოქალაქო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი, 9 ორგანიზაციის შემადგენლობით, აცხადებს, რომ საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველობის შესახებ ფუნდამენტურად უთხრის ძირს მედიის თავისუფლებას, ანადგურებს მედიაპლურალიზმს და საფრთხეს უქმნის საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგსა და სტაბილურობას. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის როლი ამ პროცესში, ქართული დემოკრატიისთვის არსებულ კრიტიკულ მომენტში, ძალზე მნიშვნელოვანია. განცხადების ხელმომწერები ფიქრობენ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ გადამწყვეტ დროს ყველა დაინტერესებულმა მხარემ იპოვოს სამართლებრივი გამოსავალი. ამასვე აცხადებს ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს დახმარებას სთავაზობს და კომპანიას, სასამართლოებსა და ხელისუფლებას პროცესის სამართლებრივ რელსებზედაბრუნებისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი გადის სამართლებრივი ჩარჩოებიდან და ზრდის მოვლენების იმგვარად განვითარების საშიშროებას, როგორც ეს 2007 წელს მოხდა:

“სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება ნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა გასაჩივრდეს და ზემდგომნი, დამკვიდრებული პრაქტიკით, ამ პროცესს ხშირად აჭიანურებენ ხოლმე და ეს გაჭიანურება არ უნდა მოხდეს. და არის მეორე ხერხი: საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება, როგორც გუშინ განაცხადა ამასთან დაკავშირებით გვარამიამ, რომ მიმართავდნენ უკვე ამ ნორმის შეჩერების მოთხოვნით და ამ სარჩელით,ეს მიმართონ და საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მალე, პირველი რიგის ამოცანად განსაზღვროს ეს, რომ ამ ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი დაისვას, შეჩერდეს თუ არ შეჩერდეს“.

საქართველოს სახალხო დამცველი კი საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს. იგი აღნიშნავს იმასაც, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის.

XS
SM
MD
LG