მოსკოვის ომმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სკოლებშიც შეაღწია - სკოლის მოსწავლეებს და ბაღის ასაკის ბავშვებსაც კი სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ უკრაინაზე თავდასხმის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის სადემონსტრაციოდ.
მარტში საბავშვო ბაღებმა და სკოლებმა ომის მხარდასაჭერი სხვადასხვა აქტივობა დაიწყეს სოციალურ მედიაში. ეს კამპანია ნამდვილად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის „ზემოდანაა“ კოორდინირებული. ლათინური ასო Z, რომელსაც კრემლი ომის მხარდაჭერის არაოფიციალურ სიმბოლოდ იყენებს (და რომელსაც ომის მოწინააღმდეგეები „Zvastika-ს“ უწოდებენ), სკოლების კარებსა და ფანჯრებზე გამოსახეს. სოციალური მედია სავსეა წერილებით, რომლებიც მოწაფეებმა მისწერეს უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს.
კარელიის ქალაქ ელინსენვაარას მოსწავლეები თოვლში დადგნენ და Z სიმბოლო გამოსახეს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მერვე წლისთავის აღსანიშნავად. ბევრს ხელში რუსეთის დროშა ეჭირა.
„ცუდია, როდესაც ბავშვებს ხელში დროშა უჭირავთ?“ - უთხრა სკოლის დირექტორმა რადიო თავისუფლებას. „ეს ფაშისტური სვასტიკა არ არის... კი, ეს არმიის მხარდასაჭერადაა, მაგრამ მგონია, რომ სწორია არმიის მხარდაჭერა. ჩვენ პატრიოტები უნდა აღვზარდოთ“.
31 მარტს რუსეთის მმართველმა პარტიამ იოშკარ-ოლაში, მარი-ელის რესპუბლიკის დედაქალაქში ჩაატარა "სამშობლოს მცველთა" დემონსტრაცია.
23 მარტს ირკუტსკის რეგიონის სოფელ მაისკის სკოლებისა და ბაღების მოსწავლეებმა თოვლში „ფლეშმობი“ მოაწყვეს, სათაურით „ჩვენებს არ მივატოვებთ“.
ციმბირის ომსკის რეგიონის სოფელ გლინკინოს ადმინისტრაციამ 29 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა: „პატრიოტიზმის ჩანერგვა დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემააო“. მსგავს პოსტებს, როგორც წესი, თან ახლავს სხვადასხვა ჰეშთეგი, სადაც ასო Z ფიგურირებს და, როგორც წესი, „ედინაია როსიას“ ადგილობრივ ფილიალებსაც „თაგავენ“.
„რა უნდა დავწერო? მიხარია, რომ ადამიანების დასახოცად წახვედი?“ - უთხრა ერთმა მეცხრეკლასელმა რადიო თავისუფლებას.
ბალტიის ზღვის საპორტო ქალაქ კალინინგრადში მდებარე სპორტის ახალგაზრდულ სასახლეში ორი სართულის სიმაღლეზე დააწერეს Z წმინდა გიორგის ლენტის შავ და სტაფილოსფერ ფერებად. ამავე ქალაქის მესამე სკოლის მოსწავლეებს ასწავლიან სიმღერას, სადაც ლაპარაკია „რუსული მიწის“ გეოგრაფიულ საზღვრებზე, რომელშიც, როგორც ჩანს, ექცევა უკრაინის ქალაქები ოდესა, ლუგანსკი და დონეცკი, მოლდოვის დნესტრისპირეთის რეგიონი და აშშ-ის შტატი ალასკა.
სიმღერის ტექსტი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა გააზიარა ინტერნეტში და დაწერა: „ტექსტი შემთხვევით აღმოვაჩინე. ჩემს შვილს არაფერი უთქვამს... ბავშვები ამ სიმღერას მთელი კვირა სწავლობდნენ. მგონი გამარჯვების დღის ზეიმზე უნდა ამღერონ“.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ცდილობს რაიმე წარმატებას მიაღწიოს უკრაინაში 9 მაისისთვის.
რუსეთის სკოლებში მოსწავლეებს სთხოვენ, წერილები მისწერონ ჯარისკაცებს უკრაინაში.
„რა უნდა დავწერო? მიხარია, რომ ადამიანების დასახოცად წახვედი?“ - უთხრა ერთმა მეცხრეკლასელმა რადიო თავისუფლებას. „სხვებს ვკითხე, რას წერთ-მეთქი. მათ ისეთი რამეები დაწერეს, მასწავლებელს რომ ყვირილი არ დაეწყო - ინტერნეტში ნახეს მსგავსი ტექსტები და გადაიწერეს. ერთმა გოგომ „გმირულის“ სინონიმები დაძებნა და შემდეგ ყველა მათგანი გამოიყენა“.
მე მხარს ვუჭერ სპეციალურ ოპერაციას, - გვითხრა მან, - მხარს ვუჭერ ჩემს ქვეყანას. მაგრამ, მოსწავლეებს ამ დავალებებს არ მივცემ. არ მიყვარს ფარისევლობა და ეს სწორედ ეგაა.
კალინინგრადის რეგიონის ქალაქ ბალტიისკის ერთმა მასწავლებელმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა, გვითხრა, რომ უარი განაცხადა, ბავშვებისთვის პროექტში მონაწილეობა დაევალებინა.
„მე მხარს ვუჭერ სპეციალურ ოპერაციას, - გვითხრა მან, - მხარს ვუჭერ ჩემს ქვეყანას. მაგრამ, მოსწავლეებს ამ დავალებებს არ მივცემ. არ მიყვარს ფარისევლობა და ეს სწორედ ეგაა. არა მგონია, რომ ბავშვებს შეეძლოთ ასეთი რთული საკითხების სათანადოდ განსჯა. ეგ კი არა, ყველა უფროსსაც არ შეუძლია“.
ალექსანდრ სოლომკომ, რომლის 6 წლის ვაჟიც პეტერბურგის სკოლაში დადის, თქვა, რომ ერთ დღეს ბიჭი სკოლიდან ატირებული დაბრუნდა და კითხულობდა, მამას და დედას უკრაინაში ხომ არ გააგზავნიან საბრძოლველადო. სოლომკო სკოლაში მივიდა და აღმოაჩინა, რომ კედლები მთლიანად პროპაგანდისტული გამოსახულებებითა და პატრიოტული სლოგანებით იყო აჭრელებული. „დირექტორს ველაპარაკეთ, რომელიც ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა, - თქვა მან, - გვითხრა, რომ ბავშვებისთვის პროპაგანდის მიწოდების წინააღმდეგი იყო. შეგვპირდა, რამდენიმე დღეში ჩამოვხსნიო... მართლაც, ორ დღეში ჩამოხსნა“.
ქალაქ ფსკოვის სასწრაფო დახმარების ექიმმა ივან ვასილიევმა ადგილობრივ გუბერნატორს მიმართა და მოითხოვა, რომ მეხუთედან მეათე კლასამდე მოსწავლეებს „საბაზისო სამხედრო წვრთნა“ გაატარონ. ვასილიევი წერილში წერს, ფსკოვი „ნატოს ორ სახელმწიფოს, ესტონეთსა და ლატვიას ესაზღვრებაო“.
გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა თქვა, ვასილიევის თხოვნას შევისწავლიო.