Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერი, მილიარდერის ქალიშვილი და პეტრეს ქალაქი


მილიარდერი გენადი ტიმჩენკო (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰოკეის მატჩზე სოჭში. 2017 წ.
მილიარდერი გენადი ტიმჩენკო (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჰოკეის მატჩზე სოჭში. 2017 წ.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვალაამის მონასტერი, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ლადოგის ტბის კუნძულზე მდებარეობს, ცნობილია თავისი მკაცრი მშვენიერებით.

სამხრეთ-დასავლეთით, ავტომანქანით ექვსი საათის სავალზე, სანქტ-პეტერბურგის ცენტრში განლაგებულია ამ მონასტრის კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მრავალი წლის განმავლობაში სხვებთან ერთად აქ იმყოფებოდა ბერი გავრილ ფროლოვი, რომელიც მონასტრის ეკონომი იყო.

მაგრამ 2020 წლისთვის ფროლოვს დიდი ხნის დატოვებული ჰქონდა ბერ-მონაზვნური ცხოვრება. ის იყო და დღემდე არის მფლობელი მსხვილი დეველოპერული კომპანიისა, რომელიც ცნობილია დიდი სავაჭრო ცენტრების, სპორტული არენებისა და ავტობანების კვანძების სარეკონსტრუქციო სამუშაოებით, რომ არაფერი ვთქვათ მარიას თეატრზე - რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქის სიამაყეზე.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიება ნათელყოფს, რომ, როგორც ჩანს, ის ამავე დროს არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს სიძე. ტიმჩენკო პუტინთან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაახლოებული ადამიანია. სხვათა შორის, მის წინააღმდეგ მოქმედებს აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციები.

ამ გამოძიებიდან ჩანს, თუ როგორ არის გადაჯაჭვული პუტანის რუსეთში ძალაუფლება, ფული და ოჯახური ურთიერთობები. პუტინის უახლოესი მეგობრებიდან ბევრმა უზარმაზარი სარგებელი ნახა ამ სისტემიდან.

Gunvor-ი

ტიმჩენკოს ქონება, რომელიც, Forbes-ის თანახმად, 22 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად მომდინარეობს მისი კომპანია Gunvor-იდან, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს შეიქმნა. ეს შვეიცარიული კომპანია ერთ დროს რუსეთის ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორი იყო. ტიმჩენკომ თავისი წილი შვედ პარტნიორს მიჰყიდა 2014 წელს, ერთი დღით ადრე, ვიდრე მას აშშ-ის სანქციები შეეხებოდა. ეს სანქციები ვაშინგტონმა რუსეთს დაუწესა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის დაკავების საპასუხოდ.

ცნობილია ასევე, რომ ტიმჩენკო ჰოკეით არის გატაცებული. ის იყო რუსეთის კონტინენტური ჰოკეის ლიგის თავმჯდომარე და წევრი პუტინის „ღამის ჰოკეის ლიგისა“, რომელშიც რუსეთის ელიტის წარმომადგენლები თამაშობენ და რომელშიც გოლების უმეტესობა პუტინს გააქვს.

როგორ იქცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი ბერი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელად? შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს მის სიმამრთან, გენადი ტიმჩენკოსთან (სურათზე).
როგორ იქცა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი ბერი სანქტ-პეტერბურგის ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელად? შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს მის სიმამრთან, გენადი ტიმჩენკოსთან (სურათზე).

მისი სამი შვილიდან უფროსი, 43 წლის ნატალია, ოფიციალურად ცნობილია, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ოქსფორდში ის ინგლისურ ლიტერატურას სწავლობდა. როგორც 2014 წელს უთხრა ტიმჩენკომ ტასს, ნატალია ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა რუსეთში, რათა იქ მოეხდინა „საკუთარი თავის რეალიზება“.

იმ დოკუმენტების თანახმად, რომლების გაცნობაც შეძლო რადიო თავისუფლებამ, ნატალია ასევე იყო სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო კლინიკა „სოგაზის“ კლიენტი. ეს კლინიკა ქალაქის უმდიდრეს ადამიანებს ემსახურებოდა და ის პუტინის უფროს ქალიშვილთან იყო დაკავშირებული. კლინიკა ასევე ცნობილია იმით, რომ მკურნალობდა პირებს, რომლებიც უცხოეთში მუშაობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“.

კლინიკაში ნატალია რეგისტრირებული იყო თავისი ყოფილი მეუღლის გვარით - ბრაუნინგით. ბრიტანული საბუთების მიხედვით, 2002 წელს ის ოქსფორდში თავის თანაკურსელს, პიტერ ბრაუნინგს გაჰყვა ცოლად.

ნატალია ბრაუნინგის სახელი ჩნდება ათი წლის შემდეგ, 2012 წელს ჩნდება ლუქსემბურგის კორპორაციულ რეესტრში, სადაც აღნიშნულია, რომ ტიმჩენკომ თავისი კომპანია Sogeco Participations-ის აქციების პაკეტის ნაწილი გადასცა საკუთარი ოჯახის წევრებს, მათ შორის ნატალია ბრაუნინგს.

რადიო თავისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა პიტერ ბრაუნინგის პოვნა კომენტარებისთვის.

როგორც ირკვევა, ნატალიას კინოინდუსტრიაშიც უმუშავია.

Kontur.Fokus-ის მონაცემთა ბანკის თანახმად, 2010 წელს ნატალია ბრაუნინგი Step Productions LLC-ის ერთადერთი დამფუძნებელი გახდა. კომპანიის შესახებ ცოტა ინფორმაცია მოიპოვება. ის 2020 წელს სხვა პირს გადაეცა.

ტიმჩენკო ფილანთროპი

რუსეთში ტიმჩენკო და მისი მეუღლე ელენა ცნობილი არიან როგორც ფილანთროპები. სხვათა შორის, მათ დახმარება გაწიეს ვალაამის მონასტრის აღდგენაში, რომელიც მართლმადიდებელმა ბერებმა დააარსეს XIII-XIV საუკუნეებში.

2012 წელს მიცემულ ინტერვიუში ტიმჩენკომ თქვა, რომ დაფინანსების მიზანია, „მომავალ თაობებს შეუნახოს უნიკალური არქიტექტურული კომპლექსი და ვალაამის ბუნების მშვენიერება“.

ვალაამის მონასტერი
ვალაამის მონასტერი

დოკუმენტების თანახმად, 2014 წელს ნატალია ტიმჩენკო კომპანია Akantus Atelier-ს ერთადერთი დამფუძნებელი იყო. ეს კომპანია სპეციალიზებულია რელიგიური ავეჯისა და კანკელების დამზადებაში.

კორპორაციული ჩანაწერები მოწმობს, რომ Akantus-ის გენერალური დირექტორი თავდაპირველად იყო ფროლოვი, ორი წლის შემდეგ კი ის მისი ერთადერთი მფლობელი გახდა, როცა ნატალიამ კომპანია დატოვა.

Akantus-ის კლიენტებს შორის არის ვალაამის მონასტერიც.

2014 წლის ნოემბერში მონასტრის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში გავრილის (ფროლოვის) შესახებ ნათქვამია, რომ ის კომუნიკაბელური ადამიანია, ხვდება მშენებლებს, კონტრაქტორებს, ოფიციალურ პირებს და აგვარებს მონასტრის რესტავრაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა მარიას თეატრში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც აღბეჭდილი არიან სანქტ-პეტერბურგის სამშენებლო კომპანია Gorka Group-ის წევრები და შეადარა ისინი სოცქსელ VK-ში გამოქვეყნებულ ფოტოებს ვალაამის მონასტრის ვებსაიტზე. მათ შეუდარეს სხვა ფოტოებიც.

ყველა შემთხვევაში ერთსა და იმავე ფოტოსთან გვაქვს საქმე. ამავე დროს დადგინდა, რომ სატელეფონო ნომერი, რომელიც, რეესტრის თანახმად, Akantus Atelier-ში გავრილ ფროლოვს ეკუთვნის, სხვა იურიდიულ რეესტრებშიც ჩნდება და მიეწერება „ვიქტორ-გავრილ ეკონომს“, „ბერ გავრილს“ და „მამა გავრილს“.

„თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სხვაგვარადაა“

არ არის ნათელი, ზუსტად როდის შეწყვიტა ფროლოვმა მღვდლობა. საეკლესიო ისტორიკოსის, მღვდელი იაკოვ კროტოვის თანახმად, ეს არ არის გავრცელებული პრაქტიკა, მაგრამ ასეთი შემთხვევები ყოფილა.

კროტოვის თქმით, იეროდიაკვანი, რაც იყო ფროლოვი, არის ბერი, რომელიც დიაკვნად იქნა ხელდასხმული. ის დებს უცოლობის, სიღატაკისა და მორჩილების ფიცს. მას ყოველთვის აქვს პერსპექტივა, გახდეს მღვდელი, ეპისკოპოსი და პატრიარქი.

„ვალაამის მონასტრის ეკონომობა უზარმაზარ სამუშაოს და უზარმაზარ ფულთან კავშირს გულისხმობს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ვალაამი პრაქტიკულად თავიდან აშენდა,“ თქვა კროტოვმა. „რამდენად ხშირად ტოვებენ ბერობას? კაცმა რომ თქვას, ეს სკანდალია, ვინაიდან ფიცს სამუდამოდ დებენ. ეს ცხოვრებაზე შუასაუკუნეობრივი წარმოდგენაა: მტერი სამუდამოდაა, ბერი სამუდამოდაა, მეფე სამუდამოდაა და ვერსად წახვალ. მაგრამ თანამედროვე სამყაროში, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა,“ ამბობს კროტოვი.

გაურკვეველია ისიც, თუ როდიდან აღარაა ფროლოვი სამშენებლო კომპანია Gorka Group-ის ხელმძღვანელი.

ბიზნესის რეესტრებში, სადაც ფროლოვის სახელი ჩანს, ასევე ფიგურირებს ვლადიმირ ლავლენცევი, რომლის მამამაც 2000-იანი წლების შუაში დააფუძნა სამშენებლო კომპანია GorKapStroy და ტიმჩენკოს პარტნიორი იყო სხვა დეველოპერულ ჯგუფში, რომელმაც მილიარდობით რუბლი მიიღო სახელმწიფო დაკვეთებში.

ლავლენცევი სანქტ-პეტერბურგის მაღალი რანგის პოლიტიკოსი იყო, 2023-2014 წლებში ის ბინათმშენებლობასა და კომუნალურ სამსახურებს უწევდა კურირებას.

GorKapStroy-მ, რომელმაც 2020 წელს სახელი გადაირქვა და Gorka Group-ი გახდა, სანქტ-პეტერბურგში სახელი მოიხვეჭა თავისი წარმატებული და განსაცვიფრებელი პროექტით ახალი საციგურაო არენის მშენებლობისთვის. დარბაზს 2023 წელს გამოიყენებენ ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს.

სამშენებლო ხარჯები, რაც უკვე თითქმის გაორმაგდა და 40 მილიარდ რუბლს (558 მლნ დოლარი) მიაღწია, მოიცავს არსებული სპორტული კომპლექსის დანგრევას. 2021 წლის იანვარში ამ ობიექტის ნგრევის პროცესში ის შემთხვევით ჩამოინგრა და ერთი მუშა დაიღუპა.

2020 წელს ლავლენცევმა დატოვა Gorka Group-ი და ტიმჩენკოს სხვა კომპანიაში დაიწყო მუშაობა. იმავე წლის აგვისტოში ფროლოვი Gorka Group-ის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. ბიზნესთან დაკავშირებული ჩანაწერების მიხედვით, მან აქციების 90% მიიღო.

რადიო თავისუფლება შეეცადა, კომენტარი მოეპოვებინა Gorka Group-ისგან, არის თუ არა მისი მფლობელი გავრილ ფროლოვი ვალაამის მონასტრის ყოფილი ბერი და ტიმჩენკოს ქალიშვილის, ნატალიას მეუღლე. კომპანიამ შეკითხვას პასუხი არ გასცა.

რადიო თავისუფლებამ ასევე სცადა, დაერეკა სატელეფონო ნომერზე, რომელიც, რეესტრის თანახმად, ფროლოვს ეკუთვნის, მაგრამ ნომერი გაუქმებული აღმოჩნდა.

ბოლომდე არ არის ნათელი, ნატალია ტიმჩენკო და გავრილ ფროლოვი იურიდიულად არიან თუ არა დაქორწინებული. რადიო თავისუფლებამ ვერ აღმოაჩინა ქორწინების შესახებ ჩანაწერები.

მაგრამ აშშ-ის ანალიტიკური კომპანია C4ADS-ისგან მიღებული ინფორმაციით, გავრილ ფროლოვი და ნატალია ტიმჩენკო, რომელიც ბრაუნინგის გვარს ატარებდა, 2015 წლის სექტემბერსა და დეკემბერში იმყოფებოდნენ მოსკოვის ავიარეისებზე. ერთი კვიპროსიდან იყო, მეორე - ფინეთიდან. საავიაციო სისტემის მიხედვით, მეორე რეისის დროს ისინი ერთად მიფრინავდნენ.

რადიო თავისუფლების მიერ შესწავლილი სამედიცინო დოკუმენტებიც მიანიშნებს, რომ 2014 წელს, რამდენიმე თვეში მას მერე, რაც Akantus Atelier დატოვა, ნატალია ტიმჩენკომ ქალიშვილი გააჩინა. რუსული ტრადიციის მიხედვით, საბუთებში მითითებულია გოგონას მამის სახელიც, „გავრილოვნა“ - გავრილის ასული.

XS
SM
MD
LG