Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მემორიალის“ ფაილები: წარსულის ხმები, რომელთაც პუტინის მთავრობა დადუმებით ემუქრება


როზა შოვკრინსკაიას მამა, იუსუფი (მარჯვნივ), 1937 წელს დააპატიმრეს. ის რამდენიმე წლის შემდეგ, გულაგში გარდაიცვალა.
როზა შოვკრინსკაიას მამა, იუსუფი (მარჯვნივ), 1937 წელს დააპატიმრეს. ის რამდენიმე წლის შემდეგ, გულაგში გარდაიცვალა.

ერთი თვის წინ რუსეთის მთავრობამ დაიწყო სამართლებრივი პროცესი „საერთაშორისო მემორიალის“ და უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ ლიკვიდაციისათვის. ორგანიზაციას ედავებიან იმას, რომ ის თავის მასალებს არ უკეთებს მარკირებას, რომ ისინი „უცხოეთის აგენტის“ მიერაა მომზადებული.

ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წლები მიუძღვნეს საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულებების კვლევას და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ადამიანის უფლებების დაცვას.

„საერთაშორისო მემორიალის“ უამრავ პროექტს შორისაა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ზეპირი ისტორიების შეგროვება და შენახვა. „ამ ეპოქის მოწმეთა მოგონებები უმნიშვნელოვანესი წყაროა იმის გადმოსაცემად, თუ როგორ ცხოვრობდნენ გულაგის პატიმრები და რას ნიშნავს იყო ტოტალიტარული სახელმწიფოს მოქალაქე“, - წერია „მემორიალის“ ვებსაიტზე.

„მემორიალის“ სასამართლო პროცესების პარალელურად გთავაზობთ ზეპირი ისტორიის რამდენიმე მაგალითს, რომლებიც „მემორიალის“ არქივებშია დაცული.

ელიზავეტა რივჩუნი, 2008

ცნობილი რუსი ჯაზმენის, დავიდ გეიგნერის ქალიშვილი იხსენებს, თუ როგორ დააპატიმრეს მამამისი 1937 წლის დეკემბერში და რა მოხდა შემდეგ. გეიგნერი კონცერტის შემდეგ, მოსკოვის მეტროპოლის რესტორანში აიყვანეს. ჯაშუშობასა და ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდეს ბრალი და 1938 წლის იანვარში სიკვდილით დასაჯეს. 1956 წლის 8 დეკემბერს მოხდა მისი რეაბილიტაცია.

ელიზავეტა რივჩუნის მშობლები, სესილია და დავიდ გეიგნერები
ელიზავეტა რივჩუნის მშობლები, სესილია და დავიდ გეიგნერები

70 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ყველაფერი ისე მაქვს ჩაბეჭდილი მეხსიერებაში, თითქოს გუშინ მოხდაო. ღამის პირველი საათის მიდამოებში გამაღვიძეს. 13 წლისა ვიყავი და სკივრზე მეძინა. ხუთნი ვცხოვრობდით 13-კვადრატულმეტრიან ოთახში. მე, დედიკო, მამა, ძმა და ძიძა. კომუნალური ბინა იყო - ხუთი თუ ექვსი ოთახით. ერთი პატარა საერთო სამზარეულო იყო ყველასთვის. ოთახის შუაგულში გასაშლელი საწოლი იდგა, სადაც ძამიკოს ეძინა. მე სკივრზე ვიწექი. დედა და მამა - კედელთან მიდგმულ საწოლზე. ძიძას სხვა სკივრზე ეძინა, კართან.

დედიკოსთან ერთად ორი კაცი შემოვიდა და ადგილზე გაშეშდნენ. მამიკო ნანახი ჰყავდათ - სცენაზე, სმოკინგში. ჩემი ულამაზესი დედაც გვერდით ედგა ხოლმე - საღამოს კაბაში გამოწყობილი და მღეროდა. ახლა კი მოვიდნენ და ნახეს ეს საცხოვრებელი პირობები. გაშეშდნენ. ერთმა იკითხა: „გეიგნერი აქ ცხოვრობდა?“ „ცხოვრობდა“. „ცხოვრობს“ კი არა, „ცხოვრობდა“. ძიძას ჰკითხეს. მანაც დაუდასტურა.

ასე, გახევებულები იდგნენ, ვიდრე მე და ჩემს ძმას გვაღვიძებდნენ. ისინი იდგნენ. დედაჩემი გაფითრებული ეყრდნობოდა კარადას - ცოცხალ-მკვდარი იყო. ის სკივრი გაჩხრიკეს, რომელზეც მეძინა. რაღაც ძონძები იპოვეს - მეტი ვერაფერი.

თექვსმეტი წლის შემდეგ გავიგე - 1956 წელს - რომ მამიკო დაპატიმრებიდან ერთ თვეში დახვრიტეს.

მამის დაჭერიდან ორ თვეში სკოლაში ვიყავი, როცა მასწავლებელმა მითხრა: „ლიზოჩკა, დირექტორს უნდა შენთან ლაპარაკიო“. მის კაბინეტს რომ მივუახლოვდი, ფეხები ამიკანკალდა. პატარა, გამხდარი გოგო ვიყავი. შევედი და უნებლიეთ ვკანკალებდი. ჩამეხუტა და მითხრა: „რა გატირებს? რა გატირებს?“ პირველ რიგში მკითხა, „დედაშენი სახლშია?“ მაშინ ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდა. ახლა კი ვიცი, რომ უნდოდა გაერკვია, მე და ჩემი ძმა მარტო დავრჩით თუ არა. ვუპასუხე, რომ სახლში იყო. მან კი თქვა: „მადლობა ღმერთს! რა გატირებს?“

ვუპასუხე: „მეშინია, რომ სხვები გაიგებენ, რომ მამიკო დაიჭირეს“. მან კი მითხრა: „სულელო. ნუ გეშინია. შენი კლასელების ნახევარი შენსავითაა და მამები სახლში აღარ ჰყავთ“. მას ერქვა ტროფიმ ნიკიტიჩ პოლიშჩუკი. მისი სახელი მთელი ცხოვრებაა მახსოვს იმ კეთილი სიტყვებისთვის, რაც მან იმ დღეს მითხრა.

ნინა სმირნოვა, 2008

ნინა სმირნოვა 1923 წელს დაიბადა. მისი ოჯახი საბჭოთა ხელისუფლებამ კულაკებად მიიჩნია და კრასნოდარის მხარეში გადაასახლა. ნინა კვლავაც იქ ცხოვრობდა, როდესაც „მემორიალს“ თავის ამბავს მოუყვა.

ნინა სმირნოვა
ნინა სმირნოვა

დედაჩემი უკრაინაში, დონეცკის ოლქში დაიბადა. მამა კი ვორონეჟის ოლქიდან იყო. დედაც გათხოვების შემდეგ ვორონეჟში ცხოვრობდა. ბავშვები გააჩინეს და, როგორც იტყვიან, საკუთარი ოფლით ცხოვრობდნენ.

მუშაობდნენ და მთელს ოჯახს არჩენდნენ - 10 შვილი ჰყავდათ. ორი მოუკვდათ. ოჯახსაც არჩენდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ - მიწას ქირაობდნენ. ვჭამდით - არ გვშიოდა - და ტანზეც გვეცვა.

მაგრამ, 1930 წელს დაიწყეს კამპანია კულაკების წინააღმდეგ... დედამ ტანზე საუკეთესო ტანსაცმელი დაგვახვია - რომ არ გამოეგლიჯათ. მამას ფეხიდან ჩექმები ააცალეს - ასეთი იყო დეკულაკიზაცია. სამი წლისა ვიყავი.

დედის ოჯახს კუტნიაკები ერქვათ. ვიცოდი, რომ ბაბუას სერჰი ერქვა, რადგან დედა ანა სერგეევნა იყო. ბებიის სახელი არ მახსოვს.

1930 წელს ჩვენი ოჯახი გააკულაკეს. გადაწყვიტეს, რომ მდიდრები ვიყავით და, შესაბამისად, კულაკები. ჩვენნაირი ბევრი იყო. მაგრამ, ღარიბი მეზობლების კრებამ გადაწყვიტა, რომ ჩვენ უნდა გავეკულაკებინეთ, ყველაფერი წაეღოთ და „კლასობრივი მტრების ლიკვიდაცია მოეხდინათ“. ასე წერია ჩვენ შესახებ არქივებში. ნიშნავს განადგურებას. ციმბირში გადაგვასახლეს.

პირუტყვისთვის განკუთვნილ ვაგონებში ჩაგვსხეს. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, როგორ ბნელოდა ვაგონებში. მახსოვს, რომ თივაზე ან რაღაც ბინძურ ჩვრებზე ვიჯექი.

მერე ციგებზე დაგვსხეს. ბავშვებს თივა და ჩვრები დაგვაფარეს. გამანაწილებელ სადგურში წაგვიყვანეს. მახსოვს, რომ უფროსები ციგებს ფეხით მოსდევდნენ. თავი ყინულით ჰქონდათ დაფარული. ადამიანები ჩემ თვალწინ თეთრდებოდნენ და ყინულით იფარებოდნენ. ყველაფერი მახსოვს. ციგებზე ვინც ვისხედით, ყველანი ვტიროდით. დავსველდით და გვციოდა. მინუს 50 გრადუსი იყო. საშინლად ვტიროდით. ახლაც კი, ხანდახან ღამით მეღვიძება და ვფიქრობ, რას უძლებდა დედაჩემის გული, შვილებს რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდა.

მაშინ - 1934 წლის მიდამოებში - ცარიელი ძვალი და ტყავი ვიყავი. მუცელი დოლივით მქონდა. რაქიტი მჭირდა. თვალები მიპრიალებდა. 12 წლამდე გაბერილი მუცლით დავდიოდით.

ერთხელ სადღაც ვისხედით და დედა იქ არ იყო. ქვაბი იდგა და შიგ თბილი წყალი ესხა. ჩემმა დამ, ირინკამ მითხრა: „მოდი, მარილი ჩავყაროთ და ვჭამოთო“. წყალში მარილი ჩავყარეთ - კი, მარილი გვქონდა - და სამმა გოგომ წყალი ვჭამეთ. ასე, კოვზით ვჭამეთ, ვიდრე არ გავძეხით.

ომის დროს პური არ იყო. მინდორში ნიჩბებით დავდიოდით და აქა-იქ ვთხრიდით იმ იმედით, რომ თაგვის სამალავს ვიპოვიდით. ომის მერე მაგ ამბების გახსენების გვეშინოდა. ვინმე თუ დაგაბეზღებდა, უკვალოდ გაქრებოდი. სასამართლოს და პროცესის გარეშე. ეგრევე კოლიმაში...

ლენინი 1924 წელს მოკვდა. სტალინმა გვიქნა ეს ყველაფერი.

როზა შოვკრინსკაია, 2009

როზა შოვკრინსკაია 1930 წელს დაიბადა. მამამისი, იუსუფი რუსეთის სამოქალაქო ომში იბრძოდა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი იყო დაღესტანში. 1937 წელს დააპატიმრეს და გულაგში, ვორკუტის მახლობლად გარდაიცვალა.

როზა შოვკრინსკაია
როზა შოვკრინსკაია

დედამ გვითხრა, რომ მამა მივლინებაში წავიდა. თუმცა, მამა აღარასოდეს გვინახავს. სამი წელი მახაჩყალის ციხეში იჯდა. სამი წელი აწამებდნენ - სხვადასხვა გამომძიებელი. ყველაფერი ჩაიწერა და ჩუმად გამოატანა ციხის ერთ თანამშრომელს.

მამამ იქ სამი წელი დაჰყო, მარტომ. სამი წლის შემდეგ მისი სასამართლო დაიწყო. მის მამხილებელ ჩვენებას 36 ადამიანი აწერდა ხელს, თუმცა აღარცერთი იყო ცოცხალი. მაგრამ ტრიბუნალმა ის მაინც დამნაშავედ ცნო და 8 წელი მიუსაჯა. 8 წელი.

ციმბირში გადაასახლეს. ჩრდილოეთიდან, პეჩლაგიდან მივიღეთ ერთადერთი წერილი. იქაურ ბუნებას აღწერდა, ამბობდა, გარშემო ყველაფერი თოვლითაა დაფარულიო. თეთრ დათვებს და ტუნდრის გნოლებს აღწერდა. წერდა, რომ ისეთ რამეებს აშენებდნენ, რაც ჩვენს საბჭოთა ოჯახს სჭირდებოდა - რომ ეგ რკინიგზა ჩვენი ოჯახისთვის აუცილებელი იყო. წარმოდგენა არა მაქვს, რა რკინიგზა იყო.

ამ წერილის შემდეგ მამისგან არაფერი გაგვიგია.

მეტი წერილი აღარ მიგვიღია. ერთი წლის შემდეგ, 1941 წელს, გვაცნობეს, რომ მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა. პანაშვიდზე მოსვლის უფლება არავის ჰქონდა. სოფლის საბჭომ დაცვა დაგვიყენა, რომ არავინ მოსულიყო.

დედამ და შვილებმა მამა მარტომ დავიტირეთ. ჩვენს კოლმეურნეობაში დედას ხმას არავინ სცემდა. სკოლაში სიარულის უფლება არ გვქონდა.

დედა ბრალს არავის სდებდა. სტალინს არაფერში ადანაშაულებდა. ამბობდა: „სტალინი ამას ვერ იზამდა. სტალინმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. სტალინის ბრალი არ არის“.

XS
SM
MD
LG