Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ძაღლი“ და „საზოგადოების სირცხვილი“: როგორ ხვდება რუსეთი დევნილ გეებს


მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ლგბტ აქციის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ცისარტყელას ფერებიანი დროშის აქციიდან გატანას (2015 წელი)
მოსკოვის ცენტრში მიმდინარე ლგბტ აქციის მოწინააღმდეგეები ცდილობენ ცისარტყელას ფერებიანი დროშის აქციიდან გატანას (2015 წელი)

ივლისის შუა რიცხვებში უზბეკეთის მოქალაქემ, აივ (შიდსი) პოზიტიურმა გეიმ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის საკითხების სამმართველოს მიმართა. მისი მშობლიური უზბეკეთისაგან განსხვავებით, სადაც მამაკაცებს შორის სექსუალური ურთიერთობის გამო შესაძლოა ციხეში აღმოჩნდე, რუსეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობა დეკრიმინალიზებულია.

მაგრამ უზბეკ მოქალაქესა და მის ადვოკატთან საუბრის დროს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ქალმა ისინი მიახვედრა, რომ არ თანაუგრძნობს გეების მდგომარეობას. „ჩემი ნება რომ იყოს, ყველას კედელთან მიგაყენებდით“, - ამბობს სამინისტროს მოსკოვის განყოფილების თანამშრომელი აუდიოჩანაწერში, რომელიც რადიო თავისუფლების განკარგულებაშია.

გარკვეულ მომენტში მოხელემ, რომელიც, მისი თქმით, წარმოშობით ცენტრალური აზიიდანაა, მამაკაცის სექსუალური ორიენტაციის მიმართ თავისი არაკეთილგანწყობა მშობლიურ ენაზე გამოხატა: „წყეულიმც იყოს მამაშენი. ძაღლო, გესმის ჩემი?“- ისმის მისი ხმა უზბეკურად.

განმცხადებლის ადვოკატმა თანამშრომლის ამ შეურაცხმყოფელ შენიშვნაზე სარჩელი შეიტანა იმ გეების სახელით, რომლებიც რუსეთში თავშესაფარს ეძებენ.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ლგბტ პირები რუსეთიდან ხშირად მიმართავენ თავშესაფრისათვის დასავლეთის ქვეყნებს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2013 წელს ხელი მოაწერა კანონს „არასრულწლოვანთა შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“.

ლგბტ აქტივისტების ჯგუფმა "გამოფინა" ცისარტყელას ფერებიანი დროშა იმ დროს, როცა რუსეთი მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო (მსოფლიო ჩემპიონატის დროს)
ლგბტ აქტივისტების ჯგუფმა "გამოფინა" ცისარტყელას ფერებიანი დროშა იმ დროს, როცა რუსეთი მსოფლიო ყურადღების ცენტრში იყო (მსოფლიო ჩემპიონატის დროს)

აქტივისტების შეფასებით, ერთობ მცირეა რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც რუსეთში გარბიან იმ ქვეყნებიდან, სადაც ჰომოსექსუალური ურთიერთობა აკრძალულია. მათმა ნაკადმა ცოტათი იმატა ზაფხულში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ვინაიდან გეები რუსეთში ჩავიდნენ ქომაგთა პასპორტებით და მოითხოვეს თავშესაფრის სტატუსი, - ამბობს ვარვარა ტრეტიაკი, დევნილებისა და მიგრანტების დახმარების საქველმოქმედო ორგანიზაცია „სამოქალაქო თანადგომის“ კოორდინატორი.

„მათ ჰგონიათ, რომ აქ ევროპასავითაა“

რუსეთში გამოქცეული ზოგიერთი ჰომოსექსუალი, კერძოდ, ადვოკატის სარჩელში ხსენებული უზბეკეთის მოქალაქე, ცენტრალური აზიის ყოფილი პოსტსაბჭოთა, მეტწილად, იმ მუსლიმანური ქვეყნიდანაა, სადაც მათ სისხლის სამართლებრივი დევნა და მტრული დამოკიდებულება ემუქრებათ თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო.

ასეთი განმცხადებლები, როგორც წესი, მეტნაკლებად ორიენტირებული არიან რუსეთის რეალობაზე, მაგრამ ზოგიერთებმა, მაგალითად, აფრიკიდან ჩამოსულებმა, არ იციან, თუ რა ვითარებაა ლგბტ პირების უფლებების მხრივ რუსეთში: უფლებადამცველები და დასავლელი პოლიტიკოსები მოსკოვს ბრალს სდებენ იმაში, რომ ბოლო წლებში ნაყოფიერი რეჟიმი შეიქმნა სექსუალური უმცირესობის მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობისათვის.

„ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთში ისევეა, როგორც ევროპაში, რომ ისინი უსაფრთხო გარემოში მოხვდნენ. და, ცხადია, ძალიან დიდ იმედგაცრუებას განიცდიან უკვე იმ თავშესაფრისთვის მიმართვის მომენტში, როდესაც აწყდებიან ძალიან ძლიერ ჰომოფობიას თანამშრომლების მხრიდან, რომლებიც მათ შეურაცხყოფას აყენებენ“, - აღნიშნა ჩვენს კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ვარვარა ტრეტიაკმა.

ლგბტ აქტივისტს თავს ესხმიან მოსკოვის ცენტრში, 2015 წლის მაისი
ლგბტ აქტივისტს თავს ესხმიან მოსკოვის ცენტრში, 2015 წლის მაისი

ვლადიმირ პუტინი და სხვა ოფიციალური პირები უარყოფენ სექსუალური უმცირესობის დისკრიმინაციის თაობაზე გამოთქმულ ბრალდებებს და ამტკიცებენ, რომ კანონი გეების პროპაგანდის თაობაზე გამიზნულია მხოლოდ ბავშვების დასაცავად.

„სტალინის დროს ყველაფერი ასე კარგად იყო“

ანტონ რიჟოვი, ლგბტ პირთა საინიციატივო ჯგუფ „სტიმულის“ ადვოკატი, იმ უზბეკი მოქალაქის ინტერესებს იცავს, რომელსაც, როგორც ზემოთ ითქვა, რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის მოსკოვის განყოფილების თანამშრომელმა „ძაღლი“ უწოდა. რიჟოვის თქმით, მან გადაწყვიტა კოლეგებთან ერთად ოფიციალური საჩივარი შეეტანა შინაგან საქმეთა სამინისტროში,რათა შეიცვალოს თავშესაფრის სტატუსის მაძიებელთა მიმართ არსებული „მანკიერი სისტემა“.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ საერთო მიდგომა პრობლემისადმი: გამოვიდეთ არა კონკრეტული ადამიანების ინტერესებიდან, არამედ მეტი ვიფიქროთ მომავალზე, რომ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელთა დამოკიდებულება განსხვავებული იყოს“, - ამბობს რიჟოვი.

ამ კვირაში მან ფოსტით გაგზავნა უზბეკეთის მოქალაქის, ასევე თურქმენი, ნიგერიელი და სირიელი გეების სახელით დაწერილი სარჩელები, რომლებშიც ისინი რუსეთში დევნილის სტატუსს ითხოვენ.

საჩივარში, რომელსაც რადიო თავისუფლებაც გაეცნო, ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც დევნილებისა და თავშესაფრის მაძიებელთა საქმეები ეხებათ, წინააღმდეგობას უქმნიან ადვოკატ რიჟოვის კლიენტებს, კერძოდ, ითხოვენ მტკიცებულებას, რომ ისინი გეები იყვნენ განაცხადის შეტანის დროს.

რუსეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ითხოვს სექსუალური ორიენტაციის დამადასტურებელ მტკიცებულებას. კერძოდ, აშშ ასევე ითხოვს მტკიცებულებას, ამბობს ნიუ-იორკში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „საიმიგრაციო თანასწორობის“ წარმომადგენელი ჯეკი იოდაშკინი.

„იმ ქვეყნებიდან დევნილებს, სადაც ლგბტ წარმომადგენლები საფრთხეში არიან და სადაც ისინი კანონგარეშე არიან გამოცხადებულნი, უკიდურესად უჭირთ მსგავსი მტკიცებულების წარმოდგენა, რადგან მალულად ცხოვრობენ, საკუთარი სიცოცხლისთვის მუდმივი საფრთხის განცდით“, - განაცხადა მან.

მაგრამ მტკიცებულების წარდგენამდე ჯერ კიდევ შორსაა, ამბობს ადვოკატი რიჟოვი:

„კანონი ადგენს პროცესუალურ გარანტიებს: რუსეთში ჩამოსულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განაცხადის შეტანა დევნილობაზე, ხოლო ხელისუფლება ვალდებულია დააკმაყოფილოს ის. მაგრამ აქ ესეც შეუძლებელია“.

საჩივარში რიჟოვი საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ადანაშაულებს თავისი კლიენტების „შეურაცხყოფასა და დისკრიმინაციაში“. დოკუმენტში მოტანილია უზბეკეთის ხსენებული მოქალაქის მისამართით თანამშრომელი ქალის მირ გაკეთებული რამდენიმე გამოთქმა - კერძოდ, აივ-შიდსით დაავადებულ ადამიანებს იგი უწოდებს „სპიდნიკებს“ და წუხს, „რომ თერაპია მოიგონეს“.

„საზოგადოების სირცხვილი“, - გაისმის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელი ქალის ხმა ჩვენს ხელთ არსებულ ჩანაწერში.

განმცხადებლის სიტყვებზე, რომ იმედოვნებს რუსეთში პარტნიორზე დაქორწინებას, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელი მას ურჩევს უზბეკეთში სცადოს ბედი. მაისში უზბეკეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უგულებელყოფილი დარჩება საზღვარგარეთიდან წამოსული მოწოდებები ლგბტ პირების უფლებების დაცვაზე.

როდესაც ადვოკატმა რიჟოვმა და მისმა კლიენტმა აღნიშნეს, რომ უზბეკეთში ჰომოსექსუალური ურთიერთობები ჯერჯერობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელმა ქალმა ნოსტალგია გამოთქვა იმ დროზე, როდესაც საბჭოთა კავშირში ეს დანაშაულად ითვლებოდა.

„სტალინის დროს ყველაფერი რა კარგად იყო“, - ამბობს იგი.

„საბჭოთა ძმური ამბორით“ შეკავშირებული საბჭოთა კავშირის ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ნიკოლაი პოდგორნი, კრემლში, 1975 წ. ჰომოსექსუალიზმი 1933 წელს უკანონოდ გამოცხადდა სტალინის მიერ. კანონის თანახმად, შესაძლებელი იყო გეი-მამაკაცებისთვის 5 წლამდე მძიმე იძულებითი შრომის მისჯა. ლესბოსელობა არასდროს ყოფილა კრიმინალიზებული, თუმცა, „თორაზინი“, ძველი ანტიფსიქოზური მედიკამენტი რეკომენდებული იყო გეი-ქალების „სამკურნალოდ“.
„საბჭოთა ძმური ამბორით“ შეკავშირებული საბჭოთა კავშირის ლიდერი ლეონიდ ბრეჟნევი და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ნიკოლაი პოდგორნი, კრემლში, 1975 წ. ჰომოსექსუალიზმი 1933 წელს უკანონოდ გამოცხადდა სტალინის მიერ. კანონის თანახმად, შესაძლებელი იყო გეი-მამაკაცებისთვის 5 წლამდე მძიმე იძულებითი შრომის მისჯა. ლესბოსელობა არასდროს ყოფილა კრიმინალიზებული, თუმცა, „თორაზინი“, ძველი ანტიფსიქოზური მედიკამენტი რეკომენდებული იყო გეი-ქალების „სამკურნალოდ“.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო ერთბაშად მოეხდინა რეაგირება საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის სიტყვების შემცველ ვიდეოჩანაწერსა და რიჟოვის საჩივარზე მისი კლიენტის მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე.

სამინისტრის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ განაცხადი 5 სექტემბერს იქნა მიღებული და იგი გადაეგზავნა საიმიგრაციო სამსახურს.

„არც ისე ცუდია, როგორც კამერუნში“

კამერუნელი გეი, 30 წლის ტიერი, ამბობს, რომ არ იცოდა რუსეთის ლგბტ პირების მდგომარეობის გაუარესების შესახებ, როდესაც დევნილის სტატუსის შესახებ მოთხოვნა შეჰქონდა.

„არ ვიცოდი გეების პროპაგანდის შესახებ კანონის არსებობის თაობაზე, ეს მხოლოდ მაშინ მითხრეს, როცა რუსეთში ჩავედი“, - გვითხრა ტელეფონით ტიერიმ, რომლის საქმე ასევე არის შეტანილი რიჟოვის საჩივარში.

ჯვარცმაზე შებმული ცისარტყელას ფერებიანი ლენტი ​ერმიტაჟის თავზე, რუსეთის დროშის გვერდით.
ჯვარცმაზე შებმული ცისარტყელას ფერებიანი ლენტი ​ერმიტაჟის თავზე, რუსეთის დროშის გვერდით.

ტიერიმ ინტერვიუზე თანხმობა განაცხადა იმ პირობით, რომ მითითებული არ იქნებოდა მისი ნამდვილი სახელი. მან გვიამბო, რომ კამერუნში მის და მისი პარტნიორის მიმართ „ფიზიკური და სიტყვიერი“ შეურაცხყოფა დაიწყო მას შემდეგ, რაც ახლობლებმა გაიგეს, რომ გეი იყო. მამა და ნათესავები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„დედა ცდილობდა ჩემ დაცვას და მირჩია, ქვეყანა დამეტოვებინა“, - იგონებს იგი. რუსეთში თავს „უფრო უსაფრთხოდ“ გრძნობს, ვიდრე კამერუნში.

„რუსეთში ლგბტ პირებს ასევე არ იღებენ, მაგრამ მოსკოვში, ყოველ შემთხვევაში, სიტუაცია უკეთესია, ვიდრე პროვინციაში. ლგბტ წარმომადგენლები გაერთიანებული არიან. ვიპოვე პარტნიორი. ასე რომ, აქ არც ისე ცუდია, როგორც კამერუნში“, - ამბობს ტიერი.

საფუძველი ოპტიმიზმისათვის?

ლგბტ პირებისათვის რუსეთში თავშესაფრის მიღება რთული ამოცანაა. 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში დევნილად მიჩნეული იქნა სულ 598 კაცი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

228 392 კაციდან, რომლებმაც დროებითი თავშესაფარი მიიღეს 2017 წელს, თითქმის 99 %უკრაინელია. მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებსა და უკრაინელ სამხედროებს შორის 2014 წლის შემდეგ დაწყებულ კონფლიქტში 10 300-ზე მეტი კაცი დაიღუპა.

„სამოქალაქო თანადგომის“ კოორდინატორ ვარვარა ტრეტიაკის თქმით, მისი ორგანიზაციისათვის არ არის ცნობილი არც ერთი შემთხვევა, რომ „დევნილის დროებითი სტატუსი ან დროებითი თავშესაფარი მიეცეთ განმცხადებლისათვის, რომელიც ამბობს, რომ სამშობლოში სექსუალური ორიენტაციისათვის იდევნება“.

როცა თავშესაფრის მაძიებელი ექვსი ლგბტ პირის საქმეზე ლაპარაკობს, ტრეტიაკი აღნიშნავს, რომ აინტერესებს, „რას იტყვის საიმიგრაციო სამსახური და რატომ არ მისცემენ ამჯერად ადამიანებს დევნილის სტატუსს“.

თუმცა დევნილის სტატუსის მაძიებლებს ოპტიმიზმისათვის გარკვეული საფუძველი აქვთ.

დევნილთა საქმეების გაეროს უმაღლესი კომისრის, რუსეთის სამმართველოს პრესმდივნის ანასტასია სოლტანოვსკაიას თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დევნილის სტატუსს რუსეთში მხოლოდ ერთეულები იღებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არსებობს შემთხვევები, როცა ლგბტ წარმომადგენლებს მიეცათ დროებითი თავშესაფარი.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG