Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბრუნება მომავალში: უკრაინის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე, ცივი ომის ეპოქის ტერმინები ბრუნდება


მოსკოველები ხორცის რიგში 1991 წელს. გახდება თუ არა კომუნისტური ეპოქის მსგავსი რიგები კვლავ ჩვეული მოვლენა რუსეთში?
მოსკოველები ხორცის რიგში 1991 წელს. გახდება თუ არა კომუნისტური ეპოქის მსგავსი რიგები კვლავ ჩვეული მოვლენა რუსეთში?

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ხანგრძლივ მმართველობას საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგია აძლიერებდა - დაწყებული ისეთი დიდი საკითხებით, როგორიცაა მკაცრი პოლიტიკური სისტემის აღდგენა და მედიაზე სახელმწიფოს ბატონობა, დამთავრებული სიმბოლური ზომებით, როგორიცაა საბჭოთა ეპოქის დროინდელი ეროვნული ჰიმნის აღდგენა, თუმცა შეცვლილი ტექსტით.

ახლა, როცა მოსკოვის ომი უკრაინაში მესამე თვეს უახლოვდება და რუსეთი სულ უფრო მეტად გრძნობს დასავლეთის სანქციების სიმწვავეს, ცივი ომის ეპოქის მრავალი ტერმინი კვლავ შემოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე, რომ ბევრ რუსს შესაძლოა უჩნდებოდეს კითხვა, რის მიმართ ჰქონდათ მათ ნოსტალგია.

საბჭოთა კულტურის ერთ-ერთი უკანასკნელი დიდი ამოსუნთქვა იყო ფართოდ პოპულარული, 1988 წლის ფილმი "პატარა ვერა", ფილმი, რომელშიც ალკოჰოლიზმი, ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და სასოწარკვეთა გაერთიანდა იმ პესიმიზმის, აპათიისა და ცინიზმის გადმოსაცემად, რაც ახასიათებდა საბჭოთა კავშირს მისი დასასრულის მოახლოებისას.

ფილმის მოქმედება ვითარდებოდა აზოვის ზღვის საპორტო ქალაქში, მარიუპოლში, რომელსაც იმ დროს ჟდანოვი ეწოდებოდა, სტალინის ეპოქის იდეოლოგის, ანდრეი ჟდანოვის პატივსაცემად. მას ეკუთვნის გამონათქვამი: "ერთადერთი კონფლიქტი, რაც შესაძლებელია საბჭოთა კულტურაში, ეს არის კონფლიქტი კარგსა და უკეთესს შორის".

მარიუპოლი დამოუკიდებელ უკრაინაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, შეიცვალა და აყვავებისა და განვითარების გზას დაადგა, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა. დღეს კი ის კვლავ სიმბოლოა - ოღონდ ტანჯვის, სიკვდილისა და განადგურების სიმბოლო, რაც რუსეთმა დაატეხა მას თავს უკრაინასთან ომში.

Mariupol: How A Prosperous Ukrainian City Was Turned Into A Cemetery
please wait

No media source currently available

0:00 0:04:14 0:00

ქვემოთ რადიო თავისუფლებამ შეაგროვა სიტყვების, ფრაზების და ცნებების ნაწილის სია, რომელიც ბევრს მიაჩნდა, რომ 1984 წლის მსოფლიოში დარჩა, მაგრამ რომელიც გასაოცრად დაბრუნდა ქვეყანაში, სადაც ცოტა ხნის წინ დააჯარიმეს ბიზნესმენი ივანოვოში, "რუსული შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისთვის" მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქუჩაში იდგა და გამვლელებს ჯორჯ ორუელის დისტოპიური კლასიკური რომანის უფასო ეგზემპლარებს ურიგებდა.

დასმენები

თავის 1982 წლის ნოველაში "ზონა", დისიდენტმა სერგეი დოვლატოვმა დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა სამართლიანად დაგმო საბჭოთა დიქტატორი, იოსებ სტალინი, მასობრივი რეპრესიებისა და მკვლელობების გამო, არსებობს კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას: "ვინ დაწერა ის 4 მილიონი დასმენა?"

"ისინი ჩვეულებრივმა საბჭოთა ადამიანებმა დაწერეს", იყო მისი პასუხი.

დღეს ჩვეულებრივი რუსები სულ უფრო მეტად თუ უპირისპირდებიან ერთმანეთს, უკრაინის ომის წინააღმდეგ ნებისმიერი განცხადების ან ქმედების შესახებ უთანხმოების გამო. მასწავლებლები, რომლებიც კლასში ომის ამბავს განიხილავენ, განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან დასმენების (რუსულად "დონოსი") მიმართ და ძალიან სწრაფად კარგავენ სამუშაოს.

"მსგავს ეპიზოდებს ჯერჯერობით მასობრივი ხასიათი არ მიუღია, მაგრამ ისინი ასახავენ მზარდ პარანოიას და პოლარიზაციას რუსულ საზოგადოებაში", წერდა The New York Times-ი 9 აპრილს. "მოქალაქეები ასმენენ ერთმანეთს, რაც სტალინური ეპოქის ტერორის შემზარავი გამოძახილია და რასაც ზურგს უმაგრებს სახელმწიფოს მანკიერი ოფიციალური რიტორიკა".

ემიგრაცია

საბჭოთა პერიოდი ხასიათდებოდა ემიგრაციის სამი დიდი ტალღით - ერთი 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის და რუსეთის სამოქალაქო ომის შემდეგ, მეორე ტალღა გამოიწვია არეულობებმა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგ, მესამე ტალღა კი - 1960-იან, 1970-იან და 1980-იან წლებში. მომავალი ისტორიკოსები უკრაინის ომის პერიოდს ალბათ ემიგრაციის მეოთხე ტალღას დაარქმევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმ რუსების ზუსტი რაოდენობის დასახელება, რომელთაც დატოვეს თავიანთი ქვეყანა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში 24 თებერვალს, The Economist-ის თანახმად, მარტის თვეში, ეს რიცხვი 200 ათასზე მეტს უდრიდა და ჟურნალმა ტენდენციას "ქვეყნიდან პანიკური გაქცევა" უწოდა.

ემიგრაციის წინა ტალღების მსგავსად, ეს ტალღაც მოიცავს ღრმად განათლებული, აქტიური ადამიანების, ინტელექტუალებისა და პროფესიონალების მნიშვნელოვან პროცენტს. წინა ტალღებისგან განსხვავებით, ამჯერად დანიშნულების ადგილებს ძირითადად საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები წარმოადგენს, როგორებიცაა სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი და უზბეკეთი, რადგან დასავლეთის სანქციებმა ბევრი სხვა შესაძლებლობა გააუქმა.

ბალერინა ოლგა სმირნოვა. ნეაპოლი, 4 აპრილი, 2022
ბალერინა ოლგა სმირნოვა. ნეაპოლი, 4 აპრილი, 2022

დეზერტირები

ცივი ომის დროს დროდადრო ადგილი ჰქონდა ცნობილი ფიგურების - ხშირად კულტურისა და სპორტის სფეროდან - გაქცევას დასავლეთში. 1961 წელს რუდოლფ ნურეევი, რომელიც საზოგადოდ აღიარებული იყო თავისი თაობის უდიდეს ბალერონად, გაიქცა საბჭოთა კავშირიდან და პარიზის აეროპორტში მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი. მისი კარიერა შემდეგ დასავლეთში გაგრძელდა გარდაცვალებამდე, 1993 წლამდე. 1974 წელს, საბჭოთა კავშირიდან ტორონტოში გაიქცა ბალეტის მოცეკვავე მიხაილ ბარიშნიკოვი.

ყველაზე ცნობილ საბჭოთა დეზერტირებს შორის იყო „კა-გე-ბეს“ მრავალი თანამშრომელი, და თავად სტალინის ქალიშვილი, სვეტლანა ალილუევაც კი. (რუსულად - "ნევოზვრაშჩენცი" - ისინი, ვინც უცხოეთიდან უკან არ დაბრუნდა.)

17 მარტს, დიდი თეატრის წამყვანმა სოლისტმა ოლგა სმირნოვამ, დატოვა რუსეთი და ნიდერლანდში გაემგზავრა. ის უკრაინასთან ომის წინააღმდეგია და 1 მარტს Telegram-ზე თავის პოსტში დაწერა, რომ "რცხვენია რუსეთის გამო".

რუსი ბალერინა ოლგა სმირნოვა უკრაინისთვის გამართულ საქველმოქმედო სპექტაკლში ნეაპოლში, 4 აპრილს.
რუსი ბალერინა ოლგა სმირნოვა უკრაინისთვის გამართულ საქველმოქმედო სპექტაკლში ნეაპოლში, 4 აპრილს.

ბრიტანულმა გაზეთმა The British Daily Express, თავისი სტატია ამ სათაურით გამოაქვეყნა: "რუსი პრიმა ბალერინა ოლგა სმირნოვა ნიდერლანდებში გაიქცა". The New York Times-მა სმირნოვას გადაწყვეტილებას უწოდა „ერის სიამაყისთვის სახეში გარტყმა“. გაზეთმა მოიყვანა სმირნოვას ახალი უფროსის, ნიდერლანდების ეროვნული დასის ხელმძღვანელის, ტედ ბრანდსენის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ რუსი მოცეკვავეები მას "ყოველდღიურად" უკავშირდებოდნენ.

"ჩვენ ცივი ომის ეპოქაში ვბრუნდებით", თქვა მან.

23 მარტს, პუტინის მრჩეველმა და ცნობილმა პოსტსაბჭოთა ეკონომიკის რეფორმატორმა, ანატოლი ჩუბაისმა, რუსეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა.

18 აპრილს, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, დაიწყო ე.წ. ჩუბაისის კანონის განხილვა, რომლის თანახმადაც, ნებისმიერი ოფიციალური პირი, რომელიც დატოვებს თავის პოსტს ომის გამო და წავა ქვეყნიდან, შეტანილი იქნება საგანგებო "საჯარო რეესტრში" და სამუდამოდ აეკრძალება ოფიციალური თანამდებობის დაკავება.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ

1920-იანი წლების დასაწყისში, ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის შემდეგ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ შეიქმნა ემიგრანტების მიერ, რომელთაც გაწყვიტეს კავშირი მოსკოვის საპატრიარქოსთან. 2007 წელს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ კვლავ შეუერთდა მოსკოვის ეკლესიას, რასაც პუტინი ენთუზიაზმით მიესალმა.

თუმცა ისეთი ღრმა განხეთქილება არ მომხდარა, მოსკოვის კონფლიქტი უკრაინასთან ძვირი დაუჯდა რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას, 2014 წლიდან მოყოლებული, როცა რუსეთმა უკრაინის ყირიმი დაიპყრო და სეპარატისტული კონფლიქტი გააჩაღა აღმოსავლეთ უკრაინის ზოგიერთ ნაწილში. ამ ნაბიჯების შესახებ ხმამაღლა იტყობინებოდა ხოლმე რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი, რომელიც პუტინის ღია მხარდამჭერია.

2019 წლის იანვარში, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია ანუ დამოუკიდებლობა მიანიჭა, რითაც დაასრულა მოსკოვის საპატრიარქოს სამსაუკუნოვანი ბატონობა უკრაინის მართლმადიდებლობაზე.

უკრაინის მართლმადიდებელი სამრევლოების დაახლოებით ნახევარი ახალ ეკლესიას შეუერთდა, ნახევარი კი კირილის ერთგული დარჩა. თებერვალში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინაში მოსკოვის ერთგული ეპარქიების თითქმის ნახევარმა შეწყვიტა ლოცვებში კირილის მოხსენიება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და პატრიარქი კირილი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და პატრიარქი კირილი

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს ასევე მსოფლიოს სხვა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა.

ბოლოდროინდელ ინტერვიუში, ბართლომემ - მართლმადიდებლობის სულიერმა წინამძღვარმა მთელ მსოფლიოში - გააკრიტიკა კირილი და თქვა: "მას ამდენად არ უნდა გაეიგივებინა საკუთარი თავი პრეზიდენტ პუტინთან და თანაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომისთვის "წმინდა" ეწოდებინა".

The New York Times-მა 18 აპრილს დაწერა, რომ რუსული მართლმადიდებელი თემები იტალიაში, შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში, მოსკოვის საპატრიარქოსთან კავშირის გაწყვეტას მოითხოვენ. "ნიდერლანდებში პოლიციას მოუხდა ჩარევა როტერდამის ეკლესიაში მას შემდეგ, რაც მრევლი ერთმანეთს დაუპირისპირდა ომის გამო", იტყობინებოდა გაზეთი.

"დოქტრინული დავები და ინტრიგები აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში ხშირად ათწლეულების - საუკუნეების თუ არა - მანძილზე გრძელდება", წერდა გაზეთი. "მაგრამ ომმა გასაოცარი სისწრაფით გააფართოვა განხეთქილება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა ზედაპირის ქვეშ".​

დეფიციტი

ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის და, საერთოდ, საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებმა დღემდე არნახული სიმკაცრის სანქციები დაუწესეს რუსეთს, რასაც, შედეგად, რუსეთში ძალიან სწრაფად მოჰყვა „დეფიციტი“. სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები უმნიშვნელოვანესი უცხოური წამლების ნაკლებობაზე, ასევე - კვების უმთავრეს პროდუქტებზე.

მარტის დასაწყისში შორეული აღმოსავლეთის სურსათის უდიდესმა ქსელმა შემოიღო შაქრის, მარილისა და კვების სხვა უმნიშვნელოვანესი პროდუქტების ნორმირება მომხმარებლების პანიკური აჟიოტაჟის ფონზე.

რიგი სასურსათო მაღაზიაში, ომსკი, 2022 წლის თებერვალი.
რიგი სასურსათო მაღაზიაში, ომსკი, 2022 წლის თებერვალი.

გავრცელდა ინფორმაცია პრინტერებისთვის ქაღალდის ნაკლებობის შესახებ. რადგან ჩანს, ქვეყანა დამოკიდებულია ფინეთიდან იმპორტირებულ მათეთრებელზე. Twitter-ის მომხმარებლებმა გაავრცელეს გახუნებული მოყვითალო ფერის ქაღალდის გამოსახულება, რომელიც იყიდება ევფემისტური დასახელებით „ეკო“.

ეკოლოგია სულაც არ იყო მნიშვნელოვანი ორი დღის წინ, როცა მთავრობამ გამოაცხადა, რომ იმპორტირებული დეტალების უკმარისობის გამო გაიცემა ნებართვა ყველა ეკოლოგიური კლასის ავტომანქანების გამოშვებაზე ევრო-0-ის ჩათვლით, ანუ მოხდება 1992 წლის სტანდარტზე დაბრუნება. მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ მომხმარებელს ეკოლოგია დიდად არ ადარდებს, წერს „კომერსანტი“.

შავი ბაზარი

იქ სადაც დეფიციტია, არიან სპეკულანტები, როგორც საბჭოთა პერიოდში უწოდებდნენ გადამყიდველებს, ვინც შავ ბაზარზე უცხოური ვალუტით, ლურჯი ჯინსის შარვლებით, დასავლური მუსიკით და სხვა იმ საქონლით ვაჭრობდა, რომელიც საბჭოთა კავშირში არ იშოვებოდა.

ომის პირველ კვირაში რუსეთის რუბლი მკვეთრად დაეცა სანქციების გამო და 15 მარტს ყოველდღიური გაზეთი "კომერსანტი" უკვე იტყობინებოდა შავ ბაზარზე სავალუტო გარიგებების შესახებ.

გაზეთის თანახმად, ექსპერტები აფრთხილებდნენ ხალხს, რომ ჩრდილოვან ბაზარზე საქმიანობა კანონით ისჯებოდა. გაზეთს მოჰყავდა, მაგალითად, ციტატა ერთ-ერთი განცხადებიდან, რომლის ავტორი პოტენციურ მყიდველს კიევის ქუჩაზე McDonalds-ის სასადილოსთან იბარებდა, თუ მას დოლარის შესყიდვა სურდა 150 დოლარად. რუსეთის მთავრობის ჩარევამ გამოაცოცხლა რუბლი, მაგრამ ახალი სპეკულანტების საქმიანობას პერსპექტივა გაუჩნდა.

საბჭოთა ქალი შაქრის კუპონით ხელში, 11 ნოემბერი, 1991 წელი.
საბჭოთა ქალი შაქრის კუპონით ხელში, 11 ნოემბერი, 1991 წელი.

ცენზურა

ომის შესახებ რუსეთის წყაროების მიერ გავრცელებული პირველი კადრების გამოძახილი არ იყო მიწყნარებული, როცა რუსეთის მარეგულირებელმა, „როსკომნადზორმა“ გაავრცელა ბრძანებულება, რომელიც კრძალავს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების „ომად“ თუ „შეჭრად“ მოხსენიებას და მედიასა და კერძო პირებს ავალდებულებს, მხოლოდ ოფიციალურ სამთავრობო წყაროებს დაეყრდნონ. მართალია, სიტყვა „ცენზურას“ ხელისუფლება არ ახსენებდა, ხალხი მას ცნობდა, როცა ხედავდა.

5 მარტს რუსეთმა მიიღო კანონები, რომლებიც ადგენენ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის მუხლებს „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის“ წინააღმდეგ. ამ კანონების საფუძველზე უკვე ასეულობით განაჩენია გამოტანილი.

რუსეთის მოქალაქეებს აკავებენ და აჯარიმებენ ისეთი დარღვევებისთვის, როგორიცაა პლაკატის ხელში ჭერა წარწერით: „არა კაც-ჰკლა“, ასევე რუსი სიმბოლისტი პოეტის, ალექსანდრ ბლოკის ლექსის წაკითხვისთვის, ქალაქ ირკუტსკის ცენტრში თეთრი ვარდით დგომისთვის, რაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტიჰიტლერული ახალგაზრდული ჯგუფის დასახელებაზე მინიშნებად შეიძლება გავიგოთ.

ცენზურას ბუნებრივად მოჰყვება თვითცენზურა. YouTube-ზე რუსეთის „канал 1420“ სისტემატურად აქვეყნებდა ვიდეორგოლებს აქტუალური საკითხების გარშემო რუსეთის მოქალაქეების პასუხებზე. ახლა არხმა გამოაქვეყნა მონაცემები რუსეთის მოქალაქეების მხრიდან უარის რაოდენობის შესახებ, როცა მათ არ სურდათ პასუხი გაეცათ არხის არასამეცნიერო ხასიათის შეკითხვებზე.

შეკითხვაზე, როგორ უყურებენ ისინი ნატოს, 23-მა რუსმა გასცა პასუხი, ხოლო 134-მა არ ისურვა ეს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე შეფასების გამოთქმა არ ისურვა 124-მა პირმა და მხოლოდ 28 იყო თანახმა. ხოლო რუსეთში ცენზურის შესახებ 26 პირი დათანხმდა აზრის გამოთქმას, 95 კი უარს იყო.

XS
SM
MD
LG