Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დიპლომატის მკვლელობა სოხუმში


სოხუმი
სოხუმი
9 სექტემბერს სოხუმში, დილის 08:30 საათზე, აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩოს საკონსულო დეპარტამენტის პირველი მდივანი, 36 წლის დმიტრი ვიშერნიოვი მოკლეს. მას საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს, როდესაც ავტოფარეხიდან მანქანა გამოჰყავდა. საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, დაიჭრა მისი მეუღლეც, ოლგა ვიშერნიოვა, რომლის სიცოცხლესაც ამჟამად საფრთხე აღარ ემუქრება. მკვლელობას აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურა იძიებს, თუმცა რუსი დიპლომატის მკვლელობის მოტივთან დაკავშირებულ ვერსიებზე გამოძიება ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

დმიტრი ვიშერნიოვი პირველი რუსი დიპლომატია, რომელიც აფხაზეთში მოკლეს. უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი მას 9 სექტემბერს, დილით, საკუთარი სახლის მახლობლად ესროლა. ვიშერნიოვს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ე.წ. საკონსულოს პირველი მდივნის პოსტი ეკავა. ის ასევე იყო საკუთრების საკითხების შემსწავლელი რუსულ-აფხაზური კომისიის წევრი. აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩის სემიონ გრიგორიევის განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მკვლელობას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურა იძიებს. „საელჩო სიტუაციას აკონტროლებს", - განაცხადა გრიგორიევმა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:

„რა მოტივიც არ უნდა ჰქონოდა ამ საშინელ ბოროტებას, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მას აფასებს აფხაზეთში მშვიდობასა და სტაბილურობაზე თავდასხმად, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობის წინააღმდეგ“.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ მკვლელობის დამგეგმავი აფხაზი ხალხის მტერია. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. მომხდარს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაც გამოეხმაურა, რომლის განცხადებით, ალექსანდრე ანქვაბმა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღავნელობას საქმის დაუყოვნებლივ გახსნა დაავალა.
ალექსანდრ ანქვაბი
ალექსანდრ ანქვაბი

„ეს განსაკუთრებული ფაქტია. ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომ საქმე გაიხსნას. მკვლელობის ყველა შესაძლო ვერსია უნდა შევისწავლოთ“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ძნელი სათქმელია რა შეიძლებოდა გამხდარიყო აფხაზეთში მოღვაწე რუსი დიპლომატის მკვლელობის მიზეზი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ანჩაბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მას არ ახსენდება აქამდე აფხაზეთში მომხდარი მსგავსი ფაქტი. ის მომხდარს ვერც რაიმე პოლიტიკურ სიტუაციას უკავშირებს:

„არ მგონია, რომ პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებასთან იყოს დაკავშირებული ეს მკვლელობა. შესაძლოა, რაღაც კრიმინალური ამბავიც იყოს. ძნელი სათქმელია. ჯერ არაფერია ცნობილი“.

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის თანამშრომელი გიორგი გვიმრაძეც მიიჩნევს, რომ რუსი დიპლომატის მკვლელობას ვერ დავუკავშირებთ სოხუმსა და მოსკოვს შორის არსებულ შესაძლო დაპირისპირებას. ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია:

„იმის თქმა, რომ ეს მკვლელობა სოხუმსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დაძაბულობის მაჩვენებელია, არა მგონია, სწორი იყოს. ნაადრევი და არაკორექტული იქნებოდა ასეთი განცხადების გაკეთება“.
ერთადერთი ვარაუდი, რომელიც მაქვს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, ისაა, რომ შესაძლოა იყოს რაიმე კავშირი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კერძო საკუთრების მიყიდვის დაშვებასთან, რასაც ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზები...
ზურაბ შენგელია

მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს ქართულ-აფხაზური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ზურაბ შენგელიაც. მისი აზრით, ეს მკვლელობა შესაძლოა უკავშირდებოდეს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის მიერ პუტინის ზეწოლით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც უცხოელებზე კერძო საკუთრების მიყიდვას დააკანონებს:

„ერთადერთი ვარაუდი, რომელიც მაქვს ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, ისაა, რომ შესაძლოა იყოს რაიმე კავშირი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე კერძო საკუთრების მიყიდვის დაშვებასთან, რასაც ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზები. არაოფიციალური ონფორმაციით კი, აფხაზეთში პუტინის ბოლო ვიზიტის დროს მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იყო, რომ უცხო ქვეყნის, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეიძინონ სახლები და, ზოგადად, ქონება აფხაზეთში. სამიოდე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მსგავსი რამ შესაძლებელია“.

საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესის“ ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა გეგმავს მოხსნას შეზღუდვა კანონზე, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უკრძალავს აფხაზეთში საცხოვრებლის ყიდვას. ეს განცხადება აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა პარასკევს რუსი ჟურნალისტებისათვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწების ყიდვის უფლება აქვთ, ოღონდ არა საცხოვრებელი მიზნებისათვის - სახლებისა და ბინების ყიდვა მხოლოდ დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვისაა დაშვებული:

„ვფიქრობ, ეს აკრძალვა უნდა გაუქმდეს. ამ წინადადებით პარლამენტს მივმართავთ“, - განაცხადა ანქვაბმა. მისი თქმით, ეს პროცესი კანონის გვერდის ავლით მაინც დაწყებულია, ამიტომ საჭიროა მისი ლეგალიზება.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG