Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში აკრძალეს ყირიმელი თათრების „მეჯლისი“


ყირიმელი თათრების "მეჯლისის" თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი
ყირიმელი თათრების "მეჯლისის" თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი

ყირიმში, რომელიც უკანონოდ აქვს მიერთებული რუსეთს, აკრძალეს თათრების თვითმმართველობის ორგანო, მეჯლისი. ყირიმის უზენაესმა სასამართლომ ის ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ამ გადაწყვეტილებით გააგრძელა ზომები, რომლებსაც ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მიმართავენ მას შემდეგ, რაც მათი მხრიდან მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა ყირიმის ანექსიას.

ყირიმში რუსეთისადმი დაქვემდებარებულმა უზენაესმა სასამართლომ 26 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება მეჯლისის აკრძალვაზე. ეს მოხდა ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მეჯლისი შეიყვანეს ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების სიაში სავარაუდო ექსტრემისტული საქმიანობის გამო.

ახლა, რახან ყირიმის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა სამინისტროს გადაწყვეტილებას, სამართალდამცველებს მწვანე შუქი აენთოთ, მაგალითად, ყირიმელი თათრების გაზეთების დასახურად თუ კომპიუტერების ჩამოსართმევად.

საოკუპაციო ხელისუფლებას, მის მიერ დანიშნულ, ოკუპაციური რეჟიმის მოსამართლეებს, არა აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ყირიმის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლობით ორგანოზე...
რეფატ ჩუბაროვი

მეჯლისის აკრძალვას იმავე დღეს, 26 აპრილს, კიევში პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა მეჯლისის თავმჯდომარე რეფატ ჩუბაროვი. „კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა იმაზე, რაც დღეს ყირიმში მოხდა: ეს არის არამართლზომიერი გადაწყვეტილება, დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. არამართლზომიერი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საოკუპაციო ხელისუფლებას, მის მიერ დანიშნულ, ოკუპაციური რეჟიმის მოსამართლეებს, არა აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ყირიმის ნახევარკუნძულის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლობით ორგანოზე. ამ ხელისუფლებას საერთოდ არა აქვს უკრაინის მოქალაქეებისათვის ბრალდებების წაყენების უფლება. ყველაფერი, რაც ახლა ყირიმში ხდება, - იმის ჩათვლით, რასაც ე.წ. სასამართლოები აკეთებენ, - არის არამართლზომიერი“, - აღნიშნა ყირიმელი თათრების ერთ-ერთმა ლიდერმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თათრები შეადგენენ ყირიმის 2,5-მილიონიანი მოსახლეობის 12-მდე პროცენტს, მაგრამ ბევრმა დატოვა უკრაინის კუთვნილი ეს ნახევარკუნძული მას შემდეგ, რაც ის 2014 წლის თებერვალში დაიპყრეს რუსეთის სამხედრო ძალებმა. თათრები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩნენ, რეპრესიებს უჩივიან. არის აქტივისტების გაუჩინარების შემთხვევებიც.

ნატალია პოკლონსკაია
ნატალია პოკლონსკაია

რუსეთის მედია, ყირიმის გენერალური პროკურორის ნატალია პოკლონსკაიას განცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ამიერიდან კანონდარღვევად ჩაითვლება ყირიმის ტერიტორიაზე მეჯლისის ნებისმიერი ქმედება. ასეთ ვითარებაში, ჩუბაროვის თქმით, ყირიმელი თათრების თვითმმართველობის ორგანო კიევში აპირებს მუშაობის გაგრძელებას: „ჩვენმა ამხანაგებმა (მეჯლისის წევრებმა) 19 თებერვალს მიანიჭეს უფლება ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარეს, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, (...) შემოიღოს გადაწყვეტილებების მიღების საგანგებო ფორმები. ამას საგანგებო რეჟიმს ვუწოდებთ“.

თათრებს, რომლებიც საუკუნეებია ცხოვრობენ ყირიმის ნახევარკუნძულზე, აქამდეც მძიმე ისტორია აქვთ გამოვლილი. მეორე მსოფლიო ომის დროს ასიათასობით ადამიანი გადაასახლეს შუა აზიაში. სტალინის რეჟიმი მათ ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

დეპორტირებულებისა და მათი შთამომავლების ნაწილმა 1980-იან წლებში დაიწყო ყირიმში დაბრუნება, მეჯლისი კი 1991 წელს შეიქმნა. კიევმა მხოლოდ 1999 წელს ცნო მისი კანონიერება. 2014 წელს, როცა მოსკოვმა ნახევარკუნძულზე რეფერენდუმი ჩაატარა ანექსიის გასამართლებლად, ყირიმელმა თათრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კენჭისყრას.

მას შემდეგ უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლეთის მრავალი მთავრობა აკრიტიკებს მოსკოვსა და ყირიმის დე ფაქტო მმართველებს ყირიმელი თათრების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიებისათვის. მაგალითად, მიმდინარე თვეში გააკრიტიკეს ზომები, რომლებსაც ყირიმში მიმართავენ ჩვენი რადიოს ვებსაიტის, "კრიმ.რეალიის", მუშაობის შესაზღუდად. შეერთებულმა შტატებმა დაგმო „რუსეთის მთავრობის მიერ დამოუკიდებელი ხმების შეზღუდვა“ ნახევარკუნძულზე. მიმდინარე თვეშივე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადგილობრივი ჟურნალისტის, ნიკოლაი სემენას, წინააღმდეგ. სემენა "კრიმ.რეალიისთან" თანამშრომლობს.

XS
SM
MD
LG