Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ადასტურებს, რომ ეგვიპტეში თვითმფრინავი ბომბმა ჩამოაგდო


რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეგვიპტის თავზე რუსეთის თვითმფრინავის ჩამოვარდნა „ტერორისტული აქტის“ შედეგი იყო. თვითმფრინავი 31 ოქტომბერს ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა, როცა სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა, რასაც ლაინერში მყოფი ყველა, 224 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულ გაერთიანება ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა ჯგუფმა. ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსმა, ალექსანდრ ბორტნიკოვმა 16 ნოემბერს, გვიან საღამოს გამართულ შეხვედრაზე - რომელსაც პრეზიდენტი უძღვებოდა - განაცხადა, თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა მას შემდეგ, რაც მოქმედებაში მოვიდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობაო: „ჩვენი სპეციალისტების შეფასებით, საჰაერო ხომალდის ბორტზე, ფრენის დროს, მოქმედებაში მოვიდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ერთ კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრით. მის შედეგად თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. და სწორედ ამით აიხსნება ასეთ დიდ რადიუსზე გაბნეული ფიუზელაჟის ნამსხვრევები“ - განაცხადა ბორტნიკოვმა. „ამ ტერორისტულ თავდასხმაში დამნაშავეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიპოვით და დავსჯითო“, განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთი გააძლიერებს სირიაზე საჰაერო თავდასხმებს, რათა ბოროტმოქმედებმა გაიგონ, რომ სასჯელი გარდაუვალია.

XS
SM
MD
LG