Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ადასტურებს მისი თვითმფრინავის ჩამოგდებას, უარყოფს თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას


თურქეთი აცხადებს, რომ მისმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩამოაგდეს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სირიის საზღვართან მას შემდეგ, რაც გააფრთხილეს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მაგრამ რუსეთი ირწმუნება, რომ მისი ჩამოგდებული თვითმფრინავი არ გასულა სირიის საჰაერო სივრციდან. ინციდენტი აძლიერებს საფრთხეს, რომ გამწვავდება საერთაშორისო დაძაბულობა სირიის გარშემო, როცა რუსეთი აქტიურ სამხედრო დახმარებას უწევს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს, ხოლო ნატოს წევრი თურქეთი ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეებს მიეკუთვნება. ნატომ თურქეთის თხოვნით დანიშნა საგანგებო სხდომა. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის SU-24 ტიპის თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა "საბრძოლო მოქმედებების წარმოების წესებით", რადგან გაფრთხილების მიუხედავად დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თურქეთის ორმა, F16 ტიპის თვითმფრინავმა 10-ჯერ გააფრთხილა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი, ვიდრე ჩამოაგდებდა. რუსეთი ადასტურებს, რომ მისი თვითმფრინავი სირიაში ჩამოვარდა, თავდაცვის სამინისტრო როგორც აცხადებს, სავარაუდოდ ხმელეთიდან სროლის შედეგად. სამინისტრო ირწმუნება, რომ თვითმფრინავი სირიის ტერიტორიის თავზე მიფრინავდა და მოსკოვს შეუძლია ამის დამტკიცება.

XS
SM
MD
LG