Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახდი მოხალისე! - რუსეთის სტრატეგია უკრაინაში


რუსეთი ირწმუნება, რომ უკრაინაში რუსი სამხედროები არ იბრძვიან, თუმცა სეპარატისტებს ნამდვილად ეხმარებიან რუსი მოხალისეები, ათასობით ქალი და კაცი, რომლებიც მზად არიან იარაღი აიღონ და გულანთებულნი გაემართონ ნოვოროსიის დასაცავად.

რუსლან სტაროდუბოვი ამბობს, რომ ყველაფერი შეუძლია: მეტლახის დაგება, მძიმე მოწყობილობის ტარება და პურის ცხობაც კი, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ჯარში სამსახური იზიდავს. ეს ღონიერი კაცი, ცენტრალური კოსტრომას რეგიონიდან, გრძელი, წითური ულვაშით, ჩეჩნეთის ორივე ომში იბრძოდა, ხოლო სამოქალაქო ცხოვრებაში დაცვის თანამშრომლად და ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა. შარშან გაზაფხულზე, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ომი დაიწყო, სტაროდუბოვმა მალევე გადაწყვიტა იქ წასვლა:

„რაც დონბასში ხდებოდა, გულზე მომხვდა. იმ დროს პეტერბურგში ვიყავი. ჩემი პასუხი ადეკვატური იყო. ყველაფერი უკან მოვიტოვე და წავედი, რომ დამეცვა ის რუსები, რომლებსაც ხოცავენ“.

სტაროდუბოვის თქმით, ჯობს თავად დაიღუპო ომში, ვიდრე 18 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ჯერ ისიც კი არ იცის, იარაღის რომელი მხრიდან გამოდის ტყვია. სტაროდუბოვი მარტო არ არის. დონბასის რეგიონში მისი მსგავსი ასობით რუსი მოხალისე იბრძვის კიევის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ზოგიერთი მათგანი რუსეთის ჯარიდან არის საგანგებოდ გაგზავნილი, თუმცა თავს მოხალისედ ასაღებს. სხვები, სტაროდუბოვის მსგავსად, ჭეშმარიტი მოხალისეები არიან და სურთ ომში თავიანთი წვლილი შეიტანონ. აი, როგორ ხსნის სტაროდუბოვი თავის მოტივაციას:

„მე ვმსახურობ „იმპერიული ლეგიონის“ დივიზიაში. ეს არის რუსეთის ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის იმპერიული მოძრაობის ნაწილია. ჩვენ არ ვართ ნაცისტები. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ხალხი, გვიყვარს ჩვენი სამშობლო. და ჩემთვის ეს ნორმალურია. ჩვენს დაჯგუფებაშიც კი ყველანი ვერ ვთანხმდებით სიტყვა „რუსის“ განმარტებაზე, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, პირველ რიგში, მართლმადიდებელი იყო და, მეორე, რუსულ ენაზე საუბრობდე და აზროვნებდე“.

იმის მიუხედავად, რომ კრემლი მტკიცედ უარყოფს ყოველგვარ კავშირს უკრაინის ომთან, მთავრობა, საბჭოთა ტიპის რეკლამებითა და მოწოდებებით, ღიად აქეზებს მოსახლეობას მოხალისეების სიაში ჩაეწერონ.

პეტერბურგში, მაგალითად, სადაც ახლა სტაროდუბოვი ომში მიყენებულ ჭრილობებს იშუშებს, უკრაინის კრიზისის დაწყების მერე დაარსდა უამრავი რეკრუტირებისა და სამხედრო წვრთნის ორგანიზაცია, რომელთა შორისაა „იმპერიული ლეგიონიც“ და არარეგისტრირებული პოლიტიკური პარტია „სხვა რუსეთი“. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ათეულობით მოხალისე ექიმი შეუერთდა მათ უკრაინაში წასასვლელად. ამასთან, პარტიამ 2 მილიონი რუბლი, ანუ 30 ათასი ამერიკული დოლარი, შეაგროვა შემოწირულების ხარჯზე.

„ვგრძნობთ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას საზოგადოების მხრიდან. შემოწირულების პუნქტები გავხსენით მეტროს სადგურებზე და მოხუცი ქალები თავიანთ ბოლო თეთრს გვაძლევენ. ხალხში არის ერთიანობის განცდა“, ამბობს პარტია „სხვა რუსეთის“ თავმჯდომარე ანდრეი დმიტრიევი.

დმიტრიევი იმასაც შენიშნავს, რომ, ეთნიკურად რუსების გარდა, მოხალისეებად ასევე ეწერებიან მოქალაქეები ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

რადიო თავისუფლებას გაესაუბრა ერთ-ერთი ახალგაზრდა მოხალისე, არტიომი:

„შეიძლება ითქვას, რომ მე მრცხვენია, როდესაც კომფორტულ და მშვიდ ცხოვრებას ვეწევი სამყაროში, სადაც სხვები იღუპებიან, იტანჯებიან და შიმშილობენ. ამიტომ მე ამ ხალხის დასახმარებლად ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ჩემი წინაპრები 12 და 14 წლის ასაკში მიდიოდნენ ომში საბრძოლველად“.

„იმპერიული ლეგიონი“ მოხალისეებად არ იღებს არტიომისნაირ გამოუცდელ ახალგაზრდებს, თუმცა სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის, “რუსეთის სამხედრო გაერთიანებას“ კარი ყველასთვის ღია აქვს. ისტორიკოსი იგორ ივანოვი, რომელიც ამ გაერთიანებას ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები ადგილზევე სწავლობენ ყველაფერს, რაც საჭიროა.

XS
SM
MD
LG