Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიუპოლი: რუსეთის მომხრე სეპარატისტების სტრატეგიული და სიმბოლური სამიზნე


24 იანვარს, სულ ცოტა, 30 სამოქალაქო პირი დაიღუპა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, სარაკეტო იერიშის შედეგად. ამის შემდეგ ცოტა ხანში აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრ ზახარჩენკომ, გამოაცხადა, რომ სეპარატისტებმა წამოიწყეს იერიში მარიუპოლის ასაღებად. ეს კი ნიშნავს, რომ მათ მიზანში ამოიღეს უკრაინის ქალაქი, რომელსაც უკრაინის მთავრობასთან სისხლისმღვრელ კონფლიქტში აქვს როგორც სტრატეგიული, ისე სიმბოლური მნიშვნელობა.

აზოვის ზღვის პირას, დონეცკიდან 100-მდე კილომეტრში მდებარე მარიუპოლი მიჩნეულია საკვანძო მნიშვნელობის მონაკვეთად სახმელეთო დერეფნისთვის, რომელიც რუსეთს დააკავშირებდა ყირიმის ნახევარკუნძულთან, თუ უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტები მიზანს მიაღწევენ. რუსეთმა, როგორც ცნობილია, შარშან მარტში მოახდინა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია. მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლს ყირიმისგან ასობით კილომეტრი აშორებს, ტერიტორიისგან, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, სეპარატისტებისათვის ის გამორჩეული მნიშვნელობისაა, ზღვის პირას მდებარეობის გამო.

„მარიუპოლი, არსებითად, არის უკრაინის დიდი ნავსადგური აზოვის ზღვის პირას და მეამბოხეებისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მარიუპოლის აღებით ისინი ხელში ჩაიგდებენ ნავსადგურს და მიეცემათ ახალი შესაძლებლობა მეამბოხეების მოსამარაგებლად. ის მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ კიდევ ერთი ძლიერი პოზიციაა ფრონტის ხაზზე, რომელიც ახლა იქმნება. და მესამე, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყოველი ქალაქი, - განსაკუთრებით, ასეთი დიდი ქალაქი და, თან, სიმბოლურად მნიშვნელოვანი, - რომელსაც უკრაინის მთავრობა კარგავს, მორალურად ძირს უთხრის უკრაინის მხარეს და ახალისებს რუს მეამბოხეებს, გააგრძელონ წინსვლა“, განმარტავს უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლექსი მელნიკი.

შარშან ივნისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მარიუპოლი გამოაცხადა დონეცკის ოლქის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად, რადგან ოფიციალურ ადმინისტრაციულ ცენტრს, დონეცკს, თითქმის მთლიანად აკონტროლებენ სეპარატისტი მეომრები.

ათიოდე დღის წინ კი პოროშენკომ თქვა, რომ რუსეთმა კიდევ 2 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ განცხადებას სულ რამდენიმე დღეში მოჰყვა ინფორმაცია, რომ სეპარატისტების ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს თქმით, მისმა მეომრებმა განაახლეს იერიში მარიუპოლზე. კრემლი კვლავ უარყოფს იარაღითა და ჯარისკაცებით სეპარატისტების მხარდაჭერის ბრალდებას. მოსკოვში აღიარებენ მხოლოდ იმას, რომ რუსეთიდან „მოხალისეები“ ჩადიან აღმოსავლეთ უკრაინაში მეამბოხეების რიგებში საბრძოლველად.

მარიუპოლის ნავსადგურის გამტარუნარიანობა 13 მლნ მეტრულ ტონას შეადგენს - შარშანდელი მონაცემებით, ის უკრაინის სიდიდით მეხუთე ნავსადგური იყო და, ყველა კრიტერიუმით, უმნიშვნელოვანესი საზღვაო ჰაბი აზოვის ზღვის პირას.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი ნავსადგური აზოვის ზღვის პირას და, მეამბოხეთა მიერ მისი აღების შემთხვევაში, უკრაინა, არსებითად, კარგავს აზოვის სანაპიროს. გეოგრაფიული თვალსაზრისით, - არა, მაგრამ ეკონომიკურად, მთლიანობაში, - კი“, განმარტავს მოსკოვში დაფუძნებული პოლიტიკური და სამხედრო-ანალიტიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ ხრამჩიხინი. მისივე აზრით, მეამბოხეებს აქვთ მარიუპოლის „დაპყრობის შანსი“, თუმცა ძნელი წარმოსადგენია შეეცადონ ყირიმამდე დარჩენილი ტერიტორიის დაპყრობას.

„იმისათვის, რომ ყირიმამდე მიხვიდე, ჯერ უნდა გაიარო ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები, რაც საეჭვოა ამჟამინდელ ვითარებაში. ვფიქრობ, მეამბოხეების ამბიციები და შესაძლებლობები არ სცდება მათსავე ოლქებს“. რუსი ექსპერტი „მათსავე ოლქებში“, ცხადია, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გულისხმობს.

მარიუპოლში, დონეცკის ოლქის დროებით დედაქალაქში, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. შარშან, აგვისტო-სექტემბერში, როცა სეპარატისტები სახიფათოდ მიუახლოვდნენ ამ ქალაქს, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მეამბოხეებთან „პარტიზანული“ ბრძოლისათვის მზადებას შეუდგა.

XS
SM
MD
LG