აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მომხრე სეპარატისტები აპირებენ 100 ათასი კაცის მობილიზებას მთავრობის ჯარებთან ბრძოლის გასააქტიურებლად. სეპარატისტების ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრ ზახარჩენკოს, შესაბამისი განცხადება არის აშკარად საპირისპირო რეაქცია საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებაზე, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს ზავი აღმოსავლეთ უკრაინაში, ბოლო სამშვიდობო მოლაპარაკების წარუმატებლობის მიუხედავად.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა 1 თებერვალს ტელეფონით ისაუბრეს აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე და მისი მოგვარების ჯერჯერობით წარუმატებელ მცდელობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სამივემ გამოთქვა „სინანული“ 31 იანვარს მინსკში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკების წარუმატებლობის გამო, სამივე გამოვიდა აღმოსავლეთ უკრაინაში ზავის დაუყოვნებლივ ამოქმედებისაკენ მოწოდებით.
ბოლო დღეებში ბრძოლები განსაკუთრებით ინტენსიურია დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ დებალცევოსთან, რომელსაც მთავრობის ჯარები აკონტროლებენ. უკრაინელი სამხედროები 1 თებერვალს იუწყებოდნენ 13 ჯარისკაცის დაღუპვისა და 20-ის დაჭრის შესახებ. დაპირისპირებული მხარეების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაღუპულია 17 სამოქალაქო პირიც. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ბავშვები, მათთვის გრადის ტიპის რაკეტების დაშენის შედეგად. იერიში მიიტანეს სეპარატისტების პოზიციებიდან, როცა სამოქალაქო პირები - მათ შორის, ქალები და ბავშვები - ადიოდნენ ავტობუსში დებალცევოდან გასამგზავრებლად. ბოლო დღეებში ბევრი ცდილობს გაქცევას ქალაქიდან, სადაც ბრძოლებთან დაკავშირებულ საფრთხეს ემატება ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების პრობლემა.
არადა, კონფლიქტის მოგვარების თუ არა, მისი შერბილების იმედი უკავშირდებოდა 31 იანვრის შეხვედრას მინსკში, რუსეთის, უკრაინის, ეუთოსა და უკრაინაში მებრძოლი სეპარატისტების წარმომადგენლების მონაწილეობით. როგორც იუწყებიან, შეხვედრა ოთხი საათი გაგრძელდა. ეუთოს მორიგე თავმჯდომარე სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სეპარატისტების ორმა წარმომადგენელმა დაბლოკა მოლაპარაკება და, მეტიც, შეეცადა ცვლილებები შეეტანა უფრო ადრე მიღწეულ შეთანხმებაში. „ისინი იმისთვისაც კი არ იყვნენ მზად, რომ განეხილათ ზავის შესრულება და მძიმე შეიარაღების გატანაო“, ვკითხულობთ სერბიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.
აღსანიშნავია, რომ 31 იანვარს მინსკში გამართულ მოლაპარაკებას არ დასწრებია აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების ის ორი ლიდერი, ალექსანდრ ზახარჩენკო და იგორ პლოტნიტსკი, ვინც ხელი მოაწერა მინსკში შარშან 5 სექტემბერს მიღწეულ ზავს. რატომ? სეპარატისტებმა განმარტეს, რომ ზახარჩენკო და პლოტნიტსკი დაკავებული არიან უკრაინის ჯარების მხრიდან დაბომბვით გამოწვეული პრობლემებით. ეს განმარტება გააკეთა სეპარატისტების წარმომადგენელმა მინსკში 31 იანვრის შეხვედრაზე, დენის პუშილინმა. მისი თქმით, მეამბოხეების ორი მთავარი ლიდერი ზახარჩენკო და პლოტნიტსკი სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაესწრებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტი ზავს გამოაცხადებს და უკან დახევს მძიმე შეიარაღებას. სეპარატისტების ლიდერების დასწრება საჭირო იქნება „საბოლოო დოკუმენტზე“ ხელმოსაწერადო, განმარტა პუშილინმა.
ასეთი იყო მინსკში ბოლო შეხვედრაზე სეპარატისტების პოზიცია. არადა, ეუთოს ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ მინსკის შეხვედრაზე მიღწეული იქნებოდა ზავი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა კონფლიქტით მოცულ რეგიონებში მოსახლეობის მომარაგებას და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ადამიანებისათვის, ვინც ყველაზე მძიმედ დააზარალა ბრძოლებმა.
დასავლეთი და უკრაინა რუსეთს ადანაშაულებენ მეამბოხეების შეიარაღებასა და გაწვრთნაში - მათთვის შესაძლებლობის შექმნაში, ისარგებლონ თანამედროვე შეიარაღებით, მძიმე იარაღით (ათობით ტანკისა და სარაკეტო დანადგარების ჩათვლით). რუსეთი უარყოფს ბრალდებას, რომ ეხმარება უკრაინაში მებრძოლ სეპარატისტებს.
შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, 5 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლების შედეგად.