Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა ავიაციამ ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანს წყალი აუმღვრია


15 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა „უგუნური“ და „პროვოკაციული“ უწოდა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ ბალტიის ზღვაში მცურავ ამერიკულ საესკადრო ნაღმოსანთან „აგრესიულად მიახლოებას“, რასაც, ჯონ კერის თქმით, შეიძლებოდა ამერიკული ხომალდებიდან სროლაც მოჰყოლოდა. თუმცა, რუსეთი კვლავაც იმეორებს, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს არ დაურღვევიათ ფრენის საერთაშორისო წესები.

ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის „დონალდ კუკის“ მეთაურმა, ჩარლზ ჰემპტონმა, 14 არილს ლიტვის საპორტო ქალაქ კლაიპედაში ჟურნალისტებს დეტალურად უამბო რუსული ავიაგამანადგურებლების მიერ ჩატარებული სახიფათო მანევრის შესახებ.

მართალია, რუსული „სუ 24“ ტიპის თვითმფრინავები არ იყვნენ შეიარაღებული, მაგრამ მათ ისე სახიფათოდ ჩაუფრინეს სარაკეტო ნაღმოსან ხომალდს, რომ წყალზე ტალღებიც კი გაჩნდა. ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალები კარგად იცნობენ ამ ტიპის რუსული სამხედრო ავიაციის საბრძოლო პოტენციალს და ამიტომ შიშსა და უკანდახევაზე საუბარიც კი ზედმეტია, - ასე უპასუხა ამერიკელმა კაპიტანმა ჩარლზ ჰემპტონმა ჟურნალისტს, რომელსაც აინტერესებდა, ხომ არ დაეუფლა ასეთი აგრესიული გადაფრენის გამო შიში და ხომ არ აპირებს ამერიკული ხომალდი ბალტიის ზღვაში მანევრების შეწყვეტას:

„აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ეს ფლოტილია მომავალშიც გააგრძელებს ოპერაციას, გააგრძელებს მოქმედებას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად ზღვაზე დაგეგმილი ღონისძიებების თანახმად და, შესაბამისად, არ ვაპირებთ ამ სივრცის დატოვებას“.

როდესაც 12 აპრილის ინციდენტს იხსენებდა, ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის „დონალდ კუკის“ მეთაურმა, ჩარლზ ჰემპტონმა, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთობაში პირველ ადგილზე უნდა იდგეს უსაფრთხოება და პროფესიული მოქმედება როგორც ზღვაში, ისე საჰაერო სივრცეში.

ერთობლივი მანევრების შემდეგ, საესკადრო ნაღმოსანმა „დონალდ კუკმა“ 11 აპრილს დატოვა პოლონეთის გდინიას ნავსადგური და ბალტიის ზღვაში იმყოფება. არსებობს ინფორმაცია, რასაც ფოტომასალაც ადასტურებს, რომ რუსეთის ორი ავიაგამანადგურებლის შემდეგ, ამერიკულ ნაღმოსან „დონალდ კუკს“ რუსულმა „კა 27-ის“ „ჰელიქსის“ ტიპის შვეულმფრენმა შვიდჯერ შემოუარა და სურათები გადაუღო. ნაღმოსანს მსგავსი ინციდენტი 2014 წელსაც შეემთხვა, იმხანად -შავ ზღვაში. ინციდენტს ბალტიის ზღვაში 14 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც გამოეხმაურა და ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში რუსული ესკადრილიის ქმედებას „უგუნური“ და „პროვოკაციული“ უწოდა:

„ეს არის უგუნური, პროვოკაციული, სახიფათო, არაპროფესიული მოქმედება, რასაც, საყოველთაოდ მიღებული წესების თანახმად, შეიძლებოდა მოჰყოლოდა თვითმფრინავების ჩამოგდება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს მეტად სერიოზული ამბავია და აშშ ზღვაში თავს არავის დააჩაგვრინებს და იმოქმედებს თავისუფალი საზღვაო მიმოსვლის წესების შესაბამისად“.

12 აპრილს საზღვაო ინციდენტს 14 აპრილს ბრიტანეთში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა და კიდევე ერთხელ გაამახვილა ყურადღება ნატოსა და რუსეთის საზღვარზე სამხედრო ინციდენტებისა და რისკების თავიდან აცილების ეფექტური მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, რასაც იენს სტილტენბერგი 2014 წლიდან ითხოვს.

მოელიან, რომ სამხედრო დაპირისპირების რისკის შემცირების საკითხი 20 აპრილისათვის დანიშნული ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგშიც იქნება. ალიანსის ხელმღვანელობა და რუსეთის წარმომადგენლები ამ ფორმატში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ბრიუსელში მას შემდეგ, რაც 2014 წლის ივნისში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატომ შეაჩერა ყოველგვარი პრაქტიკული თანამშრომლობა კრემლთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გაამართლა რუსი მფრინავების მოქმედება. რუსეთის სამხედრო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის იგორ კონაშენკოვის თქმით, რუს მფრინავებს 12 აპრილს ფრენის საერთაშორისო წესები არ დაურღვევიათ.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG