საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდებს რუსეთის მორიგ „პროვოკაციულ აქტთან “ მიმართებით. იგულისხმება საოკუპაციო ძალების მიერ ე. წ. “საზღვრის” აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება სოფელ თამარაშენისა და სოფელ ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ადგილობრივ მკვიდრთა მიწის ნაკვეთები ბანერებს მიღმა მოექცა. რა ფაქტორები განაპირობებს რუსეთის ბოლოდროინდელ გააქტიურებას და უკავშირდება თუ არა მოსკოვის ნაბიჯები ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნას?
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკას და მიიჩნევს, რომ მორიგი პროვოკაციული აქტი „საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, „უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს“ და რომ ეს არის „ვითარების ესკალაციისკენ მიმართული“ ქმედება. საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე 11 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიდრე ორშაბათს რუსეთის საოკუპაციო ძალები ქარელის რაიონის სოფლების თამარაშენისა და ცერონისის მიმდებარე ტერიტორიაზეე. წ. “საზღვრის” აღმნიშვნელ ბანერებს დაამონტაჟებდნენ, მსგავსი უკანონო ქმედება გამოვლინდა 6 აგვისტოსაც, როცა გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალებმა ხელმეორედ დაამონტაჟეს ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი. საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატურ ყურადღებას ითხოვს:
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის უკანონო პოლიტიკას და მიიღოს ადეკვატური ზომები ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით“.
შემიძლია ექვსი–შვიდი სხვა ადგილი გითხრათ, სადაც, სავარაუდოდ JTEC–ის გახსნის გამო, ვიზების ლიბერალიზაციის გამო, საქართველოს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და ბევრი სხვა იმ მიზეზის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის არსებობას უკავშირდება და ამ არსებობაზე უარის ართქმას უკავშირდება...თინა ხიდაშელი
საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად არ ეთანხმება პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას იმის თაობაზე, რომ თბილისი არასაკმარისად აქტიურობს საერთაშორისო სარბიელზე და რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აგრძელებს ლაპარაკს, მაშინ როცა მოსკოვი განაგრძობს საქართველოს ახალი ტერიტორიების მითვისებას.
იმას, რაც ხდება, რუსეთის მიერ „ცინიკური პოლიტიკის“ გაგრძელებად მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, რომლის აზრითაც, ახლა რუსეთი იმის „ფიქსაციას“ ახდენს, „რაც 2008 წლის აგვისტოში მიითვისა“. ამ სიტუაციაში თავდაცვის მინისტრი სახელმწიფოს ვალდებულებად ასახელებს ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურად დახმარებას – იქნება ეს მოსავლის აღება თუ სხვა სახის მხარდაჭერა. ხოლო რაც შეეხება რუსეთის გააქტიურებას, თინა ხიდაშელი ამას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სწრაფვას უკავშირებს:
„შემიძლია ექვსი–შვიდი სხვა ადგილი გითხრათ, სადაც, სავარაუდოდ JTEC–ის გახსნის გამო, ვიზების ლიბერალიზაციის გამო, საქართველოს ნატოსკენ გადადგმული ნაბიჯების გამო და ბევრი სხვა იმ მიზეზის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის არსებობას უკავშირდება და ამ არსებობაზე უარის ართქმას უკავშირდება, რუსეთი ამ მოქმედებებს გააგრძელებს. ეს ტერიტორიები ცნობილია. სამწუხაროდ, 2008 წელს შეიქმნა ის რეალობა, რომელიც შეიქმნა. ოკუპაციამ მიიღო გაცილებით უფრო დიდი მასშტაბი“.
ერთი სტატია დავწერე, ასეთი სათაურით: „რაც უფრო ახლოს მიუჩოჩდება საქართველო ნატოს, მით უფრო ჩამოაჩოჩებენ ოკუპაციის საზღვარს რუსეთის საოკუპაციო ძალები“...ირაკლი ალადაშვილი
თინა ხიდაშელის მიერ ნახსენები „ჯეიტეკი“ (JTEC), ანუ ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი და შემფასებელი ცენტრი, აგვისტოს ბოლოს გაიხსნება და, წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ მიზნით ეწვევა საქართველოს 26 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. მანამდე კი, 11 აგვისტოს, ვაზიანის სასროლეთზე საზეიმოდ გაიხსნა საბრძოლო მანქანების ტარების ველი (ე. წ. ტანკოდრომი), რომელიც, ხიდაშელის თქმით, ნატო-საქართველოს ცენტრის ერთ–ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადმოტანას დიდწილად ასევე ნატოს უკავშირებს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის თავის ერთ პუბლიკაციასაც იხსენებს:
„ერთი სტატია დავწერე, ასეთი სათაურით: „რაც უფრო ახლოს მიუჩოჩდება საქართველო ნატოს, მით უფრო ჩამოაჩოჩებენ ოკუპაციის საზღვარს რუსეთის საოკუპაციო ძალები“. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის წინ ხდება მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო ძალების მიერ“.
ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის გახსნასთან, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე მეტად, რუსეთის მიერ ცხინვალსა და სოხუმთან ე. წ. ხელშეკრულებების გაფორმებას აკავშირებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. ზოგადად კი, ანალიტიკოსი ამ ყველაფრის უკან ხედავს რუსეთის მიზანმიმართულ პოლიტიკას, რომ პრობლემები შეუქმნას საქართველოს – მათ შორის, შიდაპოლიტიკურ სარბიელზეც. გიორგი გობრონიძის შეფასებით, რუსეთი ე. წ. ადმინისტრაციული საზღვრის საკითხს ზეწოლის ბერკეტად იყენებს:
„ელემენტარულია, რომ არაფერი არ უნდა ე. წ. საზღვრის დემარკაციას, თუკი ამის ნება არსებობს რუსეთის ფედერაციაში, რომ ეს გაკეთდეს მალე... მაგრამ რუსეთის ფედერაცია ამას აკეთებს ეტაპობრივად, ნელ-ნელა და მისი ყოველი ასეთი ნაბიჯი უკავშირდება იმას, რომ საქართველოსთვის სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. რაც უფრო ხშირად გაჟღერდება ასეთი ინფორმაცია საერთაშორისო მედიაში, მით უფრო ილახება საქართველოს ეკონომიკური თუ ტურისტული იმიჯი, რადგანაც საქართველო წარმოჩნდება არასტაბილურ ქვეყნად საერთაშორისო საზოგადოების თვალში. რუსეთის ძირითადი გათვლაა ის, რომ მოახდინოს დამატებითი ზეწოლა საქართველოზე“.