Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის მე-7 წლისთავი და დევნილთა სამშვიდობო მოწოდებები


“ოკუპაცია ისტორიული ანომალია და უსამართლობაა, რომელსაც ვერ შეეგუება ვერც ქართველი ერი და ვერც თანამედროვე მსოფლიო, რადგან ის არის ხელოვნური. ასეთი ხელოვნური ხაზები არაერთი არსებულა ისტორიაში, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, რომ ეს ხელოვნური ბარიერები დაინგრევა", - ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცხინვალიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, სოფელ ნიქოზში, წარმოთქვა, სადაც ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო. სოფლის დაბომბვის დროს ნიქოზში 13 ადგილობრივი მოსახლე დაიღუპა. დაიბომბა ტაძრის ტერიტორიაც. საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება იქნება პრინციპული და ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება აფხაზებისა და ოსების გარეშე ცხოვრებას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან შვიდი წელი გავიდა. გორში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა პარასკევს დაიწყო და შაბათს, 8 აგვისტოს, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. გორში საბრძოლო დიდებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალებთან როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიოდნენ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნებოდა სოფელ შინდისში, სადაც მე-2 ბრიგადის იმ 17 ჯარისკაცის მემორიალია, რომლებიც 2008 წლის 11 აგვისტოს ცხინვალიდან გამოსულ 58-ე არმიის ბატალიონს დიდი ხნის განმავლობაში შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდნენ და გორისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. 17-ივე მებრძოლი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი ამბობს, რომ შინდისის გმირების სახელი უკვე შევიდა ისტორიაში.

შინდისში დღეს იძულებით გადაადგილებული პირებიც ჩავიდნენ, რომლებმაც გმირთა მემორიალიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთ სამშვიდობო მოწოდებებით მიმართეს. პოლიტიკური პარტია „დევნილების“ წარმომადგენელი მარინა კაჟაშვილი აცხადებს, რომ ქართველების და ოსების ცალ-ცალკე ცხოვრება წარმოუდგენელია.

"ქალთა სამშვიდობო მოძრაობის“ წევრებმა კი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გორში გმირთა მემორიალთან გაიხსენეს და ისინიც სამშვიდობო მოწოდებებით გამოვიდნენ. მოძრაობის წევრი ნანა საბანაძე მიიჩნევს, რომ მშვიდობის მისაღწევად როგორც მთავრობამ, ისე საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

ომის 7 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორშივე დასრულდა. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მე-5 ბრიგადის ბაზაზე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებთან ერთად ჩავიდა. ღია ცის ქვეშ გაიმართა სპექტაკლი “არტხელოვნება”, რომელსაც ომგამოვლილი ჯარისკაცები, დაღუპულთა მშობლები დაესწრნენ. სპექტაკლი ომთან კავშირში არაა. ხიდაშელის განცხადებით, ეს სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ცხოვრება გრძელდება. ღონისძიების ბოლოს ცაში 174 მანათობელი ფრანი გაუშვეს, სწორედ ამდენი ჯარისკაცი დაკარგა 7 წლის წინ თავდაცვის სამინისტრომ.

რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 174 სამხედრო მოსამსახურე და 14 პოლიციელი დაიღუპა. სახლ-კარი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირი.

XS
SM
MD
LG