Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომის ტრაგიკული ისტორიები


გორი, 2008 წლის 9 აგვისტო
გორი, 2008 წლის 9 აგვისტო

2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კი ისევ გრძელდება. დღეს დილიდან რუსეთის მესაზღვრეებმა ახალგორისკენ მიმოსვლა, სამგლოვიარო დღეების უსაფრთხოების მიზნით, ორი დღით აკრძალეს, ხურვალეთსა და წითელუბანთან კი შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერი იმ ადგილას დაამონტაჟეს, საიდანაც, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჟურნალისტების ჯგუფმა ამოიღო.

7 წლის წინ გორიც ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ქალაქის მცხოვრებთათვის ყველაზე ტრაგიკული 9 აგვისტო აღმოჩნდა, როცა რუსულმა ავიაციამ საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისი ისევ იმ კორპუსის პირველ სართულზეა, რომელიც ომის დროს იბომბებოდა. ოფისის წინ ექიმები, ექთნები და მძღოლები სხედან. ტელეფონიც დუმს, დღეს გამოძახებები ცოტაა. ყველა ჩაფიქრებულია, მოგონებებში ტრაგიკული ამბები ტივტივდება. დუმილს მე ვარღვევ, როცა სასწრაფოს თანამშრომლებს გასაუბრებას ვთხოვ.

თემურ თანიაშვილი მაშინაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. დილის 11-ის ნახევარზე ცაში რუსული ბომბდამშენები გამოჩნდნენ. ვერხვების დასახლებაში სამი ბომბი აფეთქდა. ერთი სასწრაფოს ოფისთან გასკდა. დაიღუპა ექთანი და დაიჭრნენ სხვა თანამშრომლები. მსხვერპლის მიუხედავად, ექიმები ქალაქში დარჩნენ და სამსახური გააგრძელეს.

ამირან მესროფაშვილი, სასწრაფო დახმარების მძღოლი, თავჩაღუნული ზის და ფიქრებს მისცემია. ტრაგედიამ, რომელიც მის ოჯახში დატრიალდა, მთელ მსოფლიოში არაერთი ადამიანი შეძრა. დაბომბვამდე ერთი დღით ადრე ქალიშვილი, მაკა მესროფაშვილი, და სიძე, ზვიად რაზმაძე, სოფელ ხელთუბანში ამირანთან სტუმრად იმყოფებოდნენ. გორში დაბრუნებიდან ცოტა ხნის შემდეგ აფეთქების ხმა გაისმა. ამირანი ვეღარც შვილს უკავშირდებოდა და ვეღარც სიძეს, გორში ჩამოსულმა კი, კორპუსთან ჯერ დაღუპული სიძე იპოვა, ხოლო მოგვიანებით შვილს ჰოსპიტალში მიაგნო, მაგრამ ისიც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დაღუპული ზვიად რაზმაძის ფოტომ, ძმა, ზაზა რაზმაძე, რომ დასტირის, მსოფლიო მოიარა. ამირან მესროფაშვილი ახლა შვილიშვილს ზრდის და ცდილობს მისი წარმატებებით დროებით მაინც დაივიწყოს 7 წლის წინანდელი ტრაგედია.

სოფო მურადოვი
სოფო მურადოვი

სოფიო მურადოვის ფოტოც ომის დროს ბევრმა ადამიანმა ნახა. აალებული მილსადენის ფონზე დაჭრილი ქალი დახმარებას ითხოვს. მას შემდეგ 12 ოპერაცია გაუკეთდა, მაგრამ ფეხზე მაინც ვერ დადგა. ამბობს, რომ ყურადღებას აღარავინ აქცევს და ბოლო ოპერაცია ნასესხები ფულით გაიკეთა. ხანდახან სოფიო მეხუთე სართულიდან იმ ადგილს გადახედავს ხოლმე, სადაც ერთხელ სიკვდილს თვალებში ჩახედა.

ამ ადამიანებისთვის ტრაგედია არ დასრულებულა. ზოგმა ომში ახლობელი და ოჯახის წევრი დაკარგა, ზოგმა ჯანმრთელობა, ზოგმა სახლ-კარი. ათობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა. ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები ისევ კარგავენ მიწის ნაკვეთებს, რომელთაც საოკუპაციო ძალები მავთულხლართებით ღობავენ.

XS
SM
MD
LG