Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგვისტოს ომის გამოძიების ჩანაფიქრის კვირა


რუსი ჯარისკაცები კარალეთში, 2008 წლის 1 ოქტომბერი
რუსი ჯარისკაცები კარალეთში, 2008 წლის 1 ოქტომბერი
მიმოხილვა დავიწყოთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თემით, რამაც მიმდინარე კვირაში ახლებური სიმწვავით იჩინა თავი. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებით დაიწყო: პრესკონფერენციაზე, რომელიც 8 აპრილს გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ომთან დაკავშირებული მოვლენების საფუძვლიანი გამოძიებაა საჭირო და რომ ამას საქართველოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება, რომის სტატუტი ავალდებულებს. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცესის მსვლელობისას დასაკითხად, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილსაც დაიბარებენ და მასთან ერთად ასევე დაიკითხება არაერთი სხვა მაღალჩინოსანი, ვისი მისამართითაც შეკითხვები არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ომთან დაკავშირებულ ფაქტებს მთავარ პროკურატურაში შექმნილი საგანგებო კომისია შეისწავლის.

იუსტიციის მინისტრის განცხადებებიდან 2 დღის შემდეგ, კერძოდ, 10 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე, როცა ის მედიასაშუალებათა ხელმძღვანელებს ხვდებოდა, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც ილაპარაკა. მან თქვა, რომ თუკი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიების პროცესში შეკითხვებს პრეზიდენტსაც დაუსვამენ, ის ამას ”გაგებით უნდა მოეკიდოს”, რადგანაც ამაში არაფერი იქნება არანორმალური და უკულტურო. რაც შეეხება უშუალოდ საგამოძიებო პროცესს, მას პრემიერ-მინისტრი აუცილებლად მიიჩნევს:

”მე პირადად ბევრი შეკითხვა მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით, არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია ის, რომ საჯარისო ნაწილები მოქმედებაში მოვიდა და დაიწყო საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთი გადმოლახავდა საზღვარს. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ. აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის და დამკვირვებლების მოწვევა და, ამის სანაცვლოდ, ჩვენთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ასეთი სვლა და იმის შემდგომი პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვას იწვევს, ჭორების დონეზე რაც მუსირებს საზოგადოებაში”.

პრემიერ-მინისტრის მიერ გამოთქმული ეჭვების ფონზე, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას - საფუძვლიანად გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებული მოვლენები - ანტისახელმწიფოებრივ მიდგომად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა. როგორც, მაგალითად, დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს წამოწყება რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს:
გიორგი კანდელაკი
გიორგი კანდელაკი

”რუსები იტყვიან, რომ აი, ბატონო, ქართველები თვითონ ამბობენ, რომ თვითონ არიან დამნაშავეები და ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს აღიარებების ახალი ტალღა და საქართველოს პოზიციების ძალიან მნიშვნელოვანი შესუსტება, ისევე როგორც, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შემოთავაზებულმა ცვლილებებმა. მე, უბრალოდ, ვარ გაოგნებული და, ჩემი აზრით, ამ ქვეყნის ყოველი პატრიოტი მოქალაქე, ვისაც არ უნდა უჭერდეს იგი მხარს და რა პოლიტიკური შეხედულებებიც არ უნდა ჰქონდეს, ვისაც გული შესტკივა საქართველოს პოლიტიკურ მომავალზე, დღეს არის აღშფოთებული”.

ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიძიოს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული პროცესები საქართველოს პრეზიდენტიც აღაშფოთა. 11 აპრილს, პოლონეთში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის არ ითანამშრომლებს იმ ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოძიებასთან, რომელიც თვლის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გამოძიების იდეა ”რუსული თამაშია”. აქვე ვთქვათ, რომ სამუშაო ვიზიტით პოლონეთში ჩასვლამდე საქართველოს პრეზიდენტი ასევე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთში, სადაც ის 7 აპრილს ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 8 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაუდგინდა მხრის სამმაგი მოტეხილობა და სტამბოლის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად თურქულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა და მასში სატვირთო ავტომანქანა ფიგურირებდა.

დავუბრუნდეთ ომის თემას. მწვავე დისკუსიის პროცესში, 12 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც
...რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა...
ბიძინა ივანიშვილი
ნათქვამია, რომ მას არასოდეს მოუხსენიებია ”აგრესორად” და არასოდეს უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. „სწორედ რუსეთმა დაარღვია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული საზღვრები და განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში, რომელშიც კვლავაც ესმება ხაზი გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, რათა პასუხი გაეცეს დაგროვილ შეკითხვებს. „რატომ ვერ შეძლო სააკაშვილმააშკარა პროვოკაციის თავიდან აცილება, როგორ მოქმედებდა მთავარსარდალი და მთავრობა, რატომ ერეოდნენ ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები სამხედრო ოპერაციის მართვაში, რამაც ქაოსი და არეულობა გამოიწვია, რატომ მოჰყვა ამხელა მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობას შორის, რატომ ვერ შეძლო მთავრობამ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია, როგორ დარჩნენ მეთაურის გარეშე ჩვენი რეზერვისტები, რომლებიც შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს, და მრავალი სხვა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ „ბორჯომმა“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების ნებართვა მიიღო. ქართული მინერალური წყლის შესახებ ინფორმაცია 11 აპრილს საინფორმაციო სააგენტო „იტარ–ტასს“ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ მიაწოდა. მან თქვა, რომ „’ბორჯომი’ რუსეთის პროდუქციის რეესტრში დარეგისტრირდა და რუსულ ბაზარზე იქნა დაშვებული.” შედეგით კმაყოფილია ”ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია ”IDS Borjomi Beverages”, რომლის საკონტროლო პაკეტიც გასული წლის მიწურულს რუსეთის კომპანია „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა.

მართალია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობის გეგმაში გარკვეული ქმედებები შეინიშნება, მაგრამ ამ პროცესს მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებისა თუ ჰუმანიტარული, კულტურული და სპორტული კონტაქტის განმტკიცების კალაპოტში ხედავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. როგორც მან საერთაშორისო რუსულენოვანი ტელეარხის ”არტივიაი”-სთვის (RTVI) 9 აპრილს მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ამის იქით პროცესი ვერ წავა, რადგანაც პრინციპული პოზიციის დათმობა არც მოსკოვისგან არის მოსალოდნელი და არც თბილისისგან:

სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი
”არ მგონია, რომ ახლო მომავალში საქართველოში გამოჩნდეს პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, მოდით, დავივიწყოთ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთიო... მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არც რუსეთში გამოჩნდება პოლიტიკოსი, რომელიც იტყვის, ეს ჩვენ არ ვიყავით მართლებიო”.

2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში სერგეი ლავროვი ქართულ მხარეს და, კერძოდ, პრეზიდენტ სააკაშვილს ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ ვიდრე საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად გააქვს დევნილებსა და ლტოლვილებთან დაკავშირებული რეზოლუციები, ცხინვალი და სოხუმი ამ თემაზე არ ილაპარაკებენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში და მოსკოვი მხარს უჭერს მათ გადაწყვეტილებას.

სხვათა შორის, მსგავს რეზოლუციებზე უარის თქმისკენ საქართველოს ”საერთაშორისო კრიზისის ჯგუფიც” მოუწოდებს 10 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში, მაგრამ ამგვარ უარს საქართველოსთვის მიუღებლად და საზიანოდ მიიჩნევს ანალიტიკოსების დიდი ნაწილი და ამას არც საქართველოს ხელისუფლება აპირებს. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებულ რეზოლუციებს უაღრესად მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. სწორედ ამიტომ, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას 11 აპრილს, დღის წესრიგში არ დგას უარის თქმა გაეროს ტრიბუნაზე:

”ვინაიდან არავითარი დინამიკა არ არსებობს და წინ არ მიდის საკითხები დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ და ჟენევაში ის აშკარად იძირებოდა და ჭაობში ეფლობოდა, ამიტომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომ უფრო მაღალ დონეზე იყოს ატანილი და მსოფლიოს მუდმივად ესმოდეს დევნილების საკითხების შესახებ, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია”.
სამუშაო ჯგუფმა განიხილა ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გეგმები 2013 წლის აპრილის შუალედური, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში...
საგარეო საქმეთა სამინისტრო

მიმდინარე კვირა საქართველოში მაღალი რანგის უცხოელი სტუმრების სიმრავლითაც გამოირჩეოდა. სტუმრებს შორის იყვნენ: საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები მიკაელ ასტრუპ იენსენი (დანია) და ბორის სილევიჩი (ლატვია), ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიროსლავ ლაიჩაკი და ნატოს ევროპული სარდლობის მეთაური ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი. ხელისუფლების, ოპოზიციისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების მთავარ თემებს კვლავაც ძველი და ახალი ხელისუფლების კოჰაბიტაციის პროცესში წამოჭრილი პრობლემები და საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების აუცილებლობა წარმოადგენდა. ქართული დემოკრატიის მდგომარეობასა და მომავალზე იმსჯელეს ამერიკელმა სტუმრებმაც, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 12 აპრილს გაიმართა. აშშ-ის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ თანათავმჯდომარეები: სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ერიკ რუბინი და ტომას მელია, ასევე აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქარტიის თანახმად მოქმედმა სამუშაო ჯგუფმა ”მიმოიხილა დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გამყარების, პოლიტიკური პლურალიზმისა და საარჩევნო პროცესების, მედიის თავისუფლებისა და ხელმისაწვდომობის, კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის, ასევე დეცენტრალიზებული მმართველობის კუთხით საქართველოს ძალისხმევა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნის მიღწევის გათვალისწინებით. სამუშაო ჯგუფმა განიხილა ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული გეგმები 2013 წლის აპრილის შუალედური, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში”.

კვირის კიდევ ერთი მთავარი თემა საქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლის, იშხნის ბედს უკავშირდება. თვითმხილველები ამბობენ, რომ რეკონსტრუქციის პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს, რაც ისტორიული კვალის წაშლისა და ძეგლის თვითმყოფადობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნის. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა თურქეთიდან 12 აპრილს დაბრუნდა და იმას, რაც მან იშხნის ტაძარში ნახა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას”მძიმე სურათი” უწოდა:
მიწის აღების დროს ნაპოვნი ქვა კედლის მხატვრობის ფრაგმენტით. ამჟამად ინახება მუშების სასადილო ფარდულში. ფოტოს ავტორი: დავით ხოშტარია
მიწის აღების დროს ნაპოვნი ქვა კედლის მხატვრობის ფრაგმენტით. ამჟამად ინახება მუშების სასადილო ფარდულში. ფოტოს ავტორი: დავით ხოშტარია

”ტაძარში მიმდინარეობდა იატაკის დონის დადაბლების პროცესი. დაახლოებით ერთი მეტრის მიწის ფენა იჭრებოდა, გამოთავისუფლებული მასა გამოჰქონდათ გარეთ და იყრებოდა კომპლექსის გარეთა ტერიტორიაზე”.

ბუბა კუდავას განცხადებით, ქართულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ თურქეთი დამოუკიდებლად აპირებდა იშხნის აღდგენას, თუმცა გაჭიანურებულმა მოლაპარაკებებმა თურქულ და ქართულ მთავრობებს შორის, საბოლოოდ, სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო მეათე-მეთერთმეტე საუკუნის ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი. მართალია, 12 აპრილს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის ტაძრის რესტავრაციის პროცესში და ამ მიზნით 17 აპრილს თურქეთში ქართველი სპეციალისტების დელეგაციაც გაემგზავრება, მაგრამ ექსპერტების ერთი ჯგუფი შიშობს, რომ ქართულ მხარეს მაშინვე არ მიეცემა პროცესის გაკონტროლების უფლება. არადა, გადამწყვეტია თითოეული დღე.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG