Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"კონტრაბასის პაგანინი"


ბასური ხაზის, უფრო ზუსტად კი, კონტრაბასის ფუნქციაზე ჯაზურ კოლექტიურ შესრულებაში არაერთხელ მისაუბრია. ის არტისტებიც მიხსენებია, რომლებმაც წლების მანძილზე ჩამოყალიბებული სტერეოტიპი დაანგრიეს და ინსტრუმენტს, რიტმული თანხლების გარდა, "სოლირების" უნარი განუვითარეს. დღეს, როცა მნიშვნელოვნად დაიხვეწა საშემსრულებლო ტექნოლოგიები, ის კვლავ წამყვან როლს ასრულებს როგორც ტრადიციულ მიმდინარეობებში, ასევე თანამედროვე ჟანრებში. მაგალითად, ბევრი არტისტი ელექტრონულ მუსიკაში იყენებს, ბევრიც ევროპული კლასიკისა და ფოლკლორის სინთეზისას. ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტატორი რენო გარსია ფონსია, რომელიც "კონტრაბასის პაგანინის" სახელითაა ცნობილი.

რენო გარსია ფონსი 1962 წლის 24 დეკემბერს პარიზის მახლობლად კატალონიურ ოჯახში დაიბადა. ჯერ ფორტეპიანო მოსინჯა, შემდეგ გიტარაზე გადაერთო, ხოლო მოგვიანებით პარიზის კონსერვატორიაში ჩააბარა, სადაც კონტრაბასის კლასი დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ მან ინსტრუმენტის შესაძლებლობების გამდიდრება გადაწყვიტა - მეხუთე სიმი დაუმატა და ხემით დაკვრის ინდივიდუალური საშემსრულებლო სტილი განავითარა.

რენო გარსია ფონსის აკუსტიკური ექსპერიმენტები მისივე სოლო ალბომებში აისახა, რომელთაგანაც რამდენიმეს გამოვარჩევდი - მაგალითად, გერმანული ხმისჩამწერი სტუდია "ენია რეკორდსის" კედლებში შექმნილ დისკს, სახელწოდებით: Oriental Bass. პროექტში მონაწილეობა 11-მა მუსიკოსმა მიიღო. ერთ მხარეს ევროპული კლასიკური საკრავები: კლარნეტი, ტრომბონი, ფლეიტა, გიტარა, აკორდეონი განლაგდნენ, ხოლო მეორე მხარესაფრიკული და აღმოსავლური პერკუსიული ინსტრუმენტები მოკალათდნენ. წამყვანის როლი, რა თქმა უნდა, რენო გარსია ფონსის კონტრაბასს ერგო. არტისტი საქმეს შერეული საშემსრულებლო ტექნიკით მიუდგა, ზოგიერთ თხზულებაში ხემით დაუკრა, ზოგან პიციკატო გამოიყენა და ინსტრუმენტისთვის არადამახასიათებელი იმგვარი ტემბრული თუ რეგისტრული შესაძლებლობები გამოავლინა, რომ კლასიკური ევროპული საკრავი სრულყოფილ აღმოსავლურ ინსტრუმენტად გადააქცია. რაც შეეხება ალბომზე წარმოდგენილი მასალის ჰარმონიულ-მელოდიურ მხარეს, ის მეტად მრავალფეროვანი გამოდგა: ბოშური, ანდალუსიური და მავრიტანული ხალხური მოტივები ინდურ-აფრიკულ ტრადიციულ რიტმულ კარკასზე აეწყო.

რენო გარსია ფონსის 2005 წლის ალბომი ArcoLuz გერმანულ ციხესიმაგრე ელმაუში გამართული კონცერტისას ჩაიწერა. შესაბამისად, ამ დისკზე არტისტის იმპროვიზაციული აზროვნების უნარი უფრო ნათლად გამოჩნდა, ვიდრე წინა სტუდიური ალბომების შემთხვევაში. ამჯერად მისი პარტნიორები ესპანელები: გიტარისტი კიკო რუისი და პერკუსიონისტი ნეგრიტო ტრასანტე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსების მთავარი თემა ანდალუსიური ხალხური მუსიკა იყო, ისინი არ ჩაიკეტნენ კლასიკური ფლამენკოს ჩარჩოებში. უძველესი ესპანური შუასაუკუნეების საცეკვაო მელოდიები ლათინო-ამერიკულ მოტივებს მოარგეს, ეს სინთეზი კი ჯაზური და კლასიკური ელემენტებით გააჯერეს. კრიტიკოსების აზრით, ArcoLuz ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია რენო გარსია ფონსის შემოქმედებაში.

XS
SM
MD
LG