Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გარდამავალი პროექტები


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სოფლებიდან საოქმო გადაწყვეტილებებს ელოდებიან, რის შემდეგაც მოსამზადებელი სამუშაოები უნდა დაიწყოს. სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული პრიორიტეტების ჩამოყალიბება თებერვლის თვიდან დაიწყო. მოსახლეობის განმარტებით, მათი მთავარი პრობლემა როგორც სარწყავი და სასმელი წყალი, ასევე შიდა და მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციაა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მეოთხე წელია ხორციელდება. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ, წინა წელთან შედარებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები 25 პროცენტით, ანუ დაახლოებით 667 ათასი ლარით, გაიზარდა. სოფლის მოსახლეობის მრავალი პრობლემიდან განსაკუთრებული ყურადღება მაინც სარწყავი არხების მოწესრიგებას, სასმელი წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციას ეთმობა, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსი ალექსანდრე კოსტანიშვილი.

სოფლებში ჩატარებულ კრებებს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებიან. არცთუ იშვიათად, მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხებით გზების მოხრეშას, რიტუალების სახლების მოწესრიგებასა და ისეთი საქმიანობის განხორციელებას ითხოვს, რომლის სრულყოფილად დასრულებისთვის თანხა საკმარისი არ არის. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი გიქოშვილი განმარტავს, რომ ეს მოსახლეობის არჩევანია.

გარდამავალი პროექტების შეთავაზება ხელისუფლებამ მეორე წელია დაიწყო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხები სოფლის მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით ანგარიშდება. სპეციალური ოქმის საშუალებით, რომელზეც ხელს მოსახლეობა მოაწერს, გადაწყდება, თუ რა უნდა გაკეთდეს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, ადგილობრივების შემადგენლობით, 5 კაციანი სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელიც შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს გაუწევს.
XS
SM
MD
LG