Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არ მიმართავენ მოზარდები სასამართლოს


15 თებერვალს გამოქვეყნდა ანგარიში მოზარდთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ. საუბარი შეეხება 14 წელს მიღწეული მოზარდების მიერ სასამართლოს ეფექტურ გამოყენებას საკუთარი უფლებების დასაცავად. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეიტინგში დაწინაურებულ პოზიციებზეა, ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მთელი რიგი ხარვეზები არსებობს.

59-ე - სწორედ ეს ადგილი ერგო საქართველოს იმ რეიტინგში, რომელიც ეხება მოზარდთა მიერ სასამართლოს ეფექტურ გამოყენებას საკუთარი უფლებების დასაცავად, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას. რეიტინგი სულ 197 ქვეყანას მოიცავს. მოწინავე ადგილებს იკავებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ბელგია, პორტუგალია, ესპანეთი, ფინეთი. რეიტინგის ბოლო ადგილები ერგო სომალის, ერითრეას, ეკვატორულ გვინეას. ანგარიში, რომლის სახელწოდებაცაა „უფლება, დაცვის საშუალებები და წარმომადგენლობა“, 15 თებერვალს გამოაქვეყნა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ქსელმა. ანგარიშში კი ასახულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად აქვთ საშუალება მოზარდებს მიმართონ სასამართლოს მაშინ, როცა მათი უფლებები ირღვევა, რა იურიდიული რესურსებია მათთვის ხელმისაწვდომი და სხვა.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანს 14 წლის ასაკიდან უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად. თუმცა ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს თავის საპროცესო წარმომადგენელს და თვითონ დაიცვას საკუთარი თავი. სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეებზე ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოები. სწორედ ამ მიმართულებით ხედავს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მოზარდთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე საუბრობს. მისი თქმით, მოზარდს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება, უნდა შეეძლოს აირჩიოს ვინ დაიცვას მისი უფლება - მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ მისთვის სასურველმა ადამიანმა ან ორგანიზაციამ,და ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მოზარდი სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უჩივის მისი უფლებების დარღვევისთვის. ანა აბაშიძის თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, მოზარდი ამ უფლებას მოკლებულია:

„ბავშვს უნდა ჰქოდნეს ინფორმაცია იმ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა თემატიკაზე და მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად მიმართოს ამ ორგანიზაციებს და სთხოვოს დახმარება. დღეისათვის, ჩვენ რომ მოგვმართოს ბავშვმა, ძალიან გაჭირდება ჩვენი მხრიდან დახმარება, რადგან ჩვენ კანონმდებლობა გვბოჭავს და არ გვაძლევს უფლებას ვაწარმოოთ ბავშვთან ინდივიდუალური მოლაპარაკებები და მისი სახელით წარვადგინოთ სარჩელი სასამართლოში“.

თუმცა, ანა აბაშიძის თქმით, მხოლოდ ეს არ არის პრობლემა, როდესაც ლაპარაკია საქართველოში ბავშვებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე. მისი თქმით, კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივად, არ არის განსაზღვრული სასამართლოში ბავშვის როლი. მაგალითისათვის ის ახსენებს სასამართლოში ბავშვის აზრის მოსმენის საკითხს, როდესაც კანონმდებელი გარკვეული ასაკით შემოიფარგლება. ამ პრობლემების ჩამონათვალის პარალელურად, მსოფლიო რეიტინგში 197 ქვეყნიდან 59-ე, საკმაოდ პოზიტიური ადგილი, ანა აბაშიძის თქმით, მეტყველებს იმაზე, რომ გამოკვლევის ავტორები ეყრდნობიან მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციებს და არ შეისწავლიან პრაქტიკას.

რაც შეეხება პრაქტიკას, გაეროს ბავშვთა ფონდის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამის ხელმძღვანელი თეონა კუჭავა ამბობს, რომ, სავარაუდოდ, საქართველოში მოზარდების მიერ სასამართლოსადმი მიმართვიანობის საკმაოდ მწირი გამოცდილება უნდა არსებობდეს. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რამდენ მოზარდს მიუმართავს სასამართლოსათვის საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სასამართლო მოსარჩელეთა ასაკობრივ აღრიცხვას არ აწარმოებს. თეონა კუჭავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ჩამოთვლის იმ მიზეზებს, რის გამოც, მოზარდები არ ან ვერ მიმართავენ სასამართლოს საკუთარი უფლებების დასაცავად:

„პირველი, ინფორმაციის ნაკლებობა; მეორე, პროცედურების ან რეგულაციების სირთულე. ბავშვს ნამდვილად გაუჭირდება ამ პროცედურების აღქმა. ასევე შეიძლება იყოს სისტემის მიმართ ნდობის ფაქტორის არქონა და ა.შ.“

კიდევ ერთი სტრუქტურა, სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც, კანონმდებლობის მიხედვით, შესაძლოა ჩაერთოს სასამართლო პროცესში, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დრომდე არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ მოზარდს ამ მიმართულებით დასჭირვებოდეს მათი დახმარება.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც მოიცავს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. კანონი ეხება კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას, მათი უფლებების დაცვას და სხვა. თუმცა როგორც გაეროს ბავშვთა ფონდი, ისე ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ მოზარდთათვის მართლმსაჯულების სრულყოფილი ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელია ფოკუსის გაფართოება, რაც გულისხმობს არა მხოლოდ კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების, არამედ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მონაწილე ბავშვების უფლებების დაცვასაც. ამ მიმართულებით, თეონა კუჭავას თქმით, 2016 წლიდან, ევროკავშირის დახმარებითა და იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, იწყება ახალი პროექტი, რომელიც მიმართული იქნება მოზარდთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდისკენ.

XS
SM
MD
LG