Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთი: რას გეგმავს თბილისი ჟენევის ფორმატში


გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში
გაეროს შტაბ-ბინა ჟენევაში

საპარლამენტო ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვს, რათა პასუხი გაეცეს შეკითხვებს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მისაღებ ახალ ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით. ლაპარაკია 10 წლის განმავლობაში შეუთანხმებელი საკითხის - ძალის არგამოყენების ვალდებულების შესახებ, რომელთან დაკავშირებული ერთობლივი განცხადების გარშემო პოზიციების დაახლოება დაადასტურეს როგორც მოსკოვში, ასევე თბილისში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ უარყოფის მიუხედავად, მოსკოვის კმაყოფილების გათვალისწინებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია შიშობს, რომ ერთობლივმა განცხადებამ შესაძლოა ხელყოს საქართველოს მიზანი, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულება რუსეთს დაეკისროს.

საქართველო-რუსეთი: რას გეგმავს თბილისი ჟენევის ფორმატში

  • ოპოზიცია შიშობს, რომ ერთობლივმა განცხადებამ შესაძლოა ხელყოს საქართველოს მიზანი, რომ ძალის არგამოყენების ვალდებულება რუსეთს დაეკისროს.
  • ძალის არგამოყენების გარშემო ერთობლივი დეკლარაციის მიღების გადაწყვეტილება დაადასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა.
  • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა.
  • ამ ფორუმზე წლების განმავლობაში ქართული მხარე ითხოვდა ძალის არგამოყენების ვალდებულების რუსეთის მიერ აღებას,

„მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიზანი იყო, რომ რუსეთს აეღო ძალის არგამოყენების ვალდებულება. თუმცა იმ ნაბიჯით, რა ნაბიჯიც გვახარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამწუხაროდ, ასეთი ვალდებულების აღება არ ხდება. მაშინ ისმის კითხვა: რა ხეირი აქვს საქართველოს აქედან?“ - ეს რიტორიკული შეკითხვა 21 მარტს პარლამენტის სხდომაზე დასვა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა. ის აუცილებლად თვლის, რომ საკითხი სათანადოდ განიმარტოს და პარლამენტარების შეკითხვებს პასუხები გასცენ საგარეო საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის ინიციატორმა.

მთავრობისგან შესაბამის პასუხებს ელის „ნაციონალური მოძრაობაც“. 21 მარტს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატ სალომე სამადაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა დევს ძალის არგამოყენების ვალდებულებასთან დაკავშირებული დინამიკის უკან და ხომ არ არის ეს „რუსეთის მორიგი მცდელობა, რომ თავი დაიძვრინოს ვალდებულებების აღებისგან “.

„შესაძლებელია, რომ აღნიშნულ მოლაპარაკებებზე მოხდეს დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა, როგორც ოფიციალურ მხარეთა, დაფიქსირება და სწორედ მათ აიღონ საკუთარ თავზე ძალის არგამოყენების ვალდებულება, რაც იქნება უკიდურესად დამაზიანებელი არა მხოლოდ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისთვის, არამედ, ფაქტიურად, მთლიანად ჩამოშლის არქიტექტურას, რომელიც დღეს არის შექმნილი ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის კონცეფციის დასაცავად და ჩვენი სუვერენული ინტერესების დასაცავად; და არსებობს ასევე საფრთხე, რუსეთმა მოძებნოს რაიმე გზა, რომლითაც ის გააკეთებს რაღაც პოლიტიკურ განაცხადს, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და ამის სანაცვლოდ შეეცდება თავისი ინტერესების გატარებას ჟენევის ფორმატში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ეს, უბრალოდ, იქნება ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების მიერ გაცხადებული უარი ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ამ დეკლარაციას არ ექნება იურიდიულად სავალდებულო ხასიათი...
გრიგორი კარასინი

ძალის არგამოყენების გარშემო ერთობლივი დეკლარაციის მიღების გადაწყვეტილება 20 მარტს გამოცემა „კომერსანტს“ დაუდასტურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა. მან თქვა, რომ ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად არასავალდებულო ზეპირი დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულ იქნა 11-12 დეკემბერს ჟენევაში, მოლაპარაკებათა 42-ე რაუნდზე, და, სავარაუდოდ, ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე (27-28 მარტი) დამტკიცდება. კარასინის განმარტებით, ეს იქნება ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის ერთობლივი, „ნეიტრალური“ ხასიათის დეკლარაცია, რომელიც არ გაუსვამს ხაზს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსს:

„ეს, უბრალოდ, იქნება ჟენევის მოლაპარაკებათა მონაწილეების მიერ გაცხადებული უარი ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. ამ დეკლარაციას არ ექნება იურიდიულად სავალდებულო ხასიათი, მაგრამ ის გახდება მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ პოლიტიკურ და ემოციურ დონეზე. მხარეები გამოამჟღავნებენ განზრახვას, რომ რეგიონის ყველა საკითხი მშვიდობიანი გზებით მოგვარდეს, კონტაქტებისა და მოლაპარაკებების საშუალებით“.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაზე რუსეთმა საპასუხოდ არ უნდა აიღოს თავისი ვალდებულება...
დავით დონდუა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დაწესდა. საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები თანათავმჯდომარეობენ. ამ ფორუმზე წლების განმავლობაში ქართული მხარე ითხოვდა ძალის არგამოყენების ვალდებულების რუსეთის მიერ აღებას, ისევე როგორც ეს ცალმხრივად გააკეთა საქართველომ. თუმცა რუსეთი თვლიდა, რომ ძალის არგამოყენების შეთანხმება საქართველოს უნდა გაეფორმებინა მოსკოვის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან. ეს პოზიცია წლების განმავლობაში მიუღებელი იყო თბილისისთვის.

ძალის არგამოყენების შესახებ ერთობლივი განცხადების დამტკიცების წინაპირობებს ქართული მხარეც ხედავს. როგორც ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ჩართულმა პირმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა, დეკემბერში გამართულ 42-ე რაუნდზე მოხდა პოზიციების დაახლოება, მაგრამ ჯერ უცნობია, იქნება თუ არა ერთობლივი განცხადება დამტკიცებული უკვე 43-ე რაუნდზე. დავით დონდუას თქმით, ეს იქნება მონაწილეების პოლიტიკური განცხადება ნეიტრალური სტატუსით და ის არავითარ შემთხვევაში არ შეეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს:

„იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ერთგვარი წინაპირობა იმისათვის, რომ დაიწყოს ქმედითი დისკუსიები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით. აქვე მინდა, რომ ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. როცა ეს განცხადება იქნება მიღებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებაზე რუსეთმა საპასუხოდ არ უნდა აიღოს თავისი ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ძალას საქართველოს მიმართ. და კიდევ ერთი, რასაც მინდა გავუსვა ხაზი, რომ ამ პოლიტიკურ განცხადებას არაფერი აქვს საერთო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით“.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ ეს ერთობლივი განცხადება შექმნის დამატებით სივრცეს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის საჭირო ქმედითი მოლაპარაკებების დასაწყებად და „თუკი ამისთვის საჭირო იქნება მაღალი პოლიტიკური დონის ჩართულობა, ამაზე ქართულმა მხარემ მზაობა უკვე გამოხატა“.

თუ ამ დეკლარაციაში რაიმე სახით, სადმე, როგორც მხარე ან დეკლარაციის ავტორი, ნახსენებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვით ჟენევის ფორმატის შეცვლა...
გრიგოლ ვაშაძე

ქართული მხარის მიერ დაგეგმილი ქმედებები საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებად მიაჩნია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე უთხრა ჟურნალისტებს, „საქართველოს დელეგაციამ ჟენევის კონსულტაციებზე მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რომ მათ აეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს“.

„თუ ამ დეკლარაციაში რაიმე სახით, სადმე, როგორც მხარე ან დეკლარაციის ავტორი, ნახსენებია აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვით ჟენევის ფორმატის შეცვლა; საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების, რომლებიც მხოლოდ პირად ხარისხში იყვნენ წარმოდგენილი ამ კონსულტაციებზე, მათი სტატუსის შეცვლა, და, რაც ყველაზე ცუდია, ჩვენ დავთანხმდით იმაზე, რომ მათ საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტურობის ნიშნები ენიჭებათ. ამ დეკლარაციის მიღებით ჩვენ შევედით ძალიან ცუდ თამაშში რუსეთთან ერთად“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის ბრიფინგის შინაარსს „უტიფარი“ უწოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ 21 მარტს პარლამენტის სხდომათა დარბაზში გამოსვლისას. მისი თქმით, ბრიფინგზე გახმაურებული ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა.

„(ჟენევაში) განიხილება ის, რომ ჩვენ მივიღოთ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში, განიხილება ის, რომ ჯარების გაყვანა მოხდეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და განიხილება ის, რომ ძალის არგამოყენებაზე თავისი ვალდებულება კიდევ ერთხელ დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამ. აი, ამაზეა საუბარი. იქ არავითარი სხვა ნარატივი, სხვა ტექსტი და სხვა განცხადება არ განიხილება და არც არავითარი ხელშეკრულება არ განიხილება, რომელიც საქართველოს ახალ ვალდებულებებს ანიჭებს და საქართველოს პოზიციებს ჟენევის ფორმატში რამენაირად ასუსტებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG