Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავისუფლების 60 წელი


რადიო თავისუფლების შტაბბინა პრაღაში
რადიო თავისუფლების შტაბბინა პრაღაში
3 მარტს რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურს 60 წელი შეუსრულდა. სწორედ 1953 წლის 3 მარტიდან მიეცათ საშუალება საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებს მშობლიურ ენაზე მიეღოთ ოფიციალური, საბჭოთა პროპაგანდისგან განსხვავებული ინფორმაცია როგორც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ასევე კულტურის, ხელოვნებისა და ისტორიის შესახებ. რადიო თავისუფლების არქივში ინახება არაერთი საინტერესო და, ხშირ შემთხვევაში, უნიკალური აუდიომასალა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თვალი გადავავლოთ მაუწყებლობის 60 წლიან ისტორიას და გავიხსენოთ ის, თუ როგორ მიეწოდებოდათ საბჭოთა მოქალაქეებს ინფორმაცია კომუნისტური რეჟიმის მიერ საგულდაგულოდ გაყალბებულსა თუ ტაბუირებულ თემებზე.

„ლაპარაკობს რადიო თავისუფლება. თქვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულეების ხმა“ - ასე იწყებოდა რადიო თავისუფლების გადაცემები წლების განმავლობაში და, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების თავისუფალი ხმა ყველაზე ხშირად საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რადიო თავისუფლების ეთერში რეგულარულად გადიოდა რუბრიკა - „რუსეთი და საქართველო“, რომლის წამყვანები და სტუმრები შორეულ საქართველოში მყოფ მსმენელებს უამბობდნენ შეულამაზებელ სიმართლეს საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის შესახებ. 1968 წლის მაისში რადიო თავისუფლების ეთერში გავიდა ინტერვიუ დამოუკიდებელი საქართველოს არმიის მთავარსარდალ გენერალ გიორგი კვინიტაძესთან:

„საქართველო და საქართველოს ხალხი თავისი ჩვეულებებით, თავისი ადათებით, მოწყობით სახელმწიფოსი არის ევროპული და არა აზიური. აზიაში და აგრეთვე რუსეთში არასოდეს არ არსებობდა ის, რასაც ჩვენ ვეძახით ფედერალიზმს. საქართველოში კი, პირიქით, ყოველთვის იყო ფედერალიზმი ისე, როგორც მთელ ევროპაში“.

გიორგი კვინიტაძის გარდა, სხვადასხვა დროს რადიო თავისფულების რედაქციას სტუმრობდნენ ქართული ემიგრაციის სხვა მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, რომელთა უმთავრესი საფიქრალი, რადიოს რედაქციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ „თავისუფლების“ რედაქციამ არაერთი რეპორტაჟი თუ ინტერვიუ მიუძღვნა გეორგიევსკის ტრაქტაქის 200 წლისთავს, რომელიც საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში დიდი ზარზეიმით აღინიშნა. ამასთან, 1983 წლის ივლისით დათარიღებულ გადაცემაში გავლებულია მკაფიო პარალელი გეორგიევსკის ტრაქტატსა და 1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულებას შორის:
1956 წლის 5 მარტს თბილისში დაიწყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მუშების დემონსტრაციები, რომლებმაც ეროვნული ხასიათი მიიღო. თბილისში მაშინ შეყვანილი იქნა თავისი სისასტიკით ცნობილი მე-8 პოლკი და მშვიდობიანი დემონსტრაციები სისხლში იქნა ჩახშობილი...

„საბჭოთა რუსეთმა, ანუ ლენინის მთავრობამ, ისევე დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც დე ფაქტო და დე იურე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენულობა, და იარაღის ძალით დაიპყრო საქართველო, როგორც მეფის რუსეთმა დაარღვია 1783 წლის 24 ივლისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება და იარაღის ძალით საქართველო გახადა რუსეთის იმპერიის პროვინციად“.

რადიო თავისუფლება საბჭოთა პროპაგანდისაგან შეულამაზებელ ინფორმაციას ავრცელებდა მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებაც, იქნებოდა ეს საბჭოთა ჯარების შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში თუ 1956 წლის 9 მარტს მიტინგის სისხლიანი დარბევა თბილისში:

„1956 წლის 5 მარტს თბილისში დაიწყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მუშების დემონსტრაციები, რომლებმაც ეროვნული ხასიათი მიიღო. თბილისში მაშინ შეყვანილი იქნა თავისი სისასტიკით ცნობილი მე-8 პოლკი და მშვიდობიანი დემონსტრაციები სისხლში იქნა ჩახშობილი. დასავლეთის პრესაში მაშინ დაიწერა, რომ მოკლული იქნა 120-მდე კაცი, დაიჭრა 200-ზე მეტი, ხოლო რამდენიმე ასეული გადასახლებული იქნა“.

ეროვნული დამოუკიდებლობისა და სამოქალაქო უფლებების დაცვასთან ერთად რადიო თავისუფლების თვალსაწიერში ექცეოდა კულტურული თვითმყოფადობისა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. და ეს მაშინ, როცა საქართველოში აღდგომა, შობა და სხვა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულები მხოლოდ ვიწრო წრეში, ხელისუფლებისგან მალულად აღინიშნებოდა.

რადიო თავისუფლების ეთერი ხშირად ეთმობოდა თავისუფალი სამყაროს ხელოვნებას. რადიოს მსენელთა შორის განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა გადაცემების ციკლი ჯაზის შესახებ.

თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლამდე რადიო თავისუფლების უმთავრესი მიმართულება მაინც პოლიტიკა იყო. რედაქციის ძალისხმევა, ყველა სიუჟეტი, ინტერვიუ თუ რეპორტაჟი მიმართული იყო საბჭოთა პროპაგანდის განეიტრალებისა და საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისკენ. რადიო თავისუფლების ეთერში ხშირად ჟღერდა როგორც პირველი რესპუბლიკის ჰიმნი, ასევე ის ფრაგმენტები ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედებიდან, რომლებიც წლების შემდეგ საფუძვლად დაედო თანამედროვე, თავისუფალი საქართველოს ჰიმნის მუსიკას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG