გასულ კვირაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა. ბოლოხანს სწორედ დავითოღლუ აწარმოებდა ევროკავშირთან მოლაპარაკებას მიგრაციით გამოწვეული მწვავე კრიზისის მოსაგვარებლად. დავუთოღლუს გადადგომის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, „ფარისევლობა“ უწოდა ევროკავშირის მოთხოვნას, შეიცვალოს თურქეთის ანტიტერორისტული კანონმდებლობა და განაცხადა, რომ უარს ამბობს მოთხოვნის შესრულებაზე. ევროკავშირი კი აფრთხილებს მას, რომ ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გარეშე ბრიუსელი არ აპირებს, მოახდინოს თურქეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია. ევროკავშირი თურქეთს აკრიტიკებს ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამოც. რა ხდება თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობაში? ამ საკითხზე საუბარი ვთხოვე აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელს, თურქოლოგ თამთა ბოკუჩავას.