Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დაგვიჯდა სტიქია


დიდთოვლობა ბათუმში
დიდთოვლობა ბათუმში

დასავლეთ საქართველო სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. დიდთოვლობამ, რომელიც 31 დეკემბერს დაიწყო და 5 დღე გასტანა, ძირითადად, სამეგრელო, გურია, იმერეთი და აჭარა დააზარალა. ზარალი დათვლილია წალენჯიხასა და ჩხოროწყუში. რაც შეეხება დანარჩენ რაიონებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უკვე შეუძლიათ წარმოადგინონ ციფრები, რომლებიც შემდგომ უმნიშვნელოდ თუ შეიცვლება.

ხუთდღიანი თოვის შედეგად, დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში - სამეგრელოში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში - სახლები დაზიანდა. ძირითადად, ჩაინგრა სახურავები. წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა ამბობს, რომ ზარალმა წალენჯიხის რაიონში 460 ათას ლარს მიაღწია და ამ თანხის გამოყოფას ცენტრალური ხელისუფლებისგან ელიან:

„ზარალი უკვე დათვლილია. ციფრები გადაგზავნილია ინფრასტრუქტურის სამინისტროში, შეადგენს 460 000 ლარს.ძირითადად, ეს არის დაზიანებული შენობების სახურავები: საბავშვო ბაღები, ადმინისტრაციული შენობები და 8 საცხოვრებელი სახლი. შეიძლება გადმოთოვლილი იყო, მაგრამ რომ იწვიმა, დამძიმდა თოვლი და ძველი გადახურვები რაც იყო, ძირითადად ისინი დააზიანა“.

მისივე თქმით, მოსახლეობას ბრეზენტის მასალა დაურიგდა, რასაც დროებით ჭერის გადასახურად იყენებენ.

ზარალი დაითვალეს ჩხოროწყუშიც. ჩხოროწყუს გამგებელი დავით გოგუა ამბობს, რომ ზარალის ოდენობა 75 000 ლარია. რაიონში სულ 37 შენობა დაზიანდა, აქაც, ძირითადად, -სახლები.

„პირველ ეტაპზე ვისაც ესაჭიროებოდა დახმარება, ჩვენი ძალებით აღვადგინეთ და შევაკეთეთ, მაგრამ მთლიანად არის სახურავები შესაცვლელი.ძველი გადახურვა ვერც თოვლსგაუძლებს და ვერც წვიმას“.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში ზარალის დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ამ დროის მონაცემებით, ქალაქ ზუგდიდში ის უკვე შეადგენს 300 000 ლარს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კი - 270 000 ლარს. ხობის მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის მათი რაიონის ზარალი 400 000 ლარს აღემატება. შესაბამისად, დღევანდელი მონაცემებით, რეგიონისთვის მიყენებული ზარალი დაახლოებით 1 მლნ 495 ათასი ლარია.

უკვე აღარ თოვს გურიაში, თუმცა, წვიმის გამო, იქ ახლაც წყალმოვარდნას ელოდებიან. გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე ამბობს, რომ ზარალი თითქმის დათვლილია და ციფრებში ის ასე გამოიყურება: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - 350 000 ლარი, ხოჩატაურის რაიონი - 17 000, ლანჩხუთის რაიონი - 40 000. ამას ემატება უშუალოდ ქალაქ ოზურგეთის ზარალი, რომელმაც 70 000 ლარი შეადგინა.

„ეს, ძირითადად, არის სახურავები. ჩვენთან საერთოდ სველი თოვლია. ძალიან დამძიმებული იყო სახურავები თოვლით. ამას წინ უძღოდა ნოემბრის სტიქია, ქარბორბალა, რომლის შედეგად სახურავები იყო დაზიანებული. მაშინ ჩვენ დაახლოებით ერთი მეოთხედის გადახურვა მოვასწარით, თუმცა ამ თოვლმა ისევ დააზიანა. ახლა, უახლოეს პერიოდში, ჯერ ადგილობრივი ძალებით, შემდეგ კი ცენტრალური ბიუჯეტის დახმარებით, ყველა დაზარალებულის სახურავსა თუ საცხოვრებელს აღვადგენთ“.

გუბერნატორის თქმით, სახურავების შეკეთებაზე ტენდერი გამოცხადდება.

იმერეთის 8 მუნიციპალიტეტში ზარალის რაოდენობამ 270 950 ლარი შეადგინა. სამომავლოდ ამასდაემატება უშუალოდ ქუთაისის მონაცემები, რადგან ზარალის დათვლაზე შესაბამისი კომისიააქ ჯერ კიდევ მუშაობს. იმერეთში დაზიანდა როგორც შენობები, ასევე (ხარაგაულის მუნიციპალიტეტში) ხიდ-ბოგირები, გზის რამდენიმე მონაკვეთი და ნაპირსამაგრები.

რაც შეეხება აჭარას, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ აჭარაში, ძირითადად, ქობულეთის მცხოვრებლები დაზარალდნენ. დაზიანდა რამდენიმე სახლი, რომელთა შეკეთება, წინასწარი ინფორმაციით, 10 000 ლარამდე დაჯდება. მისივე თქმით, ამ თანხას ადგილობრივი სარეზორვო ფონდიდან უახლოეს პერიოდში გამოყოფენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG