დიდთოვლობამ და ყინვამ ბოლო დღეებში არაერთი მძიმე პრობლემა შექმნა საქართველოს მასშტაბით და ძირითადად – დასავლეთ საქართველოში. იმის გარდა, რომ, მაგალითად, იმერეთის, სამეგრელოსა თუ გურიის სოფლების ნაწილი ახალი წლის დღეებში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, ადგილობრივები უჩივიან გადაადგილების პრობლემასაც, რაც შიდა გზების გაუწმენდაობით არის განპირობებული. რაც შეეხება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ საავტომობილო გზებს, გადაადგილება აკრძალულია მხოლოდ გუდაურ–კობის მონაკვეთზე.
ნინა მამინაიშვილის ოჯახმა გურიის სოფელ შემოქმედში საახალწლო დღეები დიდწილად ელექტროენერგიის გარეშე გაატარა, თუმცა, სხვა სოფლებისგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედს მაინც გაუმართლა და ახალ წელს სანთლის შუქზე არ შეხვდა:
„შუქი არ იყო 31-ში და მოვიდა ძალიან გვიან, ალბათ, 11–ის ნახევარზე... 1 იანვარს იყო შუადღემდე და მერე წავიდა... ბედობას (2 იანვარს) არ იყო მთელი დღე და გვიან მოვიდა... ძირითადად არც გუშინ (3 იანვარს) იყო შუქი – შუადღისას გააკეთეს, უფრო სწორად, და მერე მოვიდა... დღეს კი, ისევ არ არის... ასევე არის გადაადგილების პრობლემა – ექიმთან რომ წახვიდე, ქალაქ ოზურგეთამდე ვერ ჩახვალ, რადგანაც ტრანსპორტი არ მოძრაობს. ფეხით წახვალ და მოყინულია გზა და დაიმტვრევი...“
ტრანსპორტის არარსებობის პრობლემა, თავის მხრივ, დიდთოვლობით არის განპირობებული და, მიუხედავად იმისა, რომ, ნინა მამინაიშვილის თქმით, გზები გაიწმინდა კიდეც, მაინც სულ გასაწმენდია და გადაადგილება შეუძლებელია.
დიდთოვლობამ და ყინვამ დიდი პრობლემები შექმნა აჭარაშიც. მაღალი სართულიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ 4 იანვარს მნიშვნელოვნად დააზარალა მაღაზია „წიგნები ბათუმში“ და, შენობის ნაწილის ჩამონგრევის გარდა, პირველადი ინფორმაციით, მაღაზიაში გაფუჭდა 400-მდე წიგნი. მაღაზიის წარმომადგენლის მარი კორინთელის თქმით, კონკრეტულად ამ ფაქტის გამო ისინი პასუხისმგებლობას არავის აკისრებენ, თუმცა დიდთოვლობის შედეგად ბათუმში გამოვლენილმა სხვა პრობლემებმა გაუსაძლისი სიტუაცია შექმნა:
„რაღაც კატასტროფა ხდება... იმიტომ, რომ გზები არ იწმინდება და არც სახურავები. კონკრეტულად ჩვენი შემთხვევა არავის ბრალი არ არის, რადგანაც მე-10 სართულიდან მომწყდარი თოვლი დაგვეცა, მაგრამ, ზოგადად, ქალაქში პატრონი არ ჰყავს აქაურობას... რამდენი დღეა უკვე მოყინულია გზები და აბსოლუტურად არაფერი კეთდება იმისთვის, რომ მთავარი ქუჩები მაინც გაიწმინდოს...“
იყო ქარბუქი (სამტრედიიდან დაწყებული, რიკოთის ჩათვლით), იყო ძალიან ძლიერი ყინვა და, შესაბამისად, ჯერჯერობით მიმდინარეობს საავტომობილო გზის დამუშავება ტექნიკური მარილით ისეთ საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოსაყვანად, რომ ტრაილერების მოძრაობა იყოს უსაფრთხო და მათმა შემთხვევითმა მოცურებამ არ გამოიწვიოს დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა...ნუგზარ გასვიანი
ტრანსპორტისა და გადაადგილების პრობლემის გარდა, 4 იანვრის მდგომარეობით, სხვადასხვა წყაროს ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი აჭარის რაიონის 10-მდე სოფელი. უშუქობას უჩიოდა ასევე ათასობით აბონენტი გურიაში, იმერეთსა თუ სამეგრელოში. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიას" მიერ ორშაბათს დღის პირველ ნახევარში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება დასავლეთ საქართველოში არსებული აბონენტების მხოლოდ 4-5 %-ს“, ხოლო დღის მეორე ნახევარში კომპანია იტყობინებოდა, რომ ელექტროენერგიის შეზღუდვის პრობლემა აბონენტთა 2 %-ს რჩებოდა. „ენერგო–პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ყველაფერი „უამინდობის, ძლიერი თოვლისა და ქარბუქის“ ბრალი იყო. დასავლეთ საქართველოში გადაგზავნილია დამატებითი ბრიგადები აღდგენითი სამუშაოებისთვის და ისინი 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
რაც შეეხება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივ საავტომობილო გზებს, როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, 4 იანვარს, 16 საათის მდგომარეობით, სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალული იყო მხოლოდ გუდაურ-კობის მონაკვეთზე და მიზეზად ძლიერი ქარბუქი და ზვავსაშიშროება სახელდებოდა. ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე გზა გახსნილია, მაგრამ ამჟამად გადაადგილების უფლება აქვს მხოლოდ მაღალი გამავლობის ორხიდიან ტრანსპორტს, ხოლო გზის გაფართოების სამუშაოების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მსუბუქი ავტომობილების გატარებაც, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების დახმარებით. ამ ეტაპზე ჯაჭვების გამოყენება აუცილებელია ნაქერალისა და გომბორის უღელტეხილებზე.
რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, იქ (16 საათის მდგომარეობით) პრობლემების წინაშე მხოლოდ ტრაილერები იდგნენ:
„იყო ქარბუქი (სამტრედიიდან დაწყებული, რიკოთის ჩათვლით), იყო ძალიან ძლიერი ყინვა და, შესაბამისად, ჯერჯერობით მიმდინარეობს საავტომობილო გზის დამუშავება ტექნიკური მარილით ისეთ საექსპლუატაციო მდგომარეობაში მოსაყვანად, რომ ტრაილერების მოძრაობა იყოს უსაფრთხო და მათმა შემთხვევითმა მოცურებამ არ გამოიწვიოს დანარჩენი ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა... ვფიქრობთ, დღის ბოლოსთვის, თუკი კლიმატური პირობები არ გაუარესდება, ტრაილერებს გავატარებთ... ნებისმიერი სხვა სახის ავტოტრანსპორტი გადაადგილდება აბსოლუტურად შეუფერხებლად, უჯაჭვოდ“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე პრობლემებს ქმნიანზამთრისთვის არასათანადოდ მომზადებული ავტომობილები და ამიტომ ნუგზარ გასვიანი მოუწოდებს მძღოლებსს არ გადაადგილდნენ შესაბამისი კონდიციის ზამთრის საბურავების გარეშე.
დიდთოვლობისა და ყინვის გამო ამ ეტაპისთვის შექმნილ ძალიან მძიმე სიტუაციაში დამაიმედებელი მხოლოდ ის არის, რომ მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება აღარ არის მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოსგრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ნალექი, თოვლის სახით, მხოლოდ მთაში და მაღალმთაში შენარჩუნდება. იმავე წყაროს ცნობით, მართალია, 4 იანვარს ღამით ყინვა შენარჩუნდება როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ბარში (–9 გრადუსამდე), ასევე თბილისში (–7 გრადუსამდე), მაგრამ 5 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, ყინვა შესუსტდება და, 10 იანვრის ჩათვლით, ნალექს ძირითადად წვიმის სახე ექნება. 6 და 7 იანვარს დედაქალაქში +10 +11 გრადუსია მოსალოდნელი.