Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით სტატუსის საკითხზე


ერევანი
ერევანი
ერევანში 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქართულ-ოსური სამოქალაქო დიალოგი – „თვასალზირისი“, სადაც ქართველმა და ოსმა პოლიტოლოგებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვა ქართულ-ოსური ურთიერთობის პერსპექტივების შესახებ. პირველი მოხსენება, რომელიც ცხინვალში არასამთავრობო ორგანიზაციათა პრობლემებს შეეხო, ოსმა პოლიტოლოგმა კოსტა ძუგაევმა გააკეთა. როგორც ცნობილია, სტამბოლის წინა შეხვედრის შემდეგ ცხინვალში დაბრუნებულ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორში პატრიოტები არიან დასაქმებულები. ამ ყველაფრის შემდეგ დიდ ინტერესს იწვევდა ოსური მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. პოლიტოლოგი დინა ალბოროვა აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაში გარკვეული როლი ადგილობრივმა მედიამაც ითამაშა, ამიტომ ერევნის შეხვედრაზე ცხინვალის ტელევიზია სამოქალაქო დიალოგის ფორმატის შესახებ ფილმს მოამზადებს.

„ იყო ასეთი ნეგატიური პრაქტიკა, როცა ჟურნალისტი მოვიდა მასალის მოსამზადებლად და სრულიად სხვა რეპორტაჟი დაწერა, ვიდრე ის, რაც ავუხსენით და ვუთხარით ამ ჟურნალისტს. ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ გახსნილები და გამჭვირვალეები. ამისთვის მზად ვართ, იმიტომ რომ თუ ინტერნეტში მოგვძებნიან, იქ აუცილებლად ნახავენ ინფორმაციას ჩვენი შეხვედრების შესახებ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და სიამოვნებით ვაძლევთ ინტერვიუებს ჟურნალისტებს“,– ამბობს დინა ალბოროვა.
შთაბეჭდილება ასეთია, რომ საკმაოდ უჭირს არასამთავრობო სექტორს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას სამხრეთ ოსეთში ...
გიორგი კანაშვილი

კავკასიური სახლის დირექტორი გიორგი კანაშვილი აცხადებს, რომ დღეს ცხინვალში არასამთავრობო სექტორს ძალიან უჭირს და როგორც ხელისუფლებას, ისე მედიას რიგ შემთხვევებში მის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება უჩნდება. მისი აზრით, ქართულ-ოსური ურთიერთობის გაუმჯობესების შემდეგ სამოქალაქო სექტორის მიმართ მიდგომაც შეიცვლება:

„ შთაბეჭდილება ასეთია, რომ საკმაოდ უჭირს არასამთავრობო სექტორს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას სამხრეთ ოსეთში. თუმცა ის, რომ კოსტა ძუგაევთან მიმართებაში შემდეგ უკვე თიბილოვმა თქვა, დარწმუნებული ვარ რომ თქვენ პატრიოტები ხართო, მობოდიშებისმაგვარი იყო. მე ვფიქრობ, ამ მიმართებაში ქართული მხრიდან შეიძლება გაკეთდეს ის, რომ მაქსილამურად მოისპოს იმის საფუძველი, რომ ეს ადამიანები იქ, შიგნით, თავის საზოგადოებაში დადანაშაულებულები არ იყვნენ მოღალატეობაში და ასე შემდეგ. პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად, ვფიქრობ, ეს პრობლემა თავისთავად მოიხსნება. ანუ რაც უფრო დახვეწილი და კონსტრუქციული იქნება ქართული პოლიტიკა სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, შიგნითვე ნაკლები დარტყმის საფუძველი ექნებათ ამ ხალხზე“.

ეს ოთხი თემა, ჩემი აზრით, შეიძლება მოგვარდეს სტატუსნეიტრალურად, ანუ ისე, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ ჩვენს პოლიტიკურ პრობლემებზე ...
სერგი კაპანაძე

უნდა შევთანხმდეთ, რომ ვერ ვთანხმდებით პოლიტიკური სტატუსის შესახებ – ეს იყო საქართველოს რეფორმების ასოციაციის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძის მოხსენების მთავარი თემა. იგი ცოტა ხნის წინ ჟენევის დისკუსიის ფორმატში იღებდა მონაწილეობას. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგის ფორმატი მეტად თავისუფალია და აქ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თავიანთ მოსაზრებებს უფრო ღიად გამოთქვამენ. მისი თქმით, პრობლემური საკითხებისთვის პოლიტიკური კონტექსტის მოშორების შემთხვევაში მეტი შანსი რჩება ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხების გადასაჭრელად. ამისთვის იგი მხარეებს 4 მიმართულებით მუშაობას სთავაზობს. ესენია: თავისუფალი გადაადგილების, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა, პირდაპირი დიალოგის დაწყება თბილისსა და ცხინვალს შორის და იქ საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვება.

„ეს ოთხი თემა, ჩემი აზრით, შეიძლება მოგვარდეს სტატუსნეიტრალურად, ანუ ისე, რომ ჩვენ არ ვილაპარაკოთ ჩვენს პოლიტიკურ პრობლემებზე, ვაღიაროთ, რომ ჩვენ გვესმის, მეორე მხარეს რა პოლიტიკური პოზიცია აქვს; მათაც აღიარონ, რომ ესმით, ჩვენ რა პოლიტიკური პოზიცია გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ არ ვილაპარაკებთ ისეთ თემებზე, როგორიცაა კანონი ოკუპაციის შესახებ, აღიარება-არაღიარების, სტატუსის პრობლემები და ასე შემდეგ, არამედ შევეცდებით, რომ ნეიტრალურ ჭრილში კრეატიულად მოვძებნოთ გამოსავალი იმ თემებზე, რომლებიც მე ვახსენე. ეს არის შესაძლებელი, თუ იქნება ამაზე პოლიტიკური ნება“, ამბობს სერგი კაპანაძე.

შეხვედრის ორგანიზატორი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალენ ნანი ამბობს, რომ ეს შეხვედრები მონაწილეებს აძლევს საშუალებას გაცვალონ ინფორმაცია და უკეთესად გაუგონ ერთმანეთს. მისი აზრით, სამოქალაქო დიალოგის დღეს არსებული ფორმატები უფრო ღია და გამჭვირვალე უნდა გახდეს.

სამოქალაქო დიალოგის სერია „თვალსაზრისი“ 2008 წლის დეკემბრის შემდეგ იმართება და მის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციების ინტერესი დიდია. ერევნის შეხვედრასაც არაერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. ამ დიალოგის ჩატარება დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG