Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავას გირაო დაეკისრა და უფლებამოსილება შეუჩერდა


გიგი უგულავა
გიგი უგულავა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 დეკემბერს არ დააკმააყოფილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დედაქალაქის მერისთვის, გიგი უგულავასთავის წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას 50 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. წინასასამართლო სხდომა 5 თებერვალს დაინიშნა. გირაოს გადასახდელად კი გიგი უგულავას 30 დღიანი ვადა განესაზღვრა. მოგვიანებით, 22 დეკემბრის გვიან ღამით სასამართლომ გიგი უგულავას თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუჩერა.

თბილისის მერს, გიგი უგულავას, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე ბრალი მიმდინარე წლის 18 დეკემბერს წარედგინა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლის ვადით გულისხმობს. საქმეზე შედგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურა აცხადებს, რომ, თბილისის მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, გიგი უგულავამ შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად თბილისის რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი „თბილისის განვითარების ფონდის“ თანხები გაფლანგა.

“პარტიული ინტერესებისათვის, მთლიანობაში, მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა „თბილისის განვითარების ფონდის“ კუთვნილი 48 180 460 ლარი, რომელიც მოხმარდა არა ქალაქ თბილისის განვითარებასა და რეაბილიტაციას, არამედ პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას“, განაცხადა 18 დეკემბერს, გიგი უგულავასთვის ბრალის წარდგენის დღეს, პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

საქმე, მთლიანობაში, მოიცავს ორ ეპიზოდს. პირველი ეპიზოდის მიხედვით, ფიქტიურად გაფორმებული 719 შენობის კვლევის სპეციალისტებს, რომლებიც, გამოძიების თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ, პლასტიკურ ბარათებზე, ხელფასის სახით, 13 852 497 ლარი დაერიცხათ. მეორე ეპიზოდის დანაშაულებრივი სქემა კი, პროკურატურის თანახმად, გულისხმობდა პარტიული აქტივის გასამრჯელოს „თბილისის განვითარების“ ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკებით გამოტანას და, აქტივისთვის დარიგების მიზნით, პარტიის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის გადაცემას. ამ მიზნით ფონდმა, გამოძიების თანახმად, 34 328 463 ლარით იზარალა.

იგი ცხადდება სასამართლოში, იკითხება, ყველა საგამოძიებო მოქმედებაში ღებულობს მონაწილეობას და, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის უსაფუძვლო მოთხოვნა და ყოველგვარ მოტივაციას მოკლებული. არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ მას შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახე...
გიორგი გელხაური
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებები თბილისის მერიის 5 თანამშრომელს 2013 წლის ივნისში წაუყენეს, თუმცა, საქმის მნიშვნელობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 2013 წლის 20 დეკემბერს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის, „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის, მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსანდრე თაბუაშვილის, ძველი თბილისის ყოფილი გამგებლის დავით ავალიანისა და მისი მოადგილის დიმიტრი ჩხაიძის ბრალდების საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო გიორგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. საქმეს საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს.

ვიცოდით, რომ პატიმრობას მოითხოვდნენ, იმიტომ რომ ამის შესახებ წინსწრებით დააანონსა პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკა ბესელიამ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას იმის თობაზე, თუ რა ტიპის შუამდგომლობით უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს...
ზურაბ ჯაფარიძე
გიგი უგულავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში აღიძრა. მას ბრალი წარედგინა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და ფულის გათეთრების საქმეებზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისის მერს 23 თებერვალს ბრალი წაუყენა ტელეკომპანია „იმედის“ დანაშაულებრივი გზით გასხვისებასა და საბიუჯეტო თანხების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ გამოყენებაში. მაშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა უგულავას მიმართ გირაოს - ერთი მილიონი ლარის - შეფარდების შესახებ. თბილისის მერისთვის ბრალის დამძიმებას კი „თბილისის განვითარების“ ფონდის კუთვნილი თანხების პარტიული მიზნებისთვის გაფლანგვის ეპიზოდებით პოლიტიკურ დევნად აფასებენ თავად გიგი უგულავა და მისი პარტიული თანამებრძოლები, რომლებიც, ამასთანავე, ეჭვქვეშ აყენებენ პროკურატურის დეპოლიტიზების საკითხს.

“ვიცოდით, რომ პატიმრობას მოითხოვდნენ, იმიტომ რომ ამის შესახებ წინსწრებით დააანონსა პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკა ბესელიამ. როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას იმის თობაზე, თუ რა ტიპის შუამდგომლობით უნდა მიმართოს პროკურატურამ სასამართლოს ამა თუ იმ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით, იღებს არა თვითონ პროკურატურა, არამედ გადაწყვეტილების მიღება ხდება „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებული ლიდერშიპის მიერ. ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ეს აჩვენებს იმას, რომ პროკურატურის დეპოლიტიზება, რომელზეც საუბრობს ხელისუფლება მუდმივად, არის მითი და ზღაპარი“, ამბობს დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.

მისი კოლეგა საპარლამენტო უმრავლესობიდან, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი კი უგულავას საქმის იმ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა გამოც, მისი აზრით, აღარ რჩება ეჭვი იმის სათქმელად, რომ თბილისის მერის წინააღმდეგ 18 დეკემბერს წაყენებული ბრალი პოლიტიკურად მოტივირებულია.

“თუ თქვენ გადაავლებთ თვალს ბრალდებას, ნახავთ, რომ სხვადასხვა უწყებებში და, მათ შორის, გიგი უგულავამაც რამდენიმე მილიონი, ათეული მილიონი გადაქაჩა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებზე პოლიტიკური - ვიწრო პოლიტიკური - ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ერთ შემთხვევაში 4 მილიონი, მეორე შემთხვევაში 5 მილიონი, ბოლო შემთხვევაში 48 მილიონი გადაირიცხა ქალაქის განვითარების ფონდში, საიდანაც შემდგომ დაახლოებით 800-მდე ადამიანზე - „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და კოორდინატორებზე - გადაიქაჩა ეს ფული ხელფასის სახით“, ამბობს ირაკლი სესიაშვილი და პრაქტიკულად აღწერს იმ საქმეს, რომელშიც ბრალდებულ გიგი უგულავასთვის პროკურატურა პატიმრობის გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებასაც ითხოვს.
XS
SM
MD
LG