Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი მარგველაშვილი მაინც წავა გაეროში


ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი მარგველაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის მცდელობამ გადაერწმუნებინა პრეზიდენტი შედეგი ვერ გამოიღო - გიორგი მარგველაშვილი მაინც აპირებს ნიუ-იორკში გამგზავრებასა და 23 სექტემბერს სიტყვით გამოსვლას გაეროს კლიმატის ცვლილებების სამიტზე. მთავრობა ჯერჯერობით ამაოდ ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტი, რომ მისი გამგზავრება დააზარალებს ქვეყნის იმიჯს და რომ ნიუ-იორკში მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა ჩავიდეს. უთანხმოება და კამათი ამ თემაზე უკვე ორ თვეზე მეტია გრძელდება.

შეხვედრას ”შინაარსიანი” უწოდა, თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვერ მიაღწია იმას, რისთვისაც ის 10 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლეს ეწვია. მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებთან დიპლომატიური კომენტარით შემოიფარგლა:

”ბევრ თემაზე ვისაუბრეთ და ჩვენ ვეცდებით, რომ ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც იქნება მისაღები ყველასთვის და რომელიც, რაც მთავარია, იქნება ქვეყნის ინტერესებში”.

პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება. დანარჩენ ყველა დეტალზე - რა იქნება, რა შეხვედრები დაიგეგმება და ასე შემდეგ - ყველაფერზე დეტალურად მოგახსენებთ...
თენგიზ ფხალაძე

თუკი წინა კომენტარებით ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს მინისტრი ქვეყნის ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებაში. მაია ფანჯიკიძე უკვე კარგა ხანია თვლის, რომ, თუკი სექტემბერში გაეროში პრეზიდენტიც გაემგზავრება და პრემიერ-მინისტრიც, ეს გაორება უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს საქართველოს. ამასთან, მთავრობაში მტკიცედ არის გადაწყვეტილი ისიც, რომ პოზიცია მაინცდამაინც პრეზიდენტმა უნდა დათმოს და არა პრემიერ-მინისტრმა. გავიხსენოთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე ყოველწლიური მოხსენებით უნდა გამოვიდეს. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ასევე ის მიიღებს მონაწილეობას კლიმატის ცვლილების შესახებ სამიტშიც. არადა, როგორც პრეზიდენტი მარგველაშვილი ირწმუნება, მან უკვე განაცხადა თანხმობა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის მოწვევაზე, რომ 23 სექტემბერს მონაწილეობა მიიღოს კლიმატის ცვლილებების სამიტში.

ეს პოზიცია გადახედვას არც მაია ფანჯიკიძესთან საუბრის შემდეგ დაექვემდებარა. როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ უთხრა 10 სექტემბერს ჟურნალისტებს, პრეზიდენტი პრინციპულ პოზიციაზე რჩება და სამიტისთვის მზადების პროცესი გრძელდება:

”პრეზიდენტის ვიზიტზე მუშაობა გრძელდება. დანარჩენ ყველა დეტალზე - რა იქნება, რა შეხვედრები დაიგეგმება და ასე შემდეგ - ყველაფერზე დეტალურად მოგახსენებთ. მუშაობა გრძელდება ამასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პრეზიდენტის ვიზიტის მომზადების დროს იქნება ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია.”

გაეროში უნდა გაემგზავროს პრემიერ-მინისტრი - მთავრობაც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ეს კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული...
კახა კალაძე

ფანჯიკიძისა და მარგველაშვილის შეხვედრის პარალელურად და მანამდეც, არაერთი კვირის განმავლობაში, კოალიცია ”ქართული ოცნების” ხელისუფლება დარწმუნებით აცხადებდა, რომ საქართველოდან ორი დელეგაციის ჩასვლა ნიუ-იორკში ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე. საკითხს საკამათოდ არ მიიჩნევს, მაგალითად, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე:

”გაეროში უნდა გაემგზავროს პრემიერ-მინისტრი - მთავრობაც ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, ეს კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული. თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ უელსის სამიტზე წაბრძანდებოდა პრეზიდენტი და ეს ასეც მოხდა მართლა და გაეროს სამიტზე დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი”.

ის, რომ მთავრობის წარმომადგენლები ერთსულოვნად და აქტიურად ეწინააღმდეგებიან პრეზიდენტის ნიუ-იორკში გამგზავრებას, არ გამოჰპარვია პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველს (ბიძინა ივანიშვილის დროს) გია ხუხაშვილს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ საკითხის მოგვარება წყნარად და მშვიდად შეიძლებოდა და ორი დელეგაციის გამგზავრებაზე მეტად უხერხული არის ის, რაც ამჟამად ხდება ამ საკითხის გარშემო:

”როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა? რის დემონსტრაციას აკეთებენ? ვის წინაშე აკეთებენ? რეალურად, შინაარსობრივად ფუნდამენტალურად დამოკიდებულებები - ჩვენი საგარეო ვექტორი, საგარეო-პოლიტიკური განაცხადებები - არაფრით არ განსხვავდება პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის. ერთადერთი, რისი ვერგაყოფაც ხდება, არის ფორმა, რომ ვინ სად წავა და ვინ არის მთავარი ამ ქვეყანაში... არც ერთი არ არის მთავარი ამ ქვეყანაში. ამ ქვეყანაში მთავარია ქართველი ხალხი. ისინი კი არიან დაქირავებული ქართველი ხალხის მიერ და ეს ურთიერთობის ფორმა უნდა დაიცვან, რაც არა პიროვნულ, არამედ ინსტიტუტების ურთიერთპატივისცემას ნიშნავს”.

შექმნილ სიტუაციას უხერხულად მიიჩნევს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ისურვებდა, რომ ამის გამო საქართველო დასაცინ მდგომარეობაში არ ენახა:

ვახტანგ ძაბირაძე
ვახტანგ ძაბირაძე

”უხერხულობას ქმნის ეს და არასერიოზულ დამოკიდებულებას აჩენს როგორც ერთი, ასევე მეორე ინსტიტუტის მიმართ. თუმცა შეგვიძლია თავი იმით დავიმშვიდოთ, რომ ანალოგიურ სიტუაციაში თავის დროზე, დიდი ხნის წინ, მოხვდა საფრანგეთი - დიდი შვიდიანის სამიტზე გაფრინდა როგორც პრეზიდენტი, ასევე პრემიერ-მინისტრი. უფრო ახლოს, რამდენიმე წლის წინ, ანალოგიური რამ მოხდა, როდესაც პოლონეთიდან კაჩინსკი და ტუსკი ასევე ბრიუსელში იყვნენ წარმოდგენილი... ანუ ჩვენ პირველები ამ მხრივ არ ვიქნებით, თუმცა აღნიშნულ შემთხვევებზე დღემდე ღიმილით საუბრობს მთელი მსოფლიო”.

შექმნილ სიტუაციას ვახტანგ ძაბირაძე დიდწილად იმით ხსნის, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია გარკვევით არ მიჯნავს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უფლება-მოვალეობებს საგარეო ურთიერთობების ჭრილში და რომ, სამომავლო გაუგებრობების თავიდან ასაშორებლად, ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა გვმართებს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG