Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოს შესახებ


უცხოეთის პრესაში განვლილი კვირის განმავლობაში რამდენიმე სტატია დაეთმო საქართველოს.

ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-მ 30 იანვარს გაავრცელა თავისი კორესპონდენტის, დემიენ მაკგინესის რეპორტაჟი საქართველოში ამნისტიის შესახებ. სტატიაში მოყვანილია ინფორმაცია ციხეებიდან გამოშვებულთა რაოდენობაზე, აღწერილია სცენა, რომელიც ბრიტანელმა ჟურნალისტმა გლდანის საპატიმროსთან იხილა - როგორ ეგებებიან გახარებული ახლობლები ყოფილ პატიმრებს, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ სკანდალურად ცნობილ ციხეს. მაკგინესი აღნიშნავს, რომ, ცნობების თანახმად, გლდანის საპატიმროში იქნა გადაღებული პატიმრების ცემისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა და რომ, ამნისტირებულები როგორც ირწმუნებიან, ისინი პოლიტიკური მოტივით იყვნენ დაპატიმრებული - მაგალითად, იმის გამო, რომ 2011 წლის მაისში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ.

აქ დემიენ მაკგინესი თვითონაც იხსენებს მაისის გახმაურებულ დემონსტრაციას, რომელსაც 2011 წელს BBC-თვის აშუქებდა.

„დემონსტრაცია ძალადობაში გადაიზარდა და ოთხი ადამიანი დაიღუპა. ნაწილობრივ, ბრალი მიუძღოდა ზოგ პოლიციელს, რომელმაც ზედმეტად უხეშად მოახდინა რეაგირება, როცა შეკრებილების დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენა და არეულობის დროს ხელკეტები ურტყა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს. მე ეს ვიცი, რადგან ტყვია მეც მომხვდა. სანამ პოლიცია საქმეში ჩაერეოდა, რამდენიმე დემონსტრანტს გამოველაპარაკე - მათ შორის მამაკაცებს, რომლებიც ქვაფენილიდან ქვებს აძრობდნენ ხალხში სასროლად და რომლებიც ქურთუკებში მალავდნენ ლითონის ბასრ ჯოხებსა და ხელკეტებს. ისინი არ იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტები“, წერს ბიბისის კორესპონდენტი 2011 წლის დემონსტრაციაზე საკუთარი თვალით ნანახის შესახებ. ის იუწყება შეშფოთებაზეც, რომელსაც საქართველოში ციხეებიდან ათასობით ამნისტირებულის გამოშვება იწვევს საზოგადოების ნაწილში - იმ ხალხში, ვისაც ახსოვს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი 90-იანი წლების ვითარება, როცა საქართველოს, მაკგინესის სიტყვებით, ფაქტობრივად, კანონიერი ქურდები მართავდნენ.

„განვლილი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანა ანარქიიდან და ქაოსიდან გარდაიქმნა, ბევრის შეფასებით, დიქტატორულ პოლიციურ სახელმწიფოდ. მიხეილ სააკაშვილმა 2003 წელს, საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მკაცრ ზომებს მიმართა დამნაშავეობის წინააღმდეგ. ახლა არსებობს შანსი რაღაც საშუალოსათვის: სისტემისათვის, რომელიც არც ავტორიტარული იქნება და არც ანარქიული. ქართველთა უმრავლესობას ყელში ამოუვიდა ორივე უკიდურესობა. მაგრამ ამ ქვეყანას კვლავაც ძალიან უყვარს დრამა - როცა ლიდერს შეიძლება ჯერ ხოტბა შეასხა, როგორც ქვეყნის მხსნელს, და მერე, სულ მალე, სამხედრო დამნაშავედ გამოაცხადო“, წერს BBC-ს კორესპონდენტი.

საქართველოს შესახებ ორი საყურადღებო პუბლიკაცია გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემა „იურეიჟანეტ“-მა. მათი ავტორი, გიორგი ლომსაძე, რუბრიკაში, სახელწოდებით „თამადის ისტორიები“, ეხმიანება პრესის თავისუფლების შესახებ შეფასებებს და ბორჯომის მწარმოებელი კომპანიის რუსი მფლობელის კონტროლქვეშ გადასვლას.

ბორჯომთან დაკავშირებით ლომსაძე წერს, რომ, მედიაში გავრცელებული ცნობებით, კრემლთან დაახლოებულმა საინვესტიციო ჯგუფმა, მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის „ალფა ჯგუფმა“ შეიძინა ბორჯომის მწარმოებელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი. ამ ამბის ფონად, ჟურნალისტი მოიხსენიებს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, რუსების კუჭებს ასიამოვნოს და ამით მათი გულები მოიგოს. მოსკოვი მომავალ კვირაში უმასპინძლებს მოლაპარაკებებს, რათა ბოლო მოეღოს საქართველოდან სასმელების იმპორტზე 2006-ს წელს დაწესებულ აკრძალვასო.

„მაშინ გენადი ონიშჩენკომ, რუსეთში სურსათის მთავარმა შემმოწმებელმა, გამოაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების მოსურნე, შეერთებული შტატების მოყვარული საქართველო ზიანს მიაყენებდა რუსების ჯანმრთელობას. მაგრამ ონიშჩენკომ, საკვების უსაფრთხოების სააგენტო „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, ბოლოხანს აღმოაჩინა, რომ ქართული სასმელი, სინამდვილეში, არც ისე საზიანო ყოფილა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის მგმობელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია დამარცხდა საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში“, ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

ამავე რუბრიკაში, “თამადის ისტორიები“, გიორგი ლომსაძე ეხება განსხვავებას შეფასებებს შორის, რომლებსაც გამოთქვამს ორი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია - „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ და „ფრიდომ ჰაუსი“. ორგანიზაციის „რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ რეიტინგით, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების კუთხით შექმნილ ვითარებას ასახავს, საქართველოზე გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს სომხეთს - ეს უკანასკნელი 77-ე ადგილზეა, საქართველო მე-100-ზე, მაშინ როცა „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოს კვლავინდებურად მიიჩნევს რეგიონის ლიდერად - ის „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების რიგშია, სომხეთი კი „არათავისუფლებს“ მიეკუთვნება.

“სომხეთი და საქართველო - მეზობლები, რომლებიც ყველაფერში ეჯიბრებიან ერთმანეთს, სამზარეულოთი დაწყებული და კულტურით დამთავრებული - ახლა, როგორც ჩანს, ერთმანეთს უთანაბრდებიან პრესის თავისუფლების კუთხით“, წერს ლომსაძე და ბოლოს დაასკვნის, რომ სამხრეთ კავკასიის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც აზრთა სხვაობას არ იწვევს უფლებადამცველ ჯგუფებს შორის, არის აზერბაიჯანი. როგორც ჩანს, ყველა თანხმდება, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე მდიდარი იმავდროულად ყველაზე რეპრესიულიც არისო, ვკითხულობთ „იურეიჟანეტის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
XS
SM
MD
LG