Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერმა განვლილი 2 წელი შეაფასა


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობა შეაფასა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების რეფორმაზე ისაუბრა, განაცხადა, რომ დასრულდა სამართლიანობის აღდგენის მიზნით მოქალაქეების განცხადებების განხილვა და თებერვალში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც დაზარალებულთა კომპენსირების საკითხს განიხილავს. ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის საქმიანობაში ჩაურევლობაზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვებსაც გასცა პასუხი.

პრემიერ-მინისტრმა თავისი შემაჯამებელი სიტყვით დაიწყო პრესკონფერენცია და უპირველეს მიღწევად ევროკავშირთან ასოცირების შესახებხელშეკრულების რატიფიცირება დაასახელა. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი, რომლის თაობაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა, ეს იყო, მისი სიტყვებით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება:

„პროკურატურამ დაასრულა ყველა იმ განაცხადის შესწავლა, რომელიც ამ ორი წლის განმავლობაში პროკურატურაში დარეგისტრირდა. საქმე ეხება უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე იმ რეპრესირებულ ადამიანებს, - ათასობით ადამიანზეა საუბარი, - რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს ციხეებში, რომ ისინი იყვნენ მსხვერპლნი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, გაუპატიურების. მაქსიმუმ თებერვლამდე ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სამართლიანობის აღდგენის პროცესის დასრულება“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ასევე იმსჯელებს ჩამორთმეული ქონების და,ზოგადად, მიყენებული ზიანის კომპენსირების თაობაზე. თუმცა პრემიერის ამ ინიციატივას აბოსოლუტურად მიზანშეუწონლად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და ამ პროცესს ანტიკონსტიტუციურს უწოდებს:

„ზოგადად ასეთი კომისიების შექმნა არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო ყველანაირი კონსტიტუციური პრინციპისა, რაც კი ეხება როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურის, ისე მხარეთა ინტერესებს. ამიტომ ასეთი კომისიების შექმნა პირდაპირ ევროპული სტანდარტების და კონსტიტუციის პრინციპების საწინააღმდეგო იქნება. ეს არ უნდა მოხდეს და იმედი მაქვს, არ მოხდება“.

მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ ჩვენ გავგზავნეთ მედიკამენტები...
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაზე დასმულ კითხვას რამდენჯერმე უპასუხა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა შემოიფარგლება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით და ის ამ კონტექსტში თავდაცვის სამინისტროს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი თქმით, საქართველოს სამხედროებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

„მე გეტყვით, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამიჯნული. ჩვენ თავიდან ვთქვით, რომ ჩვენ უკრაინას მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოვუჩენდით და ეს ასეც გავაკეთეთ. იცით, რომ ჩვენ გავგზავნეთ მედიკამენტები... პირადად ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული, მრავალ დანაშაულში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებდა და მისი გუნდის წევრები მოუწოდებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, - და პირად საუბრებშიც მიდიოდა მოლაპარაკებები, - რომ დათმონ მათ საქართველოს მოქალაქეობა, დათმონ საქართველოს შეიარაღებული ძალები და წავიდნენ უკრაინაში, იმიტომ რომ იქ მაღალი ანაზღაურება ექნებათ. ეს არის პირდაპირი ღალატი და მოწოდება ღალატისკენ“.

ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომ ხელისუფლება ემიჯნება უკრაინასთან დაკავშირებულ პროცესებს, გარდა ჰუმანიტარული მხარდაჭერისა, არაერთგვაროვანი მოსაზრებები მოჰყვა პარლამენტში. კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ცოტა ხნის წინ წამოსული „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი დამოკიდებულება გულგრილობის ტოლფასია:

ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები...
ირაკლი ღარიბაშვილი

„ძალიან ცუდი განცხადებაა, იმიტომ რომ არის ასეთი ქართული გამოთქმა: „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“, რომელსაც, მე ვფიქრობ, ძალიან ნეგატიური შეფასებები მოჰყვება ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოება ასეთი ტიპის განცხადებას არ იზიარებს“.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შესაძლო შეხვედრის საკითხს, პრემიერმა განაცხადა, რომ ამგვარ შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ხელისუფლება ისეთ პრინციპულ საკითხებს, როგორიც ქვეყნის ტერიტორიის 20 %-ის ოკუპირებაა, დიდ ყურადღებას უთმობს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ქვეყნის მთავარი სტრატეგიაა, საქართველოს ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა და ის იყოს მუდმივად ყურადღების ცენტრში:

„ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ, კონსტრუქციულ პოლიტიკას, მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვართ და ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, როგორიც არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ ჩვენი ტერიტორიების ხარჯზე რაიმე კომპრომისს“.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო მედიის სამქიანობაშიხელისუფლების ჩაურევლობის საკითხი. პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ხელისუფლება არ ერევა მედიის საქმიანობაში:

სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული 27-კაციანი სიიდან მათ პირველ ჯერზე კენჭი არ უყარეს არავის და ამით სერიოზულ ჩიხში შეიყვანეს პროცესი და ასევე გავიხსენოთ, რომ დღესაც სამეურვეო საბჭოში არის ორი ვაკანტური ადგილი, რომელიც ეკუთვნის უმცირესობას...
ნინო დანელია

„მართლაც, ვართ გამონაკლისი მთავრობა მთელ მსოფლიოში, მთავრობა, რომელიც არ ვერევით მედიის საქმიანობაში, არც ერთ მედიასაშულებას არ ვფლობთ და არ ვაკონტროლებთ, ხელისუფლება არ ერევა „მაესტროს“ საქმიანობაში და არც მაქვს ამის არანაირი სურვილი. რაღა მაინცდამაინც „მაესტრო“?! თუ ჩარევაა, სხვაგან ჩავერეოდით, პირველ არხზე, მაგალითად, მაგრამ იქაც აბსოლუტური დამოუკიდებლობაა“.

პრემიერის აზრს მედიის საქმიანობაში ჩაურევლობის თაობაზე არ იზიარებს მედიაექსპერტი ნინო დანელია. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას იხსენებს და ამბობს, ის, რომ საბჭოს ორი წევრის ადგილი ჯერ კიდევ ვაკანტურია, სწორედ ხელისუფლების ჩარევის შედეგიაო:

„სრულიად დამოუკიდებელი და ძალიან კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეული 27-კაციანი სიიდან მათ პირველ ჯერზე კენჭი არ უყარეს არავის და ამით სერიოზულ ჩიხში შეიყვანეს პროცესი და ასევე გავიხსენოთ, რომ დღესაც სამეურვეო საბჭოში არის ორი ვაკანტური ადგილი, რომელიც ეკუთვნის უმცირესობას და საქართველოს პარლამენტი არ გამოხატავს პოლიტიკურ ნებას, აღმოფხვრას ეს შეუსაბამობა და სამეურვეო საბჭო იყოს უფრო წარმომადგენლობითი, ვიდრე, სამწუხაროდ, ის არის დღეს“.

პრემიერ-მინისტრმა უპასუხა ასევე კოალიცია „ქართული ოცნების“ შესაძლო დაშლის თაობაზე დასმულ შეკითხვას და განაცხადა, თუ კოალიციას ერთი სუბიექტი ტოვებს, ეს დაშლას არ ნიშნავს, ეს, პირიქით, დემოკრატიული მმართველობის მაგალითიაო, და აღანიშნა, ხელისუფლება ეცდება მომავალ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ კვლავ კოალიციის სახით წარდგესო.

პრემიერმა ილაპარაკა ასევე პედაგოგთა საბაზო ხელფასების ეტაპობრივ მატებაზე და ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიები გაიზრდება.

ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და რეგიონალური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკის დაგეგმილი 5 %-იანი ზრდა საკმარისი არა, მაგრამ სავსებით ნორმალურია.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG