Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსური დახმარება უკრაინისათვის - რეფორმების სანაცვლოდ


არსენი იაცენიუკი
არსენი იაცენიუკი

მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება მინსკისკენ იყო მიმართული, უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სამიტის შედეგების მოლოდინში, ბრიუსელიდან გავრცელდა ცნობა, რომელიც ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისათვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა 12 თებერვალს დილით გამოაცხადა, რომ მისმა ორგანიზაციამ და კიევმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 17,5 მილიარდ დოლარის მომცველ დახმარებაზე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ფიქრობს, რომ პირობებით, რომლებსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან მრავალმილიარდიანი დახმარების მიღება ითვალისწინებს, კიევს „ძალიან რთული“ რეფორმების განხორციელება მოუწევს კორუფციასთან საბრძოლველად, ენერგეტიკის სფეროს ახლებურად მოსაწყობად, ხარჯების შესაკვეცად, ბიუროკრატიის შესამცირებლად. მაგრამ იაცენიუკი იმასაც აღნიშნავს, რომ კიევი მზად არის მისთვის წაყენებული მოთხოვნების შესასრულებლად.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის ეს გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის კრისტინ ლაგარდის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მისმა ორგანიზაციამ და უკრაინამ მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას 17,5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე. ეს თანხა არის ნაწილი დახმარების პაკეტისა, რომელიც 40 მილიარდ დოლარს მოიცავს და ოთხ წელიწადზეა გაწერილი. სანაცვლოდ უკრაინისაგან მოითხოვენ „გაბედულ პოლიტიკურ რეფორმებს“.

„რატომ ვფიქრობთ, რომ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შესაძლებელს ხდის ამ პროგრამის განხორციელებას?ცვლილებაა უკრაინაში პოლიტიკური ნების მხრივ, არის მზადყოფნა რეფორმების განსახორციელებლად, საკმარისი პოლიტიკური მხარდაჭერაა ამის გასაკეთებლად, რისი დემონსტრირებაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა, უკრაინის ხელისუფლებასთან საერთაშორისო დიალოგი, რომელიც წარმატებული გამოდგა... ზომებთან ერთად, რომლებსაც პაკეტი მოიცავს, ორმხრივი და მრავალმხრივი დაფინანსება, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში სათანადოდ შეუწყობს ხელს უკრაინის ხელისუფლებას ამ რეფორმების განსახორციელებლად“, - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა 12 თებერვალს ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა დააკონკრეტა, რომ კიევი თანახმაა განახორციელოს რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებს ენერგოტარიფების გაზრდას, ბანკების რესტრუქტურიზაციას, ცვლილებებს სახელმწიფო საწარმოების მართვის სისტემაში. ლაგარდმა ახსენა „ანტიკორუფციული დღის წესრიგიც“. მისი თქმით, კიევისთვის 17,5 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას მალევე წარუდგენენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთა საბჭოს, რომლისგანაც, ლაგარდის მინიშნებით თუ ვიმსჯელებთ, უარი არ არის მოსალოდნელი.

ამჟამად უკრაინა გაკოტრების პირას დგას, განვლილი წლის პოლიტიკური კრიზისისა და ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად. ეროვნული ვალუტა, გრივნია, შარშან 50%-ით გაუფასურდა, ეკონომიკა 7,5%-ით შემცირდა. წელს მას კიდევ 5%-ანი შემცირება მოელის.

დასავლეთი კიევისაგან დაბეჯითებით მოითხოვს კორუფციასთან ბრძოლას და ფინანსური რეფორმების განხორციელებას, მიუხედავად რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლისა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარეობს. ლაგარდმა, ბუნებრივია, ეს პრობლემაც ახსენა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე:

„რთულ საკითხებზე დისკუსიები რთული დისკუსიებია და დროს მოითხოვს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათ შედეგი მოჰყვება, რომ შედეგი დაგვაკმაყოფილებს, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის აღდგენას, რადგან ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ამ პროგრამის პოტენციურ წარმატებას ემუქრება, ცხადია, გეოპოლიტიკური ხასიათისაა. რაც უფრო მალე იქნება მშვიდობიანი, წყნარი გარემო და ხალხი შეძლებს კონცენტრირებას უკრაინის ეკონომიკის განვითარებაზე, მით უკეთესი. მაგრამ ჩვენ გვჯერა ისიც, რომ პროგრამა, როგორიც ახლა არის, მაკროეკონომიკური ჰიპოთეტური მოცემულობებით, თავისთავად სიცოცხლისუნარიანია“,- განაცხადა ლაგარდმა უკრაინისათვის განკუთვნილ დახმარებაზე საუბრისას.

XS
SM
MD
LG