პატრიკ კავანა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ირლანდიელი პოეტია, არადა ქართველი მკითხველი მას, როგორც პოეტს, ფაქტობრივად, არ იცნობს. კავანას მოთხრობები და ერთი რომანიც აქვს დაწერილი და "ქარჩხაძის გამომცემლობამ" სწორედ რომანით გადაწყვიტა, შემოეყვანა ეს ავტორი ქართულ ლიტერატურულ სივრცეში. "ტერი ფლინი" წელს გამოიცა, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. მთარგმნელია რამაზ ხატიაშვილი.
რა ხდება რომანში, რომელიც პატრიკ კავანამ 1948 წელს გამოაქვეყნა? არსებითად არც არაფერი. ერთ ირლანდიურ სოფელში ცხოვრობს 30 წლის ტერი ფლინი, რომელიც ყოველდღე ხნავს და თესავს, საქონელს უვლის, შიგადაშიგ დედას, დებს ან თანასოფლელებს გამოესაუბრება ხოლმე, ზოგჯერ მარტო დაბორიალობს, ბუნებას აკვირდება, რაღაცას ფიქრობს თავისთვის... წიგნის კითხვა უყვარს, პოეზია, და ამ მისწრაფებებს ირგვლივ ვერავინ უგებს. იმ ასაკშია, რომ, წესით, რაღაც სექსუალური გამოცდილება უნდა ჰქონდეს უკვე მიღებული, მაგრამ აბსოლუტურად არავითარი გამოცდილება არა აქვს, ძალიან დაბნეული და მფრთხალია გოგონებთან, არავისთან არაფერი გამოსდის... აი, ესაა სულ, რაც ამ პასტორალურ რომანში ხდება და ვინც სიმძაფრეებს, ინტრიგებს, იდუმალებებს ეძებს წიგნებში, მათთვის არაა ეს ტექსტი განკუთვნილი, ისინი ძალიან მალე მოიწყენენ მისი კითხვისას და თავს დაანებებენ, მაგრამ ვიღაცას მოხიბლავს ეს გარემო, ჩაითრევს, განსაკუთრებულ განწყობას შეუქმნის...
წიგნის რედაქტორია პოეტი ლია ლიქოკელი. ლია თავადაც ასეთ პასტორალურ გარემოშია გაზრდილი და ამ მხრივაც საინტერესო იყო, თუ როგორ აღიქვა მან ეს რომანი, რა პარალელები დაიჭირა ირლანდიურ და ხევსურულ ყოფას შორის. მოვუსმინოთ მას.
ლია ლიქოკელი: ეს მართლა არის განწყობილებების წიგნი და ეტყობა, რომ პოეტის დაწერილია. რაღაც გაგებით, ეს არის ავტობიოგრაფიული, მთლიანად არა, მაგრამ მაინც რომანი. მე მგონი, მაინც ისაა, რომ საკუთარი ამბავი მოეყოლა: რა არის ეს, რომ იყო პოეტი და შენი არავის ესმოდეს. დაახლოებით, ისეთ გარემოში ხდება მოქმედება, სანტიმენტალური განწყობა მქონდა კითხვის დროს: თალგამის ნათესები და კარტოფილის ნათესები, რაღაც ისეთი, მოუხელთებელი პოეზია, რომელიც გარემოშია და რომელიც გინდა, რომ დაიჭირო და რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს, მნიშვნელობა მიენიჭოს ყველაფერს, რაც შენს გარშემოა და სინამდვილეში იქ არაფერია მოსაჭიდებელი, ყველაფერი არის ძალიან კონკრეტული, არის კონკრეტული ცხოვრება, რომელიც ყველასი ერთნაირია, დადგენილია, შენ რას უნდა გრძნობდე, და ძალიან სასაცილო და სულელურია შენი მცდელობები, რომ სადღაც გადახტე, რაღაც მოახდინო, რაღაც ჩაიდინო. და თანაც, ტერი ფლინი მაინცდამაინც ვერაფერს ახდენს. უბრალოდ, ბრალდება, წუხს, იტანჯება იმით, რომ მასში იწყება და მთავრდება ეს ყველაფერი. და ისე რომ გაბრაზდეს, რომ სხვებსაც გადასდოს, ამას ვერ ახერხებს.
მე მგონი, ეს ხევსურეთის და ირლანდიის კი არა, საერთოდ, სოფლის მომენტია. ჩაკეტილი სამყარო, პატარა სივრცე, რომელშიც ცოტა ადამიანია და ყველა გამადიდებელი შუშით დადის და შენი საკუთარი ცხოვრება კი არა, ყველას ცხოვრება მნიშვნელოვანია და აკონტროლებ არა მხოლოდ იმას, შენს სახლში რა ხდება, არამედ სხვებითაც იკვებები, ყველაფერი ერთმანეთზე გადაბმულია, შენ კი არ გრძნობ, რომ რაღაცას გრძნობ, აუცილებლად მონაწილეობენ ამაში სხვები, დედაშენი როგორ უყურებს იმას, რასაც შენ გრძნობ, ვისაც შენ უყურებ, იმას როგორ უყურებს დედაშენი... ტერი 30 წლის უკვე კაცია, ბოლოს და ბოლოს, და მას სჭირდება თავისუფლება, მას სურვილები აქვს ქალების მიმართ და მორალი იჭრება, რომ რაღაც სახის ურთიერთობები შეიძლება, რაღაც არ შეიძლება, და თვითონაც უჩნდება ეს გრძნობა, რომ ეს ცუდი გოგოა, მაგალითად, და უნდა შეზიზღდეს... ძალიან ნაცნობი და გასაგებია, ალბათ, არა მხოლოდ სოფლისთვის, არამედ ქალაქისთვისაც.
პატრიკ კავანა თავის თავში ჩაკეტილ ამ პატარა სოციალურ ჯგუფს აკვირდება. აქ, ფაქტობრივად, იერარქიაც კი არ არის: თითქმის ყველა ერთ საფეხურზეა, თუ ისევ სამღვდელოებას არ ჩავთვლით სოციალურად მაღლა მდგომ ფენად, თუმცა ეს მაღლა დგომაც საკმაოდ პირობითია: მხოლოდ და მხოლოდ ისედაც უწყინარი გარემოს გაკონტროლების უსუსური მცდელობებით გამოიხატება. წიგნში ერთი მრავლისმთქმელი ეპიზოდია: ჭორი დაირხევა, რომ სექსუალურ ნიადაგზე სოფელში რაღაც ინციდენტი მოხდა. ეკლესია გადაწყვეტს, რომ ხალხმა ნამეტანი "აიშვა" და უნდა დააწყნაროს, კალაპოტში ჩასვას. ქადაგებების და აღსარებების ინტენსიური პროცესი საოცრად გამოაცოცხლებს სოფელს. მოხუცებიც კი, რომლებიც დიდი ხანია ეკლესიაში არ ყოფილან, სხვანაირი ხალისით მიდიან აღსარების ჩასაბარებლად. როგორც კავანა წერს, "მამაკაცები, რომლებსაც ცხოვრების ინტერესი ჰქონდათ დაკარგული და სრულებით აღარ ესმოდათ, საერთოდ რისთვის იყვნენ მოსულები, მზად იყვნენ "ძროხები გაენაყოფიერებინათ." ანუ, ეკლესიის ძალისხმევა უკუშედეგს გამოიღებს: ნაცვლად იმისა, რომ ისედაც დამცხრალი ვნებები კიდევ უფრო მეტად დაიცხროს, სოფელი აღეგზნება და ვნების ტალღა გადაუვლის.
მოვუსმინოთ კვლავ ლია ლიქოკელს.
ლია ლიქოკელი: კლუბის მომენტია აქ რელიგიასთან დაკავშირებით, მე მგონი. გართობის ადგილიც კი არის ეკლესია. ადამიანები მიდიან და ლაპარაკობენ, უნდა გამოხატონ თავიანთი ვნებები ღმერთთან და ბიჭებმა და გოგოებმა ერთმანეთი დაინახონ. და რელიგიამ უნდა მოაწესრიგოს ეს, რა თქმა უნდა. ის არ არის ღმერთის სიტყვა. უბრალოდ, არის ის, ვინც აწესრიგებს რეალურ ყოფასა და ცხოვრებას, ახვედრებს ადამიანებს ერთმანეთს, მოუწოდებს, რომ გამრავლდნენ, და ა.შ. ცუდი რაღაცები ხდება სოფელში და ვიღაც გოგოს ვიღაც ბიჭებმა რაღაც უქნეს... არაფერი არ მომხდარა, მაგრამ ამით გამოიკვება მთელი სოფელი. აქ ჩაერია, რა თქმა უნდა, რელიგია. მათი როლი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია და ბოლოს ვიღებთ იმას, რომ ადამიანების ვნებები, სურვილები, უფრო სწორად, ბუნებრივი და ნამდვილი სურვილები იქით მიემართება, საითაც მათ მოუნდებათ.
მგონია, რომ რაღაც სპეციფიკური მკითხველისთვის არის ეს წიგნი. პასტორალური გარემო, ირლანდია, მშვენიერებები... ჰო, მართლა არის პოეზია, როცა უკვე ამისგან შორს ხარ, როცა შენ თვითონ აღარ თესავ კარტოფილს, აქ რაღაც სხვა მომენტი ჩნდება. თუმცა მე შეიძლება მენატრება კიდეც ეს ყველაფერი და ეს არსზე ფიქრი...ლია ლიქოკელი
თანამედროვე დიდ ირლანდიელ პოეტს, ნობელიანტ შეიმას ჰინის შესანიშნავი ესე აქვს პატრიკ კავანაზე, რომელიც ანი კოპალიანმა თარგმნა და ორი წლის წინ "ახალ საუნჯეში" დაბეჭდა. აი, რას წერს იგი ამ ესეში: "როდესაც ირლანდიური ლექსების ძველ ოქსფორდულ გამოცემაში "კარტოფილის შეწამვლას" გადავაწყდი, ჩემზე იმოქმედა იმან, რომ ეს ლექსი აღწერდა ყოფის ისეთ დეტალებს, რომელსაც სიღრმისეულად ვიცნობდი, მაგრამ წიგნისმიღმიერ თუ წიგნამდე ვერამაღლებულ წვრილმანებად ვთვლიდი". ჩვენთვის ეს სიტუაცია ძალიან გასაგები უნდა იყოს, ვინაიდან ასევე გამოვიარეთ "კარტოფილის ამოღების" პოეტურ ფენომენამდე ამაღლების რთული პროცესი ბესიკ ხარანაულის შემწეობით. შეიმას ჰინი აქ კავანას პოეზიაზე საუბრობს, მაგრამ "ტერი ფლინშიც" არსებითად იგივე ხდება: კარტოფილის შეწამვლის, ამოღების თუ დათესვის ესთეტიზება, სალიტერატურო მასალად ქცევა. პროზისთვის ეს თითქოს უფრო მისაღები რამაა, მით უმეტეს, როდესაც ასე თუ ისე ვიცით საბჭოთა ლიტერატურა და საკმაოდ ბევრი სოციალისტური რეალიზმის ნიმუში წაგვიკითხავს, სადაც კოლმეურნეების თავდადებული შრომაა აღწერილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯობს არ აგვერიოს: ის რომანები კოლმეურნეებზე და პატრიკ კავანას რომანი თვისებრივად განსხვავებული პროდუქტებია. საბჭოთა მწერლებთან ეს პროცესი აბსოლუტურად მატერიალიზებული იყო, კავანა კი დემატერიალიზაციისაკენ მიისწრაფვის. თავისი პროტაგონისტი ტერი ფლინივით ცდილობს, ეს შრომა მატერიალურ კეთილდღეობად კი არ გარდაქმნას, არამედ მშვენიერებად. მაგრამ რაა ეს მშვენიერება? მოვუსმინოთ კვლავ ლია ლიქოკელს.
ლია ლიქოკელი: მგონია, რომ რაღაც სპეციფიკური მკითხველისთვის არის ეს წიგნი. პასტორალური გარემო, ირლანდია, მშვენიერებები... ჰო, მართლა არის პოეზია, როცა უკვე ამისგან შორს ხარ, როცა შენ თვითონ აღარ თესავ კარტოფილს, აქ რაღაც სხვა მომენტი ჩნდება. თუმცა მე შეიძლება მენატრება კიდეც ეს ყველაფერი და ეს არსზე ფიქრი... მთლიანად პოეზიით გაჟღენთილია წიგნი და არ არის ისე, რომ ეს რა მშვენიერია და რა კარგია ეს ყველაფერი. პირიქით, საკმაოდ სასაცილოა ტერის ლექსები, რაღაც ერთ მოვლენაზე, ერთ შეხედვაზე, მაგალითად, ასე ცდილობს მოაწესრიგოს და რაღაც მნიშვნელობა მიანიჭოს თავის გრძნობებს, თავის სურვილებს: როგორ მივუახლოვდეთ მშვენიერს, რომელიც საერთოდ არ არის. უბრალოდ, ჩვენი სურვილია მისი აღმოჩენა.
დაბოლოს, წიგნში საკმაოდ ბევრი ლექსია გაფანტული. ეს ლექსები ძალიან ცუდადაა თარგმნილი. თითქოს რაღაც გარითმულია, რაღაც ნაწვალებია, მაგრამ პოეზიის თარგმნა ასე არ გამოდის და არ ხდება. მხოლოდ საფინალო ლექსსა აქვს მიწერილი, რომ სალომე ბენიძის მიერაა ნათარგმნი და მხოლოდ ის ლექსი იკითხება. ეს ფაქტორი ძალიან აფუჭებს წიგნს.