Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრები ციხეებს ტოვებენ


2013 წლის 27 აგვისტოს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 191 მსჯავრდებული გათავისუფლდა. 28 აგვისტოს საპატიმროები ასევე დატოვა პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა 183-მა პატიმარმა. რა კრიტერიუმით შეირჩნენ გასათავისუფლებელი პატიმრები და რამდენად ხშირად გამოიყენება შეწყალებისა და ვადამდე პირობით გათავისუფლების მექანიზმი?

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, საპატიმროები დატოვა 156-მა მამაკაცმა და 35-მა ქალმა. სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, კომისიის წევრებმა იმ 850 მსჯავრდებულის შუამდგომლობები განიხილეს, რომლებსაც მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე – ორი მესამედი, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე – სამი მეოთხედი:

„გათავისუფლებულთაგან არიან მძიმე ავადმყოფები. კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხელმძღვანელობს ადგილობრივი საბჭოები და მუდმივმოქმედი კომისია, ასეთია: დანაშაულის ხასიათი, ეს არის მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ეს არის მისი დამოკიდებულება ჩადენილ დანაშაულთან, მისი ოჯახური მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა და აგრეთვე ძალიან ფრთხილად ფასდება რისკები, თუ რამდენად არის მისი მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე“.

სამი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ვადამდე, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასამდე მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 400-მდე ქალი...
გიგა გიორგაძე
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში კომისიის გადაწყვეტილება მსჯავრდებულებს პირადად პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯომარემ ეკა ბესელიამ გააცნო. განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია ფეხმძიმე პატიმრის გათავისუფლების ცნობამ.

მსჯავრდებული ქალების ვადამდე პირობით გათავისუფლებამდე კომისიის წევრებმა, ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების დახასიათებების გაცნობის გარდა, შეისწავლეს მათ ოჯახებში არსებული მდგომარეობა. კომისიის წევრები პირადად გაესაუბრნენ მსჯავრდებულებს. მინისტრის მოადგილის გიგა გიორგაძის თქმით, ადგილობრივი საბჭოებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობა განსაკუთრებით ეფექტიანი 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდა.

„სტატისტიკაც მეტყველებს ამაზე: სამი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების დროს, 841 მსჯავრდებული გათავისუფლდა პირობით ვადამდე, ხოლო 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 2 ათასამდე მსჯავრდებული გათავისუფლდა, მათ შორის 400-მდე ქალი“, განაცხადა გიგა გიორგაძემ.

28 აგვისტოს - მარიამობის დღესასწაულს - დაამთხვია პატიმრების შეწყალება მიხეილ სააკაშვილმაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის თქმით, კომისიამ რამდენიმე ასეული განცხადება განიხილა:

„ჩვენი რეკომენდაციით 127 თავისუფლდება მთლიანად, 47-ს გავუნახევრეთ, 3-ს კი მოვუკელით წლები. 40 ქალიდან შევიწყალეთ 13. აქედან, 7 მთლიანად თავისუფლდება სასჯელის მოხდისგან“.

იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი წლების განმავლობაში პირადად იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ინიციატორი და მხარდამჭერი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მსგავსი ინიციატივის გამოჩენა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის ფართო მასებზე, შესაძლოა მიზნად ისახავდეს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გაზრდას...
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
რაც შეეხება კრიტერიუმს, რომლის შესაბამისად მსჯავრდებულთა ნაწილს შეწყალების რეკომენდაცია გაეწია, სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად პრეზიდენტი იღებს. შესაბამისად, 183-მდე გაიზარდა გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა. ამასთან, ნანუაშვილისავე თქმით, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად კომისიისათვის მნიშვნელოვანია არაერთი გარემოება, მათ შორის, დანაშაულის სიმძიმე და ქცევა სასჯელის მოხდის დროს.

შეწყალების კომისიის ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, პრეზიდენტმა 662 მსჯავრდებული შეიწყალა. კომისიის აპარატი ასევე ამუშავებს ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფართომასშტაბიანი შეწყალებისათვის. იგულისხმება მსჯავრდებულთათვის ნასამართლეობის, დამატებითი სასჯელებისა და პირობითი მსჯავრის მოხდისაგან გათავისუფლება, რაც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადებით, შესაძლოა ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდეს.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი წლების განმავლობაში პირადად იყო მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარების ინიციატორი და მხარდამჭერი, არჩევნებამდე 2 თვით ადრე მსგავსი ინიციატივის გამოჩენა, რომელიც გათვლილია მოსახლეობის ფართო მასებზე, შესაძლოა მიზნად ისახავდეს წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის კმაყოფილების დონის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს შეიძლება წარმოადგენდეს. ეს კი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად შეიძლება იყოს აღქმული, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG