Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი


"გუშინ ყრილობაზე მეექვსე თუ მეშვიდე რიგში ვიჯექი. მოვიხედე უკან – ბორის პასტერნაკი. მივედი მასთან და წინა რიგებში (ჩემს გვერდით თავისუფალი სავარძელი იყო) გადმოვსვი. მოულოდნელად გამოჩნდნენ კაგანოვიჩი, ვოროშილოვი, ანდრეევი, ჟდანოვი და სტალინი. რა დაემართა დარბაზს! იგი კი იდგა, ოდნავ დაღლილი, ჩაფიქრებული და მედიდური. იგრძნობოდა ძალაუფლებისადმი უდიდესი მიჩვევა, ძალა და, ამასთან ერთად, რაღაცა ქალური, რბილი. ისევ უკან მოვიხედე: ყველას შეყვარებული, ნაზი, მადლმოფენილი და მომღიმარე სახე ჰქონდა. მისი დანახვა – მხოლოდ დანახვა - ყოველი ჩვენგანისთვის უდიდესი ბედნიერება იყო. მას რაღაც სიტყვებით წამდაუწუმ მიმართავდა დემჩენკო. ჩვენ კი ვეჭვიანობდით და ყველას მისი გვშურდა - ბედნიერი! ყოველ მის ჟესტს მოწიწებით აღვიქვამდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე მსგავსი გრძნობები დამეუფლებოდა. როდესაც ყველა ტაშს უკრავდა, მან ამოიღო საათი (ვერცხლის) და მომხიბვლელი ღიმილით აჩვენა აუდიტორიას - ჩვენც ეგრევე ავჩურჩულდით: “საათი, საათი, საათი გვიჩვენა” - და შემდეგ, როდესაც ვიშლებოდით, უკვე გასახდელთან კვლავ ვიხსენებდით ამ საათს.

პასტერნაკი და მე ერთმანეთს ბავშვური აღტაცებით ვუჩურჩულებდით რაღაც ამაღლებულ სიტყვებს და ბოლოს ორივემ ერთხმად ვთქვით: “ოჰ, ეს დემჩენკო, როგორ ეფარებოდა მას!”

სახლში პასტერნაკთან ერთად მივდიოდი და ორთავე ჩვენი სიხარულით ვტკბებოდით".


ეს ჩუკოვსკის სიტყვებია, საბავშვო მწერლის.

დღიურში ჩაიწერა, თავისთვის.

სხვა ცნობილ რუს მწერალზე, ალექსეი ტოლსტოიზეც ამბობდნენ, რომ დღიურს წერდა, თუმცა ჩუკოვსკისგან განსხვავებით (ან ჩუკოვსკის მსგავსად) საშინლად არაგულწრფელს. უფრო სწორად, გულწრფელად არაგულწრფელს. და როგორც გაირკვა, მისნაირად სხვაც ბევრი ჰყვებოდა თავის ცხოვრებას.

ოღონდ, საინტერესოა, როგორ ცხოვრებას?

კაცი ყოველდღიურად იწერდა განვლილი დღის მოვლენებს, შთაბეჭდილებებს, აზრებს, მაგრამ არც განვლილი დღე იყო ისეთი, როგორსაც აღწერდა, არც შთაბეჭდილებები და არც მით უმეტეს აზრები.

ეს კაცი დღიურს ტირანისთვის წერდა.

დასაჭერად რომ მოსულიყვნენ, მისი ქაღალდები გაექექათ და ეს დღიური აღმოეჩინათ, ადვილად დარწმუნდებოდნენ, რომ მასზე ერთგული სტალინს არავინ ჰყავდა. დღიურშიც ტყუილებს ხომ არ დაწერდა!

მაგრამ წერდნენ. წლების განმავლობაში. საშინაო დავალებასავით. ყოველ ღამე ერთი სიმულაციური დღის აღწერა... ერთი განვლილ-არგანვლილი, არარსებული დღის თხრობა... სასიყვარულო ხოტბის აღვლენა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო საბჭოური ღმერთისთვის.

თუმცა როცა წლები ამ საქმით ხარ დაკავებული (თუკი, ვთქვათ, ჩუკოვსკი-ტოლსტოიზე შექმნილი ლეგენდის მიხედვით ვიმსჯელებთ), ბოლოს, ცხადია, სწორედ შენს მიერ შექმნილი ფიქცია მოგეჩვენება რეალობად... რადგან, არც მეტი, არც ნაკლები, შენს გადარჩენას ჩაწერ ამ ფსევდო-დღიურში. ოღონდ კარგად უნდა წერო. დამაჯერებლად. გულწრფელი სიყვარულით, თორემ თუკი ჩეკისტები ვერა, ბელადი ხელად აღმოგიჩენს ხელოვნურობას. სტალინი ავი მკითხველია; წითელი ფანქრით ხელში უზის წიგნებს: მინდორი სავსეა მისეული მინაწერებით: "სისულელეა!", "და რა?", "ხა-ხა-ხა"...

და როცა მართლაც გადასახლდები შენ მიერ მოგონილ დღეში, როცა მართლა შეიყვარებ ბელადს და როცა ფიზიკურად ნაცხოვრები დღე სიზმრად გაგახსენდება, ჩეკისტი მაშინ მოგადებს კეფაზე იარაღს... როგორც დაჩლუნგებულ მოხელეს, "1984" წლის ბოლო გვერდზე.

საბავშვო მწერალი ჩუკოვსკი შეყვარებულია. ჰო, ეს სასიყვარული წერილია და არა მემუარული ჩანახატი. შეიძლება ოდესღაც ცინიკური იყო, ან, სხვათა მსგავსად, მანაც თავის გადასარჩენად დაიწყო ფიქტიური დღიურების წერა, მაგრამ აქ უკვე გატეხილია, აქ უკვე უიმედოდ აგზნებული წერს...

სინამდვილეში ხომ სწორედ მაშინ გიყვარდება, როცა მართლა გაშინებენ. იქ, სადაც ნახევრად გეშინია, სიყვარულიც არაა სრული. ისტორია გვასწავლის: როცა გეშინია, ბელადი ფიზიკურადაც გიზიდავს. გინდა შეგეხოს, მოგეფეროს, დაგამშვიდოს...

ამ მოგონებაში კარგად ჩანს - სტალინი მასზე შეყვარებულ და მისით სასიკვდილოდ შეშინებულ მწერლებს ეპრანჭება... ტრიბუნაზე დგას ყოვლისშემძლე მომფერებელი (თუ მოსაფერებელი) არსება, მოუხელთებელი საყვარელი, ერთგვარი კეკლუც-სასტიკი კატა... ფისო-ჯალათი...

ოღონდ ეს სიყვარული ბევრს შეიწირავს. უმეტესობას უპასუხო ვნება მოკლავს. თუმცა (და შეიძლება სწორედ ამიტომაც) დარბაზი ფლუიდებითაა სავსე. ამ ფატალური ერექციის ბოლო სიკვდილია და არა ორგაზმი.

მწერალი აღგზნებულია, თითქოს ჩანახატს კი არა, ეროტიკულ სცენას აღწერდეს: შემოგვხედე, შეგვეხე, გვაკოცნინე...

ოდესღაც, სტალინიც ვნებიან წერილებს უგზავნიდა თავის გადასახლებისდროინდელ საყვარელს: "გკოცნით მაგრად. სხვანაირ კოცნას აზრი არა აქვს. თქვენი სულელი იოსები".

ჰო, სხვანაირ კოცნას აზრი არა აქვს...

მსახიობი აკაკი ხორავა ჰყვებოდა, როგორ მიიწვია ბელადმა აგარაკზე აფხაზეთში. რაღაც ქეიფისმსგავსი გამოსულა და ოდნავ შემთვრალან კიდეც (ყოველ შემთხვევაში, ხორავა ასე ამბობს "ვღელავდი და მალე მომეკიდაო), ბოლოს კი, წამოსვლის წინ, კოცნის უფლებაც მიუცია მისთვის.

"მინდოდა ლოყაზე მეკოცნა, - იხსენებს ხორავა, - გავიწიე კიდეც, მაგრამ ბოლოს შევდრკი... ვერ შევბედე... მხარზე ვაკოცე".

მაგრამ როგორ უნდოდა...

"ბერლინის დაცემის" ფინალშიც სტალინ-გელოვანს მხარზე კოცნის მასზე შეყვარებული პროლეტარი, თუმცა მანამდე რიხით და ჟინით ეუბნება: "შეიძლება, გაკოცოთ?".

ეს პროლეტარი ბელადის სექსუალობით შეპყრობილი ასექსუალური ლოლიტაა, რომელთა ნაკლებობასაც, პრინციპში, სტალინი არც არასდროს უჩიოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მხოლოდ კობა იყო. საბრალო აქსელერატი ლიდია პერეპრიგინა ცამეტი წლის ასაკში გახდა მისი საყვარელი და როგორც ამბობენ, შვილიც გაუჩინა - მავანი ალექსანდრე, რომელიც სტალინის ზეობის დროს უცნაურად სწრაფად აიქაჩა მაიორის ჩინამდე. ძველი ლოლიტები დრო და დრო ტაქტიანად ახსენებდნენ თავს: "ძვირფასო ძმაო იოსებ ბესარიონის ძევ, მე ვარ ლიზა, თქვენი ძალიან ლამაზი მეზობელი, რომელიც მხარში ედგა დედათქვენს თქვენი ციმბირში ყოფნის დროს..."

მაგრამ ეს უწინ. ახლა კი კობას სხვანაირი ლოლიტები სჭირდება. ახლა სხვნაიარად უნდა ემტკიცებინათ მისთვის სიყვარული. როგორც ჩუკოვსკის. როგორც პასტერნაკს. როგორც ტოლსტოის.

ოღონდ დასაშვები იყო ჭირვეულობაც:

"მშობლიურო, ძვირფასო, საყვარელო, რატომ დამივიწყე, რატომ არა მწერ? (პოეტი დემიან ბედნი)".

"ჩვენ უნდა შევხვდეთ, საყვარელო იოსებ ბესარიონის ძევ, და სიკვდილ-სიცოცხლეზე ვილაპარაკოთ" (ბ. პასტერნაკი).

"თავს მოვიკლავ, თუკი ამხ. სტალინი არ დამირეკავს" (მ. ბულგაკოვი - სტალინის მდივან პოსკრებიშევს).

"ცუდად ვარ... გული მერევა" (შოსტაკოვიჩი - სტალინს).

ეს ავადმყოფურად შეშინებულ სატრფოთა ამოძახილებია...

თუ არ გეფერება, ესე იგი, მოკვლას გიპირებს... ამიტომ შენ უნდა დაასწრო.

"ჩვენი მონაზონი როგორ გრძნობს თავს?" - სტალინი მონაზვნად მოიხსენიებს პოეტ ანა ახმატოვას. და ეს მხოლოდ მოხსენიება არაა, ეს ვალდებულებაა. მაშასადამე, მონაზვნად ყოფნაა საჭირო. თორემ დიდი კავკასიელი საყვარელი იეჭვიებს, განრისხდება და ღმერთმა ნუ ქნას, შესაძლოა შურიც იძიოს. არავის არ უნდა მიეცე, მხოლოდ ბელადს... გადარჩები, თუკი ღმერთს გაუწევ ცოლობას. ამიტომაც ეჭვიანობს ქმარივით, როცა ანა ახმატოვასთან მთელი ღამით რჩება ახალგაზრდა ისაია ბერლინი (თანაც რა საეჭვო სახელ-გვარია). "ბოზი", - ქირქილებს.

"შეეშვით ამ ცის მობინადრეს", - ამბობს სტალინი დასაჭერად გამზადებულ პასტერნაკზე, - "შეყვარებულივით ჰაერში დაფრინავს". და მას მართლაც ეშვებიან.... მოსკოვის ცასა და მიწას შორის გაკიდებულს.

და ესენიც წერენ, წერენ სამადლობელო დღიურებს, როგორც ადრესატთან გაუგზავნელ (მაგრამ, სავარაუდოდ, ადრესატის მიერ წაკითხვად) სასიყვარულო ბარათებს...

ჰო, რთულია, არ შეგიყვარდეს, როცა დესპოტი თავად გეპრანჭება.

სტენდალი (ესეც დღიურში!) ვრცლად აღწერს იმ ეპიზოდს, როცა ნაპოლეონმა ტუილრის ბაღში ჩაისეირნა და მას ღიმილით გამოხედა ("თვალები არ უღიმოდა, თუმცა აშკარად კეთილგანწყობილი იყო ჩემ მიმართ"). აქ სტენდალს ერთი ქალბატონის სიტყვებიც მოჰყავს, რომელიც დანანებით ამბობს, თუკი ბონაპარტმა ერთხელ მაინც ჩაგხედა თვალებში, ძალიანაც რომ ეცადო, ვეღარ დაივიწყებო. მე კი არა იმდენად დესპოტებთან, რამდენადაც თვალებით კომუნიკაციასთან ასოციაციის გამო, ქართველი მუსიკოსი ქალბატონის მოგონება მახსენდება, რომელიც მას 1994 წლის ერთ მოწყენილ საღამოს წასცდა: "თუკი ზვიადი (ესე იგი, პრეზიდენტი, მაშინ კი დისიდენტი ზვიად გამსახურდია) მზერას გაგისწორებდა, როგორც არ უნდა მოგენდომებინა, მეორედ აღარაფრით ჩაგხედავდა თვალებში. სად აღარ ვდგებოდი, როგორ აღარ ვუყურებდი, მაგრამ თვალებში არც ერთხელ არ შემოუხედავს... ამ დროს, ხომ ვგრძნობდი, მხედავდა."

თვალები არა, მაგრამ ჰაიდეგერს ჰიტლერის ხელები შეჰყვარებია. "ასეთი ლამაზი ხელები, როგორც ადოლფ ჰიტლერს აქვს, იშვიათად მინახავს... ეს დიდი, ღრმა და სათნო ადამიანის ხელებია".

თავად ჰიტლერს კი იოსებ გიობელსი ანცვიფრებს:

"როგორ შეიძლება, ადამიანი ასე ლაღად იცინოდეს და ცუდი კაცი იყოს, - ეუბნება ლენი რიფენშტალს, - შეხედეთ, როგორი მომხიბვლელია..."

ლენი, ცხადია, თავადაა შეყვარებული, მას ჰიტლერის "გვერდით ყოფნა ათბობს". არ ამხელს, მაგრამ მისი შეხება და ალერსი უნდა. ამას ფიურერიც გრძნობს, უცებ ეხვევა და კისერზე კოცნის, თუმცა მოულოდნელად იშორებს.

"არა, - ამბობს, - ჩემთვის ქალის სიყვარული არ შეიძლება, მე გერმანია უნდა მიყვარდეს!"

ჰო, მთელი გერმანია... კაციან-ქალიან-ბავშვიან-ცხოველებიანად.

რიხარდ ვაგნერის რძალი, მგზებარე ჰიტლერელი ვინიფრიდ ვაგნერი, ათწლეულების თვითგვემისა და მონანიება-ბოდიშების შემდეგ (ადვოკატებმა ძლივს მიაღწიეს მის "დენაციფიკაციას"), სიკვდილის წინ, უკვე მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში, უცებ ისევ ფიურერის თვალებზე იწყებს ლაპარაკს და გაოგნებულ ჟურნალისტს შეყვარებული თინეიჯერის გულწრფელობით უმხელს: "ახლა რომ "ვოლფი" შემოვიდეს ამ ოთახში, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, ულამაზესი გამჭვირვალე თვალები ჰქონდა..."

ჰო, სიყვარული და სილამაზე ძალაუფლების აუცილებელი ატრიბუტებია. ცახეს ცინობერი ვარსკვლავბიჭუნად უნდა მოგეჩვენოს. ოღონდ ცახესი ვერ შეიცვლება, შენ უნდა იმუშავო საკუთარ თავზე - როგორმე უნდა მოიწონო...

შეყვარებულები ჩვენც ვყოფილვართ. და არა მხოლოდ დესპოტებში. ოღონდ აქ შიშთან და კეკლუცთან ერთად, იმედიც მნიშვნელოვანია. ვეპრანჭვით მას, ვინც, როგორც წესი, არანორმალურად, ავადმყოფურად და უაპელაციოდ გვეიმედება.

ისტორიამ დიდი სიყვარულის ერთი სენტიმენტალური ეპიზოდი შემოგვინახა: ედუარდ შევარდნაძე გადადგომას აპირებს, მასზე შეყვარებულ და მისით დაიმედებულ ხალხს მთავარი პროსპექტი აქვს გადაკეტილი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კი "კურთხევას აძლევს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა კვლავაც განაგრძოს ქვეყნის მართვა". გახსოვთ, როგორ უღიმიან ერთმანეთს მეთაური და ეკლესიის საჭეთმპყრობელი? როგორ უყურებენ თვალებში (ეს უმცირესი პაუზაა, მაგრამ რაოდენ მრავლისმთქმელი), მერე კი სახეგაბადრულები, თითქოს შერცხვენილები, მაგრამ ბედნიერები კოცნიან ერთმანეთს.

ეს ამბორი სიყვარულისაა. აქ მათ ჩვენც ვკოცნით (პატრიარქს ქვეყნის მეთაურის პირით, ქვეყნის მეთაურს - პატრიარქის); ამ ამბორში ჩვენც ვეკვეტებით. ჩვენც ვეჭეჭყებით ჩვენი იმედებითა და შიშებით. ოღონდ ამ ადიულტერზე არავინ ბრაზობს, რადგან ეს ქორწილს უფრო ჰგავს, ვიდრე ცალმხრივ სიყვარულს.

თუმცა მე ისიც მახსოვს, როგორი გაბუტული უყურებდა გადამდგარი ექს-პრეზიდენტი პატრიარქს 2003 წლის ნოემბრის მიწურულს... ჰო, როგორც ნაწყენი და მოტყუებული სატრფო. პატრიარქმა მას საჩუქარიც კი მიუტანა მაშინ (პატარა ხატი, სამწუხაროდ, არა წმინდა ვალენტინის) და მორიდებით უთხრა, თქვენ სასწაული მოახდინეთო, თუმცა ნაღალატევ მეგობარს არაფერი უპასუხია...

ამ დროს, როგორ ვეპრანჭებოდით მანამდე ამ უფროსს. ერთმა მომღერალმა ქალბატონმა ჩემი თანდასწრებით შესჩივლა: ბატონო ედუარდ, მომღერლებს თქვენი მოფერება გვაკლიაო...

ჰო, მაინც და მაინც მისი მოფერება უნდოდა. მოხუცი და მაგიურად მიმზიდველი პრეზიდენტის - შეკრულ მუჭში ჭრელი ფანქრებით, "სტალინური" ჭიქით და გაუცინარი თვალებით.

ისიც მახსოვს, როგორ გაეპრანჭნენ ერთმანეთს დიდი რეჟისორი და დიდი პრეზიდენტი. პრეზიდენტი სპექტაკლიდან გამოვიდა და ყველას (უპირველეს ყოვლისა კი, წარმოდგენის რეჟისორის) გასაგონად თქვა: "სილა გაგვაწნა - ბდღვირი გაგვადინა..." ამ დროს, რა ბდღვირი, რის სილა, მგონი, ეძინა სპექტაკლზე. მაგრამ იცოდა, შეყვარებულს ესიამოვნებოდა. თუკი სწორად არ შეურჩევდა კომპლიმენტს, შესაძლოა ეკბინა კიდეც, დაეპორჭყნა, ცუდად ელაპარაკა მასზე... და მახსოვს, როგორ გაინაბა "სილის გამწნავი და ბდღვირის გამდენი", როგორ მოხუჭა თვალები სიამოვნებისგან... "ვუყვარვარ, ჩემი ეშინია, სილას ვაწნავ... და მეც მეშინია მისი".

სიყვარულის ამგვარი ენის ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდა ჩვენს მომდევნო პრეზიდენტს. თუმცა ტესტოსტერონების სიჭარბე აქაც საგრძნობი იყო. ეს სიყვარული, საერთოდ, ნებაყოფლობითი გაუპატიურებით დაიწყო. მოგვწონდა, რომ გვიყვიროდა, გვცემდა და მათრახებს გვირტყამდა... ეს რაღაც ახალი და უჩვეულო იყო ჩვენთვის.

ამბობდნენ, რომ ის ყველას ეპრანჭება ყოვლისშემძლე და თავშეუკავებელი იუპიტერივით... ერთხელ, წლების წინ, გამარჯვებული და ბედნიერი უჯდა რომელიღაც პროვინციალურ აუზსს (ამ შემთხვევაში, როგორც პოსეიდონი), მის წინ კი - და მხოლოდ მისთვის - ლეგიონებად ცეკვადნენ ბედისა და მისი გულის მაძიებელი ქალები და კაცები. სალომეას ცეკვის მსგავსი იყო. ოღონდ ერთგვარი კოლექტიური სალომეასი: "Tanz Fur mich, Salomeee"!.. თუმცა ისეც არავის უცეკვია, ვინმესთვის თავის მოჭრა რომ გამხდარიყო საჭირო. ყოველ შემთხვევაში, იქ და იმ დროს...

ერთი კია: ფალსიფიცირებულ დღიურებს აღარ ვწერდით, მაგრამ უმეტესობა მისთვის გასაგონად ვლაპარაკობდით ტელეფონზე... ვაი თუ გვისმენენ? ვაი თუ გვისმენს?

ნაცნობი მყავს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ტელეფონში ერთს ლაპარაკობდა და მეორეს - უტელეფონოდ. სულ სხვა კაცი ხდებოდა ტელეფონზე თვითგამოხატვის დროს. სხვა ხმა ეძლეოდა, სხვა თემები, სხვა აზრები... იქ შეყვარებული იყო (როგორც ტოლსტოი თავის კათარტულ დღიურში). და ეს ნამდვილი ავადმყოფობა გახლდათ - შეყვარებული და შეშინებული კაცის სტრესი... უკუენა. ენა-კოდი. სარკეში წასაკითხი (მოსასმენი) ტექსტი.

რამდენი გვილაპარაკია ასე ტყუილად...

სიყვარული და შიში შიზოფრენიად გვექცა: სანამ ლაპარაკს დაიწყებდნენ, ადამიანები ნაწილ-ნაწილ შლიდნენ ტელეფონს. იმის იმედით, რომ ვერაფერს გაიგონებდნენ დაქუცმაცებული გულიდან...

სასიყვარული რომანის ბოლოს კი ისევ ჯორჯ ორუელის რომანში აღმოვჩნდით: გავრცელდა სრულიად დამაჯერებელი ტყუილი, რომ არათუ ტელეფონებიდან, არამედ ტელევიზორებიდანაც კი გვისმენდნენ... და ჯანდაბა, გვიყურებდნენ კიდეც! აბა, ვის ვუყვარვარ და ვის არა?

ეს უკვე სიყვარულიც არ იყო, რაღაც დამთრგუნველად პერვერსიულ და იდუმალ თამაშში მოვხვდვით: თუ გიყვარვარ, მაყურებინე...

აბა, სხვანაირად როგორ!

რამდენჯერ დამიჭერია ჩემი თავი: როცა სახელმწიფოს მეთაურს ეღიმებოდა, მეც შეყვარებულივით ვიღიმოდი. უნებლიედ. ინსტინქტურად.

რადგან ჰიტლერის ბრძნული სიტყვების არ იყოს, თუკი ბელადს კარგი ღიმილი აქვს, ესე იგი, კარგი ადამიანიც უნდა იყოს. ღიმილიანთა შეყვარებას კი უფრო ადვილად შევძლებ.

მეთაურთა გაცინება და ჩემი რეფლექსიური გაღიმება ერთია (მერე კი - კომპლექსი და სირცხვილი: რატომ მეღიმება მასთან ერთად?).

ახლაც ვიღიმებით, როცა ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ხუმრობს... მნიშვნელობა არა აქვს, წარმატებულად თუ წარუმატებლად.

ჟურნალისტები (განსაკუთრებით, ისინი, ვინც პრემიერის უცნაურ და ირაციონალურ სითბოს გრძნობენ) და მისთვის მცხოვრებ-მოსაუბრე პოლიტ-მოხელეები შეყვარებული გოგო-ბიჭებივით, ექსტაზისგან სახედამანჭულები უცქერენ ხოლმე და ლამისაა კანიდან გამოძვრენ, ოღონდ კი სიყვარულის დამტკიცება შეძლონ მისთვის. ის კი, პრემიერი, აშკარად ჩანს, ჩვენდა სამწუხაროდ მაინც და მაინც ისეთებს ეპრანჭება, ვინც მის გარდა ფაქტობრივად არც არავის მოწონს; და ჩვენც, უფრო ლამაზები, უფრო ვნებიანები და ობიექტურად უფრო კარგები, საშინლად ვეჭვიანობთ (როგორც ვინმე დემჩენკოზე ეჭვიანობდნენ ჩუკოვსკი და პასტერნაკი), როცა ახალი მმართველი შეყვარებულივით სახელით მიმართავს რომელიმე შავრაზმულ-მონსტრუალური მედიის წარმომადგენელს და ანკი ქებად იღვრება ვინმე მოსულელო-ისტერიული ფავორიტ-მინისტრის მიმართ...

ნუთუ შესაძლებელია, რომ ჩვენს სატრფოს გემოვნება არ ჰქონდეს?

მაგრამ აქ სხვაგვარ პრობლემასთანაც გვაქვს საქმე: ჩვენი ახალი საყვარელი თავადაა უთავბოლოდ შეყვარებული... ოღონდ საკუთარ თავში.

შეიძლება ითქვას, რომ მისი მთავარი სატრფოც სწორედ თვითონაა. მეთაურის გულის მოგების შანსი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება, თუკი მასვე დავემსგავსებით - რადგან, ფაქტია, თუკი ვინმეს შეიყვარებს, ოდენ თავის მსგავსს.

თუმცა, საბოლოოდ, რამდენი დღიურიც არ უნდა წერო, როგორც არ უნდა ემსგავსებოდე და რამდენი ხანიც არ უნდა ელოდე უმაღლესი სატრფოს დამაიმედებელ პასუხს, დაგლეჯილი ბარათები, დაშლილი ტელეფონები და იმედგაცრუებისგან დაქუცმაცებული გულები ყოველთვის შეგახსენებენ, რომ არავინ და არაფერია მოტყუებულ შეყვარებულზე უფრო სასტიკი...

შურს აუცილებლად იძიებს.

რადგან ეს სიყვარული მალე გადის. და თან არაგულწრფელია.

ამ ღიმილთა ნდობა არ შეიძლება.

მკვდარი მირაბო სამჯერ ამოთხარა მასზე შეყვარებულმა ბრბომ.
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG