Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაწყენები და დაჩაგრულები


"მე ავადმყოფი ვარ, ჩემი დანიშვნა არ შეიძლება, პარტიაში მტენიან!" - უთქვამს შოსტაკოვიჩს თავისი მეგობრისთვის. დილამდე მასთან მჯდარა, არაყი უსვამს და უტირია. თან ვის - ერთ-ერთ ყველაზე "ჩაკეტილ" ადამიანს მთელ საბჭოთა კავშირში.

ცეკას შოსტაკოვიჩის კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ დანიშვნა განუზრახავს, ამისათვის კი მისი კომუნისტურ პარტიაში შესვლა გამხდარა საჭირო. იმ მრავალ მიზეზთა გამო კი, თუ რატომაც არ უნდოდა კომპოზიტორს პარტიაში შესვლა და საბჭოთა კომპოზოტორთა ხელმძღვანელობა, სიძულვილისა და სირცხვილის გარდა, მისი შიშიც გახლდათ: ფსიქიკურად ტრამვირებული ადამიანის მმართველად დანიშვნა არ შეიძლება...

იგივეს ამბობენ სხვებიც (ოღონდ სხვადასხვა დროს და სხვა კონტექსტში); "მე სტალინის დროს ვიცხოვრე, - ჩივის მევიოლინე დავიდ ოისტრახი, - მე ავადმყოფი ვარ, ჩემი ნდობა საშიშია". თუმცა, ბუნებრივია, ამის თქმის უნარი, როგორც წესი, პატიოსან ხალხს ჰქონდა...

ტოტალიტარული, მჩაგვრელული რეჟიმების ისტორია დაავადებულ, ფსიქიკურად სამუდამოდ დასახიჩრებულ და დასტრესილ ადამიანთა ამბავია...

კითხულობ სტალინის ან ჰიტლერის ნებისმიერ ობიექტურ ბიოგრაფიას და რწმუნდები, რომ სინამდვილეში მათი ცხოვრების ისტორიას კი არა, არამედ შეშლილობის, ავადმყოფობათა ქრონიკას ეცნობი...

როგორ უნდა ემართა კაცს ქვეყანა სამართლიანად და პერიკლესეული ჰუმანიზმით, როცა მთელი ცხოვრება ფიზიკური ტკივილი ტანჯავდა... სტალინი-ბავშვი ხუთჯერ გადაურჩა სიკვდილს: სისხლის მოწამვლამ ხელი გაუქვავა, ინფექციამ თითები შეუწება ფეხებზე, ტრამვაიმ დაარტყა, ფატალურმა ჩუტყვავილამ მთელი ცხოვრებით დაუჩორკნა სახე...

ჰო, სტკიოდა და სტკენდა...

თუმცა, როგორც შოსტაკოვიჩის კრიტიკული აღსარებიდან გამოჩნდა (შოსტაკოვიჩი კი ნამდვილად იმსახურებს ნდობას), მხოლოდ ტირანი არაა ამ მხრივ სახიფათო: საშიში ყოფილა მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი, ვინც, როგორც მეხსიერებას, საკუთარ სხეულში ატარებს სოციალურ-პოლიტიკურ სტრესებს... ღმერთმა ნუ ქნას ასეთი, თუნდაც უაღრესად სათნო, მაგრამ მორალურ-ფიზიოლოგიურად ტრამვირებული ჩაგრულის თანამდებობაზე მოხვედრა.

მაშინ გამაკვირვა, ახლა კი ვხვდები, რას გულისხმობდა ერთი ცნობილი სოციოლოგი, როცა ჯონ მაკკეინის პრეზიდენტად არჩევის წინააღმდეგი იყო. მაკკეინი გმირი გახლდათ. წლების განმავლობაში ვიეტნამელთა ტყვეობაში იყო და ვაჟკაცურად უძლებდა ფიზიკურ თუ მორალურ წამებას. სცემდნენ, კიდურებს უმტვრევდნენ, აშიმშილებდნენ, ემუქრებოდნენ, მაგრამ მან ყველაფერს გაუძლო. თუმცა ტრამვა ტრამვად დარჩა. და ამ სოციოლოგის აზრით, კაცმა არ იცის, ეს სტრესი როგორ და რა სახით გამოავლენდა თავს, თუკი ტანჯული გმირი პლანეტის ყველაზე ძლევამოსილი ქვეყნის მეთაური გახდებოდა.

რასაც ბოლო პერიოდია ვუცქერთ ჩვენს ქვეყანაში, ეს ჩაგრულთა, დასტრესილთა, შეურაცხყოფილთა, ფსიქოფიზიკურად ნაგვემთა, უღიარებელ შეშლილთა და ვითომნორმალურ არანორმალურთა შერკინებებია...

ამ დროს, სტრესგადატანილი, ნაბეგვ-გამწარებული ადამიანი შველას, დახმარებასა და თანაგრძნობას იმსახურებს და არა თანამდებობებს.

ვისაც ახსოვს, როგორ სცემეს, დაიჭირეს და რამდენი შეურაცხყოფა აყენეს მაშინ მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ, ახლა კი პოლიციის აკადემიის პრორექტორ მოჭიდავე კურტანიძეს, ახლა იმას რეალურად დიდად არც უნდა უკვირდეს, რატომაა ეს კაცი ასეთი აგრესიული... ან სიტყვით, ან საქმით. ახლა კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება რომ მისცე ამ ადამიანს, ისეთი გამწარებული და სასტიკია, შეიძლება ყველა ქუჩაზე თითო გილიოტინა ჩამოაყენოს... რომელიმე დემულენ-რობესპიერივით... ოდესღაც, ესენიც უსამართლოდ ჩაგრულები იყვნენ, ხომ არ დაგავიწყდათ! ანკი, ნატანჯ და შემდეგ გასადისტებულ ბოლშევიკთა ამბები არ გახსენდებათ? წმინდან წამებულთა ტანჯვით აქვთ ნაცხოვრები 1917 წლამდე...

რასაკვირველია, არც დეპუტატ კობა დავითაშვილს აქვს ნერვები წესრიგში. და არც ექნება - არ გახსოვთ, როგორ გაიტაცეს (კაცმა არ იცის, რისთვის) 2007 წლის 7 ნოემბერს? მაშინ ისიც და სხვებიც ფიქრობდნენ, შესაძლოა შემოკვდენოდათ კიდეც. და ეს შიში სულაც არ იყო არადამაჯერებელი - მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ორი ახალგაზრდა კაცი გაიტაცეს ოქროყანის ტყეში და აქედან ერთი (გაშიშვლებული და სხეულდასერილი) "უცაბედად" მოკვდა...

მართალია, 7 ნოემბერს გატაცებულ დავითაშვილს მამიდამ და, როგორც ჰყვებიან, იმჟამინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ უშველეს (დღემდე ყურში ჩამესმის ლამისაა ჭიშკარზე ამძვრალი ასაკოვანი ქალბატონის ხმა: "გამოუშვით, ბავშვი!"), მაგრამ თავად დეპუტატი, როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ დაისტრესა... და, სავარაუდოდ, სახიფათოც გახდა. აბა, რაღატომ ყვირის, თავებს დაგიჭეჭყავთო...

ჰო, ცუდადაა, ცუდად მოექცნენ და ახლა თავად იქცევა ცუდად. ამიტომ, პრინციპში, მათთვისაც და ჩვენთვისაც უკეთესი იქნებოდა, რომ ეს მართლაც წესიერი, უსამართლოდ ჩაგრულ-ნაცემ-შეურაცხყოფილი და აწ კი აშკარად გაავებული ადამიანები პოლიტიკაში, მით უმეტეს კი, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე არ იყვნენ.

შეიძლება ახლა თავადაც ვერ აცნობიერებდეს ამას, მაგრამ სწორედ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის გატეხილ ცხვირში ბუდობს მისი მომავალი ადმინისტრაციული სისასტიკე: ის უკვე შელანძღული და სამართლიანად გაავებული პოლიტიკოსია, რომელსაც მომავალში ძალიან გაუჭირდება ობიექტურ პოლიტიკოსად დარჩენა.

დასტრესილია ჩვენი პრეზიდენტიც. ჯერ მარტო ომი რად ღირდა. როგორ შეიძლება მოთხოვო მშვიდი და სამართლიანი მმართველობის უზრუნველყოფა ადამიანს, რომელსაც სავსებით რეალისტური ეჭვი ჰქონდა, რომ მისი აფეთქება უნდოდათ. ვისაც ახსოვს, რა უბედური იყო (და ჩვენც მასთან ერთად), როცა გორის მიწაზე განრთხმული ელოდა რუსული გამანადგურებლების ბომბებს, იმას არ უნდა გაუკვირდეს, რატომაა ჩვენი ქვეყნის მმართველი მუდმივი საგანგაშო ისტერიკის ზღვარზე.

გასული წელი პრემიერ-მინისტრისთვისაც სტრესული იყო (სხვა წლებზე ვერ მოგახსენებთ, არ ჩანდა) და, ვშიშობ, განვლილი პერიოდის მცირე თუ დიდმა ემოციურმა ტრამვებმა რაიმენაირად ისევ ჩვენზე, მოქალაქეებზე, არ ჰპოვოს ასახვა. რა არ უქნეს: არ მისცეს ქართული პასპორტი, დაუყადაღეს და გაუნადგურეს ქონება, უმადურად ლანძღეს და ცილი სწამეს... მაგრამ, პრინციპში, პასუხიც მიიღეს ამაზე. არჩევნების შედეგების სახით. ჰოდა, ახლა, როგორც თავადვე იტყოდა, ყველაზე საინტერესო ისაა, გააბოროტებს თუ არა (ან რამდენად გააბოროტებს) განცდილ-გადატანილი სტრესი!

ამ ბოლო დროს სულ შოსტაკოვიჩის სიტყვები მახსენდება: "მე ნაწყენი და დაჩაგრული კაცი ვარ, ეს კი ავადმყოფობაა... ძალიან გამიჭირდება, ცუდი არ ვიყო".
  • 16x9 Image

    ლაშა ბუღაძე

    ლაშა ბუღაძე არის რადიო თავისუფლების ბლოგერი 2010 წლიდან.

XS
SM
MD
LG